დღეს, მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას ლიდერების მატჩი იპყრობდა, რომელშიც „იბერია 2010“ „გურიას“ მასპინძლობდა.
ორივე გუნდს მოგება მოგება შემჭიდროებულ ცხრილში წინ გასაჭრელადაც სჭირდებოდა და ფსიქოლოგიური კუთხითაც _ ბოლო დროს გურულები არასტაბილურად თამაშობენ (5 შეხვედრაში 8 ქულა) და წინა ტურში დედაქალაქელებმაც წაიფორხილეს (1:2 „გაგრასთან“) და მათ განწყობას უკვე გავარდნილ „მაჭახელასთან“ 10:0-ები ნამდვილად ვერ უშველიდა.
თუმცა ინტრიგა, ფაქტობრივად, პირველ ნახევარ საათში მოკვდა _ ამ დროში თბილისელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და როგორც გამოჩნდა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მოიპოვეს. „გურიამ“, რომელიც პირველ წრეში ლამის გოლს არ უშვებდა, ბოლო 5 შეხვედრაში 10-ჯერ გამოიტანა ბურთი კარის ბადიდან.
ახლა „იბერია 2010“-ს 43 ქულა აქვს, ხოლო „გურიას“ და „ივერიას“ – 41-41. ხაშურელები ცხრილში უფრო ზემოთ ურთიერთშეხვედრებში სტუმრად (1:0, 1:2) გატანილი გოლის წყალობით არიან. თავისი შეხვედრა წააგო „ალგეთმა“, თორემ 3 გუნდი იქნებოდა 41-ქულიანი. თუმცა რა თქმა უნდა, მარნეულელთა ჩამოწერა არ შეიძლება და გადასვლისთვის იბრძოლებს „სქურიც“, რომელიც „ივერიას“ სტუმრად უგებდა, მაგრამ 1:2 წააგო.

სატურნირო მდგომარეობა 20 ტურის შემდეგ
უფრო მაგარი „ქამბექი“ ოზურგეთში დაფიქსრდა _ „მერცხალმა“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო და კიდევ კარგი, გაგრელებმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს, თორემ 3:0 ფსიქოლოგიურად მძიმე იქნებოდა.
მეორე ტაიმში სულ სხვა „მერცხალი“ ვიხილეთ _ 38 წუთში გურულებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს: დუბლი ნოდარ მაჭავარიანმა შეასრულა, თითო დავით ბოლქვაძემ და ნიკოლოზ მარშანიშვილმა გაიტანეს. 4:2 და „მერცხალმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
გურიის მთავარი ქალაქის გუნდს ლიგაში დარჩენა ჯერ განაღდებული არ აქვს და მომდევნო ტურში, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება, „იბერია 2010“-თანაც მოგებას ეცდებიან. თუ შეძლებენ, „გურიას“ საქმესაც გააკეთებენ _ ლანჩხუთელები იმავე დღეს, წყალტუბოში „სამგურალი-2“-ს ესტუმრებიან.
17.09.2025 | თბილისი, ოლიმპიური კომპლექსი | იბერია 2010 2:0 გურია
1:0 გაბელია (19), 2:0 ასლანიშვილი (30)
გურია: შაფათავა (34. ხვედელიძე), ვარდიაშვილი, ხაჭაპურიძე, შანიძე, შარვაძე, ბახია, კოკაია (69. სულაძე), ზაქარაშვილი, გოგიჩაიშვილი, შარაშენიძე (42. შალიკაშვილი), წილოსანი (69. კერხანოჩიევი)
17.09.2025 | ოზურგეთი, „მეგობრობა“ | მერცხალი 4:2 გაგრა-2
0:1 გოგოლაძე (38), 0:2 დარსანია (45+1), 1:2 ბოლქვაძე (52), 2:2, 2:4 მაჭავარიანი (60, 90+1), 2:3 მარშანიშვილი (74)
მერცხალი: ლომაძე, სურგულაძე, კოტრიკაძე, ჭანუყვაძე, ცერცვაძე (46. ჯაფარიძე), ალიევი (46. მარშანიშვილი), ბოლქვაძე, გოგელია (76. მუჯირი), ანთიძე (68. ჩხაიძე), კაშია, მაჭავარიანი





