„რამდენიმე საათი დაგრჩა, შენს მონატრებულ სახლში, შენს მონატრებულ ახლობლებთან და გულში ჩაგიკრავს მშობლიური ნიგოითის მიწა“ _ ლელა ჩახვაძე საფრანგეთში გარდაცვლილ ლანჩხუთელ ახალგაზრდას ემშვიდობება

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ბაჩო ხვედელიძე და ლელა ჩახვაძე

„შემოიპარა, ალბათ, ახლა ალიონი გურიის მთებში ისე, როგორც ზუსტად ამ დროს, აქ საფრანგეთში შემოიპარა სიკვდილი შენს სასთუმალთან. რამდენიმე საათი დაგრჩა, შენს მონატრებულ სახლში, შენს მონატრებულ ახლობლებთან და გულში ჩაგიკრავს მშობლიური ნიგოითის მიწა, ჩვენო დაუვიწყარო სიყვარულო, რეიმსში უპირველესო გულშემატკივარო, ჩვენი ოჯახის, ახლა კი გულისმომკვლელო შვილო – ბაჩო…“ _ ასე ემშვიდობება საფრანგეთში გარდაცვლილ ლანჩხუთელ ახალგაზრდას,ბაჩო ხვედელიძეს მისი თანაქალაქელი  პოლიტიკოსი ლელა ჩახვაძე, რომელიც წლებია, ემიგრაციაში იმყოფება.

იგი ბაჩოს დედას მიმართავს: „აზა, შენ იყავი დედა, რომელიც შეუძლებელს აკეთებდი შენი ბაჩოსთვის და გყავდა საამაყო შვილი, ამიტომ უნდა გამაგრდე, ბაჩოს დედას სხვანაირად არ ეკადრება. შენ, ჩვენო ბიჭო, იქ მამა დაგხვდება და გაგიადვილებს უცნობ სავალ გზებს. აქედან კი ჩვენი ანთებული სანთლები გაგინათებენ მარადიულის წყვდიადს, უფლის შეწევნით. შეხვედრამდე,  ჩემო ბაჩო-ლევანი. სიტყვები ვერ გამოხატავს, რაც ჩემს გულში და გონებაშია ახლა“ _ წერს პოლიტიკოსი.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, 35 წლის ბაჩო ხვედელიძე საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ, მოულოდნელად, 20 იანვარს ძილში ინსულტი მოუვიდა და სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა.

მაშინ ლელა ჩახვაძე წერდა: „რეიმსის ქართველების კოლორიტი, იუმორის დიდოსტატი, სიკეთის და სიყვარულის ბიჭი, ჩვენი  ბაჩო, როგორი სათქმელია, რომ აღარა გვყავს. ეს ელდა ჯერაც ვერ გავაცნობიერე. უმძმესი ღამე გადავიტანეთ, მხოლოდ ის შევძელით, შენი ცად გაფრენისას, შენს გვერდით ვყოფილიყავით, ჩემი ოჯახის უძვირფასესო და უსაყვარლესო შვილო, ბაჩო. აზა, მხოლოდ გამძლეობა და მხნეობა შემიძლია გისურვო, ახლაც ძალიან ჭირდები შენს ერთ ვაჟკაცს, სამშობლოში შენი დასაბრუნებელია. თანაგიგრძნობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ჩვენი ღიმილა ბიჭი. შენ კი, მშვიდობით არა, ნახვამდის, ჩემო ბაჩო“.

ბაჩო და მისი დედა რომ ყველას უყვარდა ქალაქ რეიმსში, სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარებიდანაც ჩანს:

„ენით არ გადმოიცემა ის მწუხარება და დიდი გულისტკივილი, რასაც ყველა რეიმსელი ქართველები და არა მარტო ქართველები განვიცდით აზას თავსდატეხილ უბედურებას. ქალი, რომელმაც რკინის ქალამნები ჩაიცვა და უცხოეთში ჩამოვიდა, რომ თავისი კეთილი, ყველასათვის საყვარელი შვილი ოჯახის სამოძირო გადაერჩინა. ქალი – დედა და ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, გვერდით დამდგომი და იმედი იყო, არ დაინდო განგებამ და წაართვა თავისი ნალოლიავები საფიცარი მამით ობოლი, დედის იმედი ვაჟკაცი. დაუნდობელია წუთისოფელი, გამძლეობა გქონდეს, ჩვენო აზა. უნდა იცოცხლო, მართალია დიდი ტკივილით, მაგრამ ბაჩოს ისევ სჭირდები, რომ მისი სახელი და სული უკვდავყო“ _  წერს სოციალურ ქსელში მანანა ტვილდიანი და მადლობას უხდის ლელა ჩახვაძეს, რომელიც საფრანგეთში ქართველების გვერდში მდგომი და ჭირისუფალია: „ლელა, იხარე და იჯანმრთელე, ბედნიერი თვალმშრალი დედა-ბებო და ქალი გამყოფოს უფალმა აზას გვერდით დგომისა და გამხნევებისათვის. შენ ყველას იმედი ხარ“.

ნანული ბეღელური-ანდღულაძეს ცოტა ხნის წინ ასევე საფრანგეთში სამკურნალოდ მყოფი შვილი დაეღუპა: „ნათელი შენ ლამაზ სულს. მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემ ელგუჯას გაუკეთეთ ქართველებმა, თქვენ იყავით იქ მისი ოჯახი, რომლებმაც ჩვენი მაგივრობა გაუწიეთ გუჯოს ბოლომდე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,  თქვენ კი, შვილებო, სანთელი და ნათელი არ მოგკლებოდეთ“ _ წერს შვილმკვდარი დედა.

ბაჩო ხვედელიძე დღეს მშობლიურ ნიგოითში დაკრძალეს.

ასევე წაიკითხეთ:

„არ გამაღვიძოთ ამ კოშმარული სიზმრიდან… ძმა რომ მყოლოდა, შენზე მეტად, უბრალოდ, ვერ მეყვარებოდა… კიდევ ერთი წესიერი, უბოროტო, საუკეთესო ბიჭი დააკლდა ლანჩხუთს“

„დღეს გაგაცილეთ სამშობლოში და პირნათლად შევასრულე დანაპირები შენს გამწარებულ დედასა და  მეუღლესთან…“ _ ლელა ჩახვაძე ლანჩხუთელი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ წერს