სანამ გმირებად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ… ცელქობდნენ, ზოგჯერ გაკვეთილებს აცდენდნენ, ალბათ, მშობლებსაც აბრაზებდნენ. უყვარდათ, ოცნებობდნენ და საკუთარ მომავალს გეგმავდნენ…
… 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი გურიიდან _ ოზურგეთელი ზაზა დამენია. 16 აგვისტოს, „კომანდოს“ ბატალიონის კაპრალმა თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა, ზაზა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი ჯარისკაცი გადაარჩინა. ლანჩხუთელი კაპრალი გიორგი ლომაძე მე-13 „შავნაბადას“ მსუბუქი ქვეითი ბატალიონიდან, 19 აგვისტოს, წვერიახოს მთაზე (ცხინვალის რეგიონი) დაიღუპა.
… 7 აგვისტოს დაწყებული შეტაკებები 2 კვირის მანძილზე პერმანენტულად გრძელდებოდა. ქართული პოლიციის მხრიდან ერგნეთის ბაზრობის დახურვის საპასუხოდ ოსმა სეპარატისტებმა რუსეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის აღმოსავლეთით შემოვლითი გზების აღდგენა დაიწყო და ლიახვის ხეობების მიმართულებით პატრულირებას შეუდგა. 7 აგვისტოს ქართველმა სამშვიდობოებმა რუსული სამხედრო ავტოკოლონა დააკავეს. მეორე დღეს ოსურმა ფორმირებებმა ქართველი პოლიციელები ტყვედ აიყვანეს, შემდგომ კი ტელეკამერების წინ სახალხოდ დაამცირეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა, არტილერია და სამხედროები შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ კი ცხინვალის რეგიონში გადაადგილდებოდა. ბრძოლები უმეტესად სტრატეგიული სიმააღლეების და შემოვლითი გზების დასაკავებლად იმართებოდა, ქართველ ჯარისკაცებსა და რუსულ-ოსურ ფორმირებებს შორის შეტაკებებს რეგულარული სახე მიეცა.

ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის რაიონში 19 აგვისტოს გაიმართა. იმავე დღეს წვერიახოს მთაზე „სნაიპერის“ ტყვიამ იმსხვერპლა გიორგი ლომაძე…
საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა შსს-ს და თავდაცვის სამინსიტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა (კოჯრის ბრიგადა, ატც, გულუა), შავნაბადას ბატალიონმა, კომანდომ და შინაგანი ჯარის ნაწილებმა მიიღეს. ტანკები და მძიმე არტილერია ქართულ მხარეს არ გამოუყენებია, რასაც ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგეზე. არც სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს და შვეულმფრენებს განუხორციელებიათ საბრძოლო გაფრენა.
სამაჩაბლოს 2004 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სახელობითი სია:
რიგითი ჯიმშერ სამხარაძე, უმცროსი სერჟანტი ნოდარ გველუკაშვილი (ორივე შინაგანი ჯარი), კაპრალი გიორგი ლომაძე (შავნაბადა), კაპრალი იგორ ტყემალაძე, კაპრალი გიორგი ბეგაშვილი, უფროსი ლეიტენანტი თეიმურაზ არათანაშვილი, კაპრალი ზაზა დამენია, კაპრალი კობა შუბითიძე (ყველა კომანდო), კაპრალი გიორგი ქარქია, კაპრალი რევაზ ვეფხვაძე, კაპრალი ბონდო კახოიძე, კაპრალი ვიქტორ ოვსიანიკოვი, კაპრალი კობა კერვალიშვილი, უმცროსი სერჯანტი დავით შიომდღვლიშვილი (ყველა თელავის 111-ე ბატალიონი), მერაბ ფილიშვილი, ლაშა კაკულია (ორივე შსს).
2017 წლიდან გიორგი ლომაძის სახელს ატარებს მშობლიური ლესის საჯარო სკოლა.
„ვცხოვრობთ ტკივილში, ცრემლებში, მოგონებებში და ველოდებით იმ დღის დადგომას, როცა ერთად ვიქნებით. ჩაგიკრავ გულში და მოგეფერები ისე, როგორც ბავშვობაში იცოდი. ჩვენო საფიცარო, საამაყო გიორგი, როგორ მენატრები, რა მწარეა უშენობა, მიკვირს, როგორ გავძელი ამდენი წელი უშენოდ, შვილო. ჩვენმა ლოცვამ და დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა მარადიულ სასუფეველში“ _ ასე იხსენებს დედა თავის გმირ შვილს.
წვერიახოს ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა…





