ლანჩხუთის მართლმადიდებლურმა სკოლამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მასში მონაწილეობდნენ მართლმადიდებლური და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2010-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები.


მართლმადიდებლური სკოლის გუნდი (ზედა ფოტო) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლესა მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა
26 ოქტომბერს, ათმა გუნდმა ოლიმპიური ფორმატით გაარკვია ფინალური სამეულის ვინაობა. საფინალო დღეს ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ჩოჩხათის, ლესისა და მართლმადიდებლური სკოლების გუნდები. ტურნირის და განსაკუთრებით, საფინალო თამაშები ლამაზი და დაძაბული გამოდგა. ფეხბურთელებმა გვარიანი ბრძოლა გააჩაღეს და არაფერს უთმობდნენ მოწინააღმდეგეებს. იყო ბევრი შესანიშნავი კომბინაცია. არაერთი ლამაზი გოლი იხილა ტურნირის საყურებლად მოსულმა ქომაგმა, რომელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდი გახლდათ.

ფოტოკოლაჟი | ფეხბურთის მწვრთნელი რევაზ კუკულაძე (მარცხნიდან პირველი) და ტურნირის ორგანიზატორი ლევან გიორგაძე „დარბაისელის“ პრიზს საუკეთესო მოთამაშეს ლუკა მსხილაძეს გადასცემენ; ჩოჩხათის გუნდი გამარჯვებას ზეიმობს.
შეტევა, გოლი, კომბინაცია, კარის დარაჯების თავგანწირული თამაში, გამაყრუებელი ქომაგობა – ამ ყველაფერმა დაამშვენა საფეხბურთო მარათონი.
ბოლო თამაშმა, რომელიც მართლმადიდებლური და ჩოჩხათის სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, გამარჯვებულად ჩოჩხათელი მობურთალები გამოარჩია. ვიცე-ჩემპიონი მართლმადიდებლური სკოლა გახდა. მათთან ერთად მესამეადგილოსანი ლესის სკოლა დააჯილდოვეს.
ასევე გამოარჩიეს ფეხბურთელები. დავით გიორგაძე მართლმადიდებლური სკოლიდან ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ყველაზე მეტი გოლი გიორგი გალოგრემ (ლესის საჯარო სკოლა) გაიტანა, საუკეთესო მოთამაშედ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ლიდერი ლუკა მსხილაძე აღიარეს, ხოლო მისი თანასკოლელი სანდრო ტუღუში „გურია თუდეის“ რჩეული გახდა.

ფოტოკოლაჟი | ფეხბურთის მწვრთნელები მანუჩარ ჯიშკარიანი (მარცხნივ) და მიხეილ ჩხაიძე ტურნირის საუკეთესო მეკარე დავით გიორგაძესა და მთავარ მეგოლე გიორგი გალოგრესთან ერთად.
ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი მონაწილეობისთვის მადლობას უხდის ჩოჩხათის, ლესის, წყალწმინდის, ჯურუყვეთის #1 და #2, ნიგოითის, ლანჩხუთის #1 და #3, შუხუთის საჯარო სკოლების დირექციებს, თანადგომისთვის _ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიის სპორტის და ახალგაზდულ სამსახურს, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლას, ასევე „გურია თუდეის“, რომელიც „ნიკოს თასი-2025“-ის საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ.


