ბოლო კადრი, ბაბილინა სანამ ცოცხალი იყო: სამსახურიდან ვბრუნდები, მამაჩემის ნათლიის სახლის წინ, მეც რომ მთელი ცხოვრება თინა ბუდას ვეძახდი, სხედან ჩემი მარადიული ბაბილინა და თინა ბუდა: საოცრად ლამაზი მოხუცები: უკან შეკრული თეთრად დათოვლილი თმით, დიდჯიბეებიანი წინსაფრით და სანელებლების სუნიანი ხელებით…
მახსოვს თინა ბუდას ეზო: მოქარგული, მოკალმული. მხოლოდ აქ თუ ნახავდით ათასნაირ ყვავილს, მწვანე, ხასხასა კოინდარს… კოპწია ორსართულიანი სახლიც ეზოსავით სუფთა და ლამაზი იყო და ამ სახლის დიასახლისი: მაღალი, წლებვერდატყობილი თინა ბუდა, საოცრად ლამაზი ჭაღარა, დატალღული თმით, მაღალი ყელით, ლამაზი, შუქიანი თვალებით… ზედმეტად გაცინებული არ მახსოვს, არც გაბრაზებული, არც გაგჭორავდა, არც გაგკიცხავდა, შექებაც ისეთი იცოდა – გაგათბობდა…
აღარაა ჩემი მარადიული თინა ბუდა. გული ჩამწყდა… ჩემი ბავშვობა გაიყოლა თან და თანაც სამუდამოდ…
ნათელში იყავი, ჩემო თინა ბუდა. იქით წასულებთან მოკითხვას გაბარებ. სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა…
ნინიკო მშვიდობაძე


