„სადღაციდან ხომ უნდა დაიწყოს გარღვევა და რატომ ლანჩხუთიდან არა?!“ _ გია გოთუას გამოხმაურება, რატომ არ არის დავით ურუშაძე მაჟორიტარობის კანდიდატი

|

Loading

გია გოთუა

„გურია თუდეის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ექიმი დავით ურუშაძე, სავარაუდოდ, მაჟორიტარობაზე ვერ დაითანხმეს, „კონსერვატორების“ ადგილობრივი ლიდერი გია გოთუა ეხმაურება:

 „არც შემითავაზებია ბატონ დათოსთვის მაჟორიტარობა. ჯერ ერთი, მე კარგად ვიცი, მას როგორი დატვირთვა აქვს, როგორც ექიმს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს და ყველაზე მთავარი, რაც კარგად ასახავს ჩვენს მიზნებს, თვითმმართველობიდან მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ პარტიულ- პოლიტიკური თემები, რომელიც ადამიანების დაპირისპირების მაპროვოცირებელია_ აცხადებს გოთუა.

ლანჩხუთის ექს-გამგებელი, რომელიც „კონსერვატორების“ პირველი ნომერია, მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს არსებული პრაქტიკა: „როცა ერთ სოფელში 5 პარტიაა და ხუთად გაყოფილი სოფელი, ერთი იგებს და 4 განაწყენებული და ჩასაფრებული იმის მოლოდინშია, როდის დაუცდება  მეზობელს ფეხი, რომ ჩაანაცლოს და გვაქვს ისეთი სოფელი, როგორიც გვაქვს – ეს უნდა შეიცვალოს“.

მისივე თქმით, ბატონი დავითი თავის ცხოვრების წესით გამორჩეული ლანჩხუთელია და მაგალითი ყველასთვის, მომავალ საკრებულოში რადიკალურად განსხვავებული განწყობა იქნება. „ჩვენ შევეცდებით ისეთი ასპარეზის შექმნას, სადაც საკრებულოს თითეულ წევრს, პარტიულობის განურჩევლად, მიეცეს გაცილებით უკეთ თავის წარმოჩენის პერსპექტივა… სადღაციდან ხომ უნდა დაიწყოს გარღვევა და რატომ გურიიდან, ლანჩხუთიდან არა?! ჩვენგან არ გაუკვირდებათ. აბა, რაჭველები ხომ არ დაიწყებენ?! რაჭველებმაც და კახელებმაც, შეიძლება მერე და მერე გაგვასწრონ კიდეც, მაგრამ ჩვენც ეგ არ უნდა გვინდოდეს?!“ _ ამბობს გია გოთუა.

იგი კენჭს ქალაქის მაჟორიტარად იყრის: „შევეცდები, მაგალითი მივცე სხვასაც, თუ როგორი შედეგის მოტანა შეუძლია ხალხის და ხელისუფლების გვერდიგვერდ დგომას!“ _ აცხადებს ყოფილი გამგებელი.

რას ჩივი?