„[სავარაუდოდ] სია არსებობდა და კიდევ რამდენიმე პირი უნდა მოეკლაო…“ _ გურიაში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო, ადგილობრივები შეშინებულები არიან

|

Loading

გურიაში 23 წლის ბიჭმა მეზობელი მოკლა

გურიაში 25 მარტს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის გ. ჩ.-ს ოზურგეთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას გამოძიება მეზობლის განზრახ მკვლელობას ედავება.

„ტვ-პირველის“ ცნობით, მოკლული კაცის ნათესავები ამბობენ, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა.

„სოფელ კონჭკათში ხალხი შეშინებულია – ამბობენ, რომ ღამით სახლიდან ვეღარ გადიან. ადგილობრივი მოსახლეობა ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. ცნობილია, რომ ექსპეტიზაზე დაკავებულის კომპიუტერი და ტელეფონია გადატანილი. გამოძიებამ სწორედ ბრალდებულის ტექნიკის გამოკვლევით უნდა დაადგინოს,  რამდენად მასშტაბურია (სავარაუდოდ, კომპიუტერიული თამაშის) ვირტუალური ქსელი, რომლის ერთ-ერთი თანამონაწილეც, სავარაუდოდ, 23 წლის ახალგაზრდა იყო _ წერს გამოცემა.

„ამ ბავშვის სახლში სისხლი რომ არ ენახათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გიორგიმ ქნა. მანიაკის მოკლული ეგონათ ისიც და ესეც. ამასაც ეძებდნენ. მშობლებმა რომ აღმოჩინეს, რომ სახლში არ იყო, მერე განგაში იყო. მამა გარდაცვლილის ოჯახში იყო, დედამ თქვა, გიორგი არ არის სახლშიო, სოფელს მოუხმეს, ეძებეს მერე. გარდაცვლილმაც მოასწრო თქმა მეუღლისთვის, გიორგი იყო და მეუღლესაც დანანახი ჰყავს. პოლიციამ რაღაც რომ წაიღო, მაგის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი ჰქონდაო. სია არსებობდა, რომ რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო. იმ ღამესვე უნდა მოეკლა ისინიცო. ის თამაშები რომ იყო ადრე, ხომ შეწყდა, ახლა გაგრძელდა და იმ თამაშს იყო აყოლილიო. იცი, როგორ შეშინებული ვართ ყველა? ღამე გარეთ კი ვერ გამოვდივართ“ – უყვება „ტვ-პირველს“ ადგილობრივი.

ასევე წაიკითხეთ: გურიაში მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, კომპიუტერულ თამაშს უკავშირდებოდეს _ რა მოხდა ერთ-ერთ სოფელში და რას ამბობს ბრალდებულის მამა?