ჩოხატაურის მერობისთვის ნუგზარ ჩხიკვაძე იბრძოლებს _ „ძლიერმა საქართველომ“ გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში კოალიციის კანდიდატები წარადგინა (R)

|

Loading

„ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატების წარდგენა

დღეს, „ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა.

გურიაში „ძლიერ საქართველოს“ მერობის კანდიდატი ეყოლება ჩოხატაურში, სადაც კენჭს ნუგზარ ჩხიკვაძე იყრის. ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა, ხობში – იური ბუკია, ხარაგაულში – ინგა მაღრაძე, სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე. ხონის მერობისთვის კოალიციიდან იბრძოლებს გელა ბობოხიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და დღევანდელ წარდგენას ვერ დაესწრო.

მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს. როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ.

„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ. აქამდე, ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში, შეურაცხყოფის მიყენებაში, მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, ხელისუფლება. დიახ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამის ამბიცია გვაქვს, პირველ რიგში, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ახლა უკვე, კოორდინირებულ რეჟიმში ვართ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან და ეს არის ძალიან მაგარი. მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ,რომ საქართველოსთვის უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

რას ჩივი?