სიხარულიძის ბევრი სიხარული: „გურიას“ ლეგენდა, რომელმაც არ ითაკილა მინდვრის მოვლაც, სადაც ოდესღაც გადამწყვეტ გოლებს იტანდა და დიდ გამარჯვებებს ჭედავდა!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ბეგი სიხარულიძე და ტაბლო, რომელიც ყველზე დიდ გამარჯვებას ასახავს

არიან ადამიანები, რომელთა სახელიც მხოლოდ ისტორიაში არ რჩება _ ისინი თავად იქცევიან ისტორიად. ბეგი სიხარულიძე სწორედ ასეთი ადამიანია „გურიასთვის“, ლანჩხუთისთვის და ქართული ფეხბურთისთვის.

მან ბევრი სიხარული მოუტანა საკუთარ ქალაქს, კლუბს და ქვეყანას…

მისი ცხოვრება უბრალო ფეხბურთელის გზას არ ჰგავს. ეს არის ისტორია ერთგულებაზე, თავდადებასა და იმ იშვიათ სიყვარულზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ კლუბს უძღვნის.

ბეგი სიხარულიძე იყო ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ თამაშით არ იმახსოვრებდა თავს _ იგი იგებდა მატჩებს, იტანდა გადამწყვეტ გოლებს და გულშემატკივარს აძლევდა იმ სიხარულს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

მისი ყოველი გამოსვლა მოედანზე იყო ბრძოლა, მისი ყოველი გოლი _ პატარა დღესასწაული.

მაგრამ მისი ლეგენდა აქ არ სრულდება…

როგორც მწვრთნელმა, მან შეუძლებელი შეძლო: 1986 წელს, „გურიას“ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა _ პატარა ქალაქის გუნდმა, სადაც სულ რაღაც 10 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

ეს არ იყო უბრალოდ სპორტული წარმატება _ ეს იყო სასწაული, რომელსაც ქმნიან ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან საზღვრებს.

ამ წარმატების შემდეგ, „გურია“ დაუპირისპირდა ქალაქებს, სადაც მინიმუმ მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და იგი იდგა იმავე მოედანზე _ ღირსეულად, თამამად და შეუდრეკლად.

როცა საჭიროდ ჩათვალა, ბეგი სიხარულიძემ გააკეთა ის, რასაც მხოლოდ დიდი ადამიანები ახერხებენ: ადგილი სხვას დაუთმო…

ბევრს იცნობთ, ასეთი ტრიუმფის შემდეგ, თავისით გვერდით რომ გაიწევდა?

არა, ეს მხოლოდ ბეგი სიხარულიძის მსგავს ადამიანებს შეუძლიათ…

ესაა თავმდაბლობა, რომელიც დიდებას უფრო ამაღლებს.

მეორე სასწაული მან უკვე ქართულ რეალობაში მოახდინა. „გურია“, რომელსაც პირველი წრის შემდეგ, მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა, ბევრისთვის უკვე განწირული ჩანდა…

მაგრამ არა მისთვის. მან დაინახა იმედი იქ, სადაც სხვები გადარჩენის გზას ვერ ხედავდნენ და მეორე წრეში ჩაბარებული გუნდი უმაღლეს ლიგაში დატოვა.

ეს არ იყო მხოლოდ ტაქტიკა ან სპორტული ცოდნა, არც მხოლოდ შეუპოვარი ხასიათი, ეს იყო დიდი სიყვარული, რომელიც სასწაულს გაგაკეთებინებს.

და მაინც: ყველაზე დიდი, რაც ბეგი სიხარულიძეს ლეგენდად აქცევს, არის არა  ტიტულები და გამარჯვებები, არამედ მისი ადამიანობა.

როცა ამ საოცარ ადამიანს ესაუბრები, ვერც კი იფიქრებთ, რომ თქვენს წინაშე ლეგენდა დგას და მისმა გოლებმა „გურიას“ ტიტულები, ხოლო სტრატეგიამ _ სენსაციური წარმატებები მოუტანა…

ლანჩხუთში იგი ადამიანობის ეტალონად იქცა.

ბოლომდე ერთგული დარჩა კლუბის, რომელსაც დიდება მოუტანა.

და პირიქითაც: ამ კლუბმა დიდება მოუტანა მას _ ყველაზე ერთგულს, ყველაზე მოსიყვარულეს, ყველაზე ნაღდს!

როცა დიდების შემდეგ ბევრი სხვა გზას აირჩევდა, მან კლუბის რიგით თანამშრომლად დარჩენა ისურვა…

იგი მაინც სტადიონზე იყო. იმ სტადიონზე, სადაც ათწლეულების მანძილზე, როგორც გმირს, ისე ხვდებოდნენ და ათასები ტაშს უკრავდნენ…

ის კი უბრალო თანამშრომლად მუშაობდა. ყველაზე რთულ დროს, როცა ბევრმა მიატოვა კრიზისში მყოფი გუნდი, ლეგენდა ისევ იქ გაჩნდა!

ვერავინ კადრებდა, მაგრამ თავად არ თაკილობდა: უვლიდა, ცელავდა, ხაზავდა მინდორს _ იმ მინდორს, სადაც ოდესღაც გამარჯვების გოლებს იტანდა და დიდ გამარჯვებებს ჭედავდა.

ეს არის სიყვარულის ფანტასტიკური ფორმა.

ამიტომაც, ბეგი სიხარულიძე არ არის მხოლოდ ლეგენდარული ფეხბურთელი ან მხოლოდ განსაკუთრებული მწვრთნელი. ის არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ერთგული, თავმდაბალი და ნამდვილი.

ადამიანი, რომელიც ქალაქის სიამაყეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოიგო, არამედ იმიტომ, რომ იგი დიდი წარმატებების შემდეგაც კი დარჩა უბრალო ბეგი სიხარულიძედ.

გაისად 80 წლის ხდება და გვინდა იუბილესთან ერთად, იმ დროს იმ გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება მივულოცოთ, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა!

მისი სახელი კი, საუკუნეებს გაუძლებს ლანჩხუთელთა გულებში და იმ რწმენაში, რომ ნამდვილი ლეგენდები არასოდეს ქრებიან…

მამუკა ქანთარია