ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ყოფილი უნივერმაღის შენობის სარდაფში მდებარე ყვავილებისა და სასაჩუქრე ნივთების მაღაზიის ქურდობის ფაქტზე 18 წლის ბიჭი დააკავეს. მას ბრალად ედება, რომ ღამის საათებში შეაღწია მაღაზიაში და დისტრიბუციისთვის განკუთვნილ თანხას, დაახლოებით 30 ათასი ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
ამსი შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ქურდობის შედეგად დაუფლებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს”,_ აღნიშნულია განცხადებაში.




