ლანჩხუთი ძვირფას ქალბატონს, ნანა ბერიას დაემშვიდობა. უკანასკნელ გზაზე მას თანაქალაქელთა ცრემლები მიაცილებდა. მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებენ:
„ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს,
ია მინდა, გადაიღო თოვამ,
ნეტავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს,
რანაირი გაზაფხული მოვა?!.
მ. ჩიტაიშვილი
გაზაფხულს არ უხდება შენი გლოვის დღეები, ნანა… ეს ის შავ-თეთრი გაზაფხულია, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ჩვენი ურთიერთობა შეწყვიტა…
ეს ის გაზაფხულია, რომელმაც თავისი სისასტიკით ფრთები დაგვამტვრია შენს მეგობრებს, მერცხალივით ლაღი, მოუსვენარი, შრომისმოყვარე მეგობარი წაგვართვა…
განა შეიძლება უმერცხლოდ გაზაფხულის მოსვლა?! სიყვარულის, სითბოს, ერთგულების ელჩი იყავი მუდამ და ყველგან. სხვისი ტკივილის გულთან მიმტანო, დაუღალავო, ერთგულო და უბოროტო მეგობარო, ვერაფერი შეავსებს ამ დიდ დანაკლისს, რასაც უშენობა ჰქვია…
გადაინაცვლე ზეციურ სამყაროში, უფლისაგან ბოძებულ სამუდამო სასუფეველში, სადაც გზას გაგინათებს შენს მიერ გაკეთებული კეთილი და მადლიანი საქმეები.
დააკლდები ოჯახს, სამეგობროს, ლანჩხუთის საზოგადოებას, შენი ღიმილიანი მოსალმებით და გულიანი მოკითხვით. გშორდებით და არ გემშვიდობებით, შეხვედრამდე, მეგობარო, უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული“ _ ვკითხულობთ გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელსაც ხელს აწრენ ია ხალვაში, ნანა გუჯაბიძე და მზია აფრასიძე.




