დღეს ჩვენც „პლუსელები“ ვართ! – 25 წლის წინ, დაწყებული დიდი ისტორია: გაზეთი „სიყვითლისა“ და „ყვირილის“ გარეშე და გავლენა ლანჩხუთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „ლანჩხუთი plus“-ის ლოგო და თანამშრომლები

შარშან ამ დროს, გურულად ვიჩქარეთ და ერთი წლით ადრე მივულოცეთ, წელს კი, საგაზეთო დღეების გამო, ერთი დღით ვასწრებთ მოვლენებს _ ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ, 1995 წლის 23 იანვარს, ლანჩხუთში დაიბადა პირველი დამოუკიდებელი გაზეთი _ „ლანჩხუთი პლუსი“. ამ გაზეთს და მის მესვეურებს სულ რომ არაფერი გაეკეთებინათ, ისტორიაში მაინც შევიდოდნენ, როგორც ლანჩხუთში თავისუფალი მედიის მედროშეები. თამამად შეგვიძლია ეს თარიღი სხვა გაზეთებმაც ჩვენად მივიჩნიოთ, რამეთუ 25 წლის წინ დადებულმა პირველმა აგურმა გახადა ლანჩხუთის მედია ქვეყანაში გამორჩეული _ საქართველოს არცერთ ქალაქში თბილისის გარდა არ გამოდის ერთდროულად ოთხი დამოუკიდებელი გაზეთი!

ეჭვგარეშეა, „ლანჩხუთი პლუსმა“ განაპირობა ძირძველი „ლანჩხუთის მოამბეს“ გამოცოცხლება,  თანამედროვე რელსებზე გადასვლა და კონკურენციაში ჩართვა, გაუწია რეკლამა საგაზეთო საქმეს და მის მაგალითზე შეიქმნა უდავოდ წარმატებული „ჰო და არა“ და აგერ უკვე თითქმის სამი წელია, გამოდის ჩვენი გაზეთი _ „გურია თუდეი“.

„ჩემს ლანჩხუთელებს ვეუბნები, ამდენი გაზეთის საკმაოდ სოლიდურ ტირაჟებს რომ ისრუტავენ, თანაც ასეთი გაჭირვების დროს, რა მეთქმის გარდა მადლობისა, ქებისა და დიდებისა, რამდენჯერ უნდა დამანახვონ და დამიდასტურონ, რომ გურიაში და კონკრეტულად ლანჩხუთში მოაზროვნე, კითხვის მოყვარული და საერთოდ ძალიან ავ-კარგიანი ადამიანები ცხოვრობენ. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ მეოთხედი საუკუნეა „ლანჩხუთი პლუს~-ს ყიდულობენ, იწერენ, გვეხმიანებიან, ფარხმლის დაყრის უფლებას არ გვაძლევენ. ვინ წარმოიდგენდა იმ ისტორიულ 1995 წელში, რომ ეს პატარა რაიონი, ახლა მუნიციპალიტეტს რომ უწოდებენ, სულ მალე საგაზეთო ბუმის არეალი გახდებოდა? _ წერს ერთ-ერთ წერილში ქეთევან ნაკაშიძე.

სწორედ მისი ოჯახია ლანჩხუთში დამოუკიდებელი მედიის დამაარსებელი _ უდავოდ ნიჭიერმა ზაზა ნაკაშიძემ მშობლებსა და მეგობრებთან ერთად შექმნა გაზეთი, რომლიც უმალ შეიყვარა მკითხველმა. ამაში განუზომელი და განსაკუთრებულია გაზეთის მთავარი რედაქტორის, ქეთევან ნაკაშიძის წვლილი _ გამოცდილმა ჟურნალისტმა ირგვლივ შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები და ის პროდუქტი შექმნა, რომელმაც დროს, საგაზეთო ბაზრის დიდ კონკურენციასა და ამავე ბაზრის ეკონომიკურ კრიზისებს  25 წლის მანძილზე ისე გაუძლო, რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია მკითხველის თვალში.

ზემოთ ვახსენეთ, „ლანჩხუთი პლუსს“ ამ ხნის მანძილზე სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, მაინც ისტორიაში შევიდოდაო, თუმცა გაკეთებითაც ბევრი გააკეთა და წლების მანძილზე ეს გაზეთი და მისი მთავარი რედაქტორი ლანჩხუთის ცხოვრების დღის წესრიგზეც ახდენდნენ გავლენას. ამ ხნის მანძილზე, გაზეთმა არაერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია განაპირობა, ასობით ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი და უწილადა სულიერი საზრდო… ამიტომაც რჩება ის ლანჩხუთის ძალიან მკაცრ საგაზეთო ბაზარზე მეოთხედი საუკუნეა.

„ლანჩხუთი პლუსი“ მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება თანამედროვე მედიასტანდარტისა და მედიაბაზრის ყველაფერი გაგეგებოდეს, მაგრამ დარჩე „ძველ დროში“. ვინც იცნობს ქეთევან ნაკაშიძეს და მის გუნდს, გეცოდინებათ, „ძველ დროში“ ჩარჩენილები კი არა, დროს იქით უსწრებენ, მაგრამ უბრალოდ, ქეთევან ნაკაშიძე იმ პრინციპების ერთგულია, რომლითაც „ძველ დროში“ _ 25 წლის წინ დაიწყო საქმიანობა: უარს ამბობს სკანდალებზე, მყვირალა სათაურებსა და მსგავს რაღაცებზე, რაც დღეს გაზეთის გაყიდვას უწყობს ხელს! მისთვის გაზეთი ფულის საკეთებელი ბიზნესი არასდროს ყოფილა და ამიტომაც კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ მეოთხედი საუკუნეა, იმ პროდუქტს ქმნის, რომელიც „ყვირილისა“ და „სიყვითლის“ გარეშე ინარჩუნებს მკითხველს.

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-ქარდი | ქეთევან ნაკაშიძე, „ლანჩხუთი plus“-25

„ლანჩხუთი პლუსსა“ და მის მესვეურებს სხვა კუთხითაც ეკუთვნით მადლობა _ რედაქცია ლანჩხუთში ყოველთვის იყო საჯარო მოხელეთა სამჭედლო _ აქედან ადამიანები ხვდებიან გამგეობა/მერია-საკრებულოებში, ა(ა)იპებ-სა თუ საჯარო სამსახურებში, თან უმეტესად მაღალ თანამდებებზე.

„არაერთმა ლანჩხუთელმა ახალგაზრდამ გადადგა ჩვენს რედაქციაში თავისი პირველი შრომითი ნაბიჯები და იმედია, ისინი ცუდად არ იგონებენ იმ წლებს, მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველმა მათგანმა წარმატებული კარიერა გაიკეთა და საზოგადოების ღირსეული წევრები გახდნენ. მეშინია ვინმე არ გამომრჩეს, მაგრამ მაინც გაგახსენებთ ზოგიერთ მათგანს: ჩვენი პირველი პოლიტიკური მიმომხილველი ხვიჩა სტეფანია, ამჟამად სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე დიტო ტიკარაძე, სახელმწიფო მოხელეები ნათია ურუშაძე, ელიკო იმნაძე, დარეჯან ბურჭულაძე, მანანა ჯაფარიძე, კესო მახარაძე, ზვიად ნაკაიძე, ბაჩანა კვაჭაძე, თბილისში „გაქცეული~ თამაზ იმნაიშვილი, პროფესიით ჟურნალისტი და მოწოდებით შვილების დედა, ნესტან დოლიძე, ასევე მარიკა თურნავა, სოფო ჩხაიძე, მხატვრები ნარიტა ურატაძე და თამრიკო ჩხაიძე, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს, როგორც ინგა გვარჯალაძე. გულწრფელი სინანულით ვიგონებ გია ქურიძეს, ნიჭიერ რეჟისორს, მსახიობს, კალმოსანს. ასევე ჭეშმარიტ ინტელიგენტს, განუმეორებელ პიროვნებას, ლევან შალიკაშვილს, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

ჩვენი სიმდიდრეა მოქალაქე ჟურნალისტები: სოსო კვაჭაძე, ზოია ტუღუში, ამალია ხუხუა, მაყვალა გვარჯალაძე. განსვენებული გულნაზი ფირცხალაიშვილი და სოსო ბილიხოძე, ენვერ გოგუაძე ოზურგეთიდან ქმნიდნენ გაზეთის ისტორიას.

განსაკუთრებული მადლიერებით ვიგონებ ქალბატონ თამარ დოლიძეს, რომელმაც პატივი დაგვდო და არაერთი საინტერესო პუბლიკაციის ავტორი გახდა ჩვენთვის.

ჩვენი გაზეთის პირველი დამტარებელი იყო არაჩვეულებრივი ქალბატონი, თეატრის მსახიობი და უბადლო იუმორის მქონე თამარ ნარსია. დიდი ამაგი დაგვდო ქალბატონმა ზექია ჯორბენაძემ, კავშირგაბმულობის დამსახურებულმა მუშაკმა, ჩიბათელმა ნოდარ იმნაძემ და რომელი ერთი მოვიგონო _ წერდა ორი წლის წინ, გაზეთის „ოქროს“ დაბადების დღისადმი მიძღვნილ წერილში ქეთევან ნაკაშიძე.

„ლანჩხუთი პლუსს“ თბილ სიტყვებს უძღვნის ჩვენი საამაყო პოეტი ჯემალ დობორჯგინიძე, რომელიც გაზეთის აქტიური ავტორია:

„ეს ერთ-ერთი ძვირფასი გაზეთია რაიონში. საინტერესოა მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობით, რომელსაც უძღვება კვალიფიციური ჟურნალისტი ქეთევან ელიაშვილი-ნაკაშიძე. ჰყავს საინტერესო კორესპონდენტები, აქტიური მკითხველები. გაზეთი საინტერესოდ წერს პოლიტიკურ, სპორტულ, კულტურულ თემებზე და არ ივიწყებს სოფლის მეურნეობას. კარგი იქნება, თუ ყველას ოჯახში იქნება ეს გაზეთი. პოეტი მადლობას უხდის რედაქტორს, თავისი შემოქმედების ხშირად გამოქვეყნებისა და დაფასებისათვის. გაზეთს კი მეტ ხელმომწერებსა და ტირაჟის მომატებას ვუსურვებ _ ამ სიტყვებით მიულოცა მამათელმა პოეტმა რედაქციას „ოქროს“ დაბადების დღე.

რა თქმა უნდა, ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, ვულოცავთ გაზეთის 25 წლის იუბილეს ჩვენს კოლეგებს, განსაკუთრებით „ლანჩხუთი პლუსის“ მთავარ მოამაგეებს: ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს და მის მეუღლეს _ ჩვეულებრივ გურულზე მეტად ფიცხ, მაგრამ ძალიან ალალი გულის მქონე ჩვენს უფროს მეგობარს _ ბატონ ჯეირან ნაკაშიძეს. ვისურვებდით, გაზეთის 50 წლის იუბილეც მოგველოცოს და გპირდებით, მაშინ მთელ ნომერს თქვენ მოგიძღვნით. ამით უფრო ჩვენს გაზეთ „გურია თუდეის“ ვლოცავთ, თორემ „ლანჩხუთი პლუსმა“ უკვე დაამტკიცა, რომ ლანჩხუთის მკაცრ საგაზეთო ბაზარს ის ამაყად უძლებს!

მრავალჟამიერ!