ძალიან დაგვამწუხრა უმძიმესმა ცნობამ: 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდად ქცეული პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, გამორჩეულად თბილი, ინტელიგენტი და ღირსეული ქალბატონი _ ელენე ნაჭყებია.
ქალბატონი ელენე მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა _ იგი იყო ადამიანობის, კულტურისა და სიკეთის მაგალითი, რომელმაც ათეულობით თაობას ცოდნასთან ერთად სიყვარული, ზრდილობა და ადამიანური ღირებულებები ასწავლა.
მისი მშვიდი ხასიათი, კეთილშობილება და მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველას გულში სამუდამოდ დარჩება.
დღეს მისი აღზრდილი თაობები დიდი ტკივილით ემშვიდობებიან საყვარელ პედაგოგს, რომლის სახელსაც ყოველთვის მადლიერებითა და პატივისცემით გაიხსენებენ.
„წავიდა კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი, ჩვენი საყვარელი ელიკო მასწავლებელი… ძნელია იპოვო სიტყვები იმ სევდისა და დანაკლისის გამოსახატად, რასაც ახლა თითოეული მისი მოსწავლე ვგრძნობთ“
„ერთი კარგი ადამიანი და დიდი მასწავლებელი დავკარგეთ, ადამიანები მიდიან, მაგრამ მათი კვალი არასოდეს ქრება… ნათელში იყავით, ელიკო მას“
„ეს ის მომენტია, როდესაც სიტყვებიც კი უძლურია…
არ მეგულება ასეთი კეთილშობილი ადამიანი.
სწორედ მაშინ ღირს ცხოვრება, როდესაც ამ სამყაროს ტოვებ და ამდენ ადამიანს გულს ასე ტკივილითა და სიყვარულით უვსებ.
თქვენ მხოლოდ მასწავლებელი არ იყავით, იყავით ადამიანი, რომელმაც ბევრის ცხოვრებაში სინათლე დატოვა.
თქვენი სიკეთე, სითბო და სიტყვები ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში.
ძნელია იმის დაჯერება, რომ აღარ ხართ ჩვენთან, მაგრამ თქვენი კვალი არასოდეს გაქრება.
მადლობა ყველაფრისთვის…“
„Greatest teacher i have ever had [ყველაზე დიდი მასწავლებელი, ვინც კი ოდესმე მყოლია]
მადლობა იმ სიყვარულისთვის,რომელიც თქვენი საგნის და თქვენს მიმართ გამიჩინეთ“ _ წერენ მოსწავლეები.
„გურია თუდეი“ უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის მრავალ მოსწავლეს.




