მაისურებზე ბეჭდვა‎ * გაზეთის გამოწერა‎ * ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ა, კიდო... *‎‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎

„სადაც გინდა, მიჩივლეო“… _ ვინ მფარველობს ქართულ ოცნებაში კომპანიას, რომელმაც ნაციონალების დროს გურიას სტადიონი დაანგრია?

„გურიას“ სტადიონი დანგრევამდე ერთი წლით ადრე, 2011 წ.

ლანჩხუთის პოლიტიკაში ფეხბურთზეც „დაცხა“. მართალია, „ახალ“ ნიკა მელიას ლანჩხუთი და „გურია“ მხოლოდ წინაასარჩევნოდ გაახსენდა, მაგრამ ადგილობრივმა „მეოცნებეებმა“ ლამისაა პასუხი იმ დროის შესაძლო დანაშაულზეც მოსთხოვონ „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავკაცს, რა დროსაც არც მელია ყოფილა პარტიის ბოსი და მეტიც, ამ საქმეზე „ნაციონალებმა“ „ოცნების“ პროკურატურაში იჩივლეს კიდეც.

დიახ, პარადოქსული ფაქტია, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ბოლო გამგებელმა უკვე ხელისუფლებაში მოსული „ოცნების“ დროს, პროკურატურას მიმართა, „გურიას“ სტადიონზე მომხდარი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე და ამით გაწირა თავისივე ხელისუფლების გავლენიანი პირები, რომლებსაც, დღეს უკვე არა გასაკვირად, ახალ ხელისუფლებაშიც აღმოაჩნდენ მფარველები და პირიქით, მომჩივანს იქით დაემუქრნენ…

რა მოხდა 12 წლის წინ _ „გურია თუდეის“ არქივი საინტერესო მასალებს ინახავს. ვისაც მახსოვრობა ღალატობს, ან ხალხის მოტყება სურს სიტყვების „რახარუხით“, გავახსენებთ _ რატომ არ დასაჯა „ოცნებამ“ ის ხალხი, ვისაც სტადიონის დანგრევაში სდებს ბრალს და რატომ ვერ აშენდა ამდენ ხანში ახალი არენა. ერთმა დაანგრია, მეორემ არ ააშენა _ დაზარალებული ლანჩხუთელი ქომაგი გამოვიდა და პოლიტიკოსები ამაოდ ცდილობენ მათ „დაბოლებას“.

რა მოხდა 2012 წელს? მაშინაც წინასაარჩევნო პერიოდი იყო, „ნაციონალებს“ უჭირდათ და პიარისთვის ლანჩხუთში ახალი სტადიონის პროექტი მშვენიერი თემა იყო.

დღეს „ახალის“ ლანჩხუთელი ლიდერი სოსო ჩხაიძე იმ პერიოდში გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გახლდათ. 6 წლის წინ, ის ამბობდა, რომ „გურიას“ სტადიონის დემონტაჟი 2012 წელს იმ მოტივით მოხდა, რომ მის ნაცვლად ახალი აშენებულიყო: „არსებობს შესაბამისი პროექტიც, როგორი ტიპის სტადიონის გაკეთება იგეგმებოდა და საამისოდ თანხას ცენტრალური ხელისუფლება გაიღებდა. პირველ ეტაპზე 800 ათასი ლარი ჩამოირიცხა, რაც საპროექტო სამუშაოებზე, გეოლოგიურ გამოკვლევაზე, საინჟინრო-ტექნიკურ კვლევაზე, ტოპოგეოდეზიური ნახაზების შედგენასა და „გურიას“ სათადარიგო სტადიონზე გარკვეული ინფარსტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა“ _ აცხადებდა „გურია თუდეისთან“ საუბარში სოსო ჩხაიძე.

მისივე თქმით, სტადიონზე სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად მაშინდელმა გამგეობამ ორჯერ გააფორმა ხელშეკულება შპს „ოქტან-მედეასთან“, რაც შემდგომ ბევრისთვის სალაპარაკო თემა გახდა. მან ჟურნალისტებს გადასცა პროექტი, რომლის მიხედვითაც დგინდება შემდეგი: ახალი სტადიონის პროექტი ითვალისწინებდა მხოლოდ აღმოსავლეთის ტრიბუნის არსებული სახით დატოვებას. თავისთავად უნდა დანგრეულიყო ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. რაც შეეხება დასავლეთის მხარეს, იქ არსებული ტრიბუნა პროექტის თანახმად უნდა შეცვლილიყო და უფრო პატარა ტევადობის უნდა ყოფილიყო, თავისი გადახურვით და ტრიბუნებს ქვემოთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით.

ზემოხსენებული 800 ათასი ლარიდან ძირითადი სამუშაოები შეასრულა შპს „ოქტან-მედეამ“, რომელთანაც პირველი ხელშეკრულება 2012 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება და მისი ღირებულება 240 685 ათას ლარს შეადგენდა. კომპანიას უნდა განეხორციელებინა სტადიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების დემონტაჟი, ასევე მინდვრის სარწყავი სისტემისა და სატუმბო სადგურის მონტაჟი.

მეორე ხელშეკრულება იმავე წლის 17 სექტემბრითაა დათარიღებული და სტადიონის კაპიტალური შეკეთების მეორე ეტაპს მოიცავს. აქ სამუშაოების ღირებულება 419 289 ლარია. არსებული მონოლითური რკინა-ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟისთვის 27 579 ლარი უნდა დახარჯულიყო, ხოლო ყველაზე დიდი თანხა (308 033 ლარი) სადემონტაჟო და აღდგენით სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა. აქ იგულისხმებოდა აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ კვანძების გაძლიერება, გამყოფი დროებითი ღობის მოწყობა, სალაროსთან, ტაბლოსა და ძველ ადმინისტრაციულ შენობასთან სიცარიელების შევსება ლითონის ღობით და რკინა-ბეტონის საძირკვლით, ლითონის ღობის მოწყობა გარე პერიმეტრზე, ასევე შიდა ნიშნულებზე, აღმოსავლეთ ტრიბუნის ჩამონგრეული ელემენტების შეკეთება – შეღებვა, ამავე ტრიბუნის მარჯვენა და მარცხენა მოაჯირების მთელ პერიმეტრზე მონტაჟი, ლითონის სადგარების გაწმენდა, აღდგენა და შეღებვა, საჯდომებისთვის ლითონის კონსტრუქციის („ტრუბაკვადრატების“) მონტაჟი და შეღებვა, აღმოსავლეთ ტრიბუნის იატაკის შეღებვა, სტადიონის მთელ პერიმეტრზე მოაჯირების აღდგენა და შეღებვა, სტადიონზე მწვანე საფარსა და მოაჯირს შორის არსებული მონაკვეთების ღორღით შევსება სხვა კოსმეტიკური სამუშაოები. თუ ხელშეკრულებით ვიმსჯელებთ, შედარებით სოლიდური თანხები დაიხარჯა ღორღით ტერიტორიის შევსებაში (41 250 ლარი), განათების ანძების შეღებვაში (47 500 ლარი) და ხელოვნური მწვანე ბალახის დაგებაში (31 500 ლარი).

მოკლედ, შპს „ოქტან-მედეამ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი შეასრულა. როგორც ლანჩხუთის მაშინდელი გამგებელი კახა ასკურავა ამბობდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, დემონტაჟისგან მიღებული ნარჩენები (ყველაზე ღირებული ტონობით არმატურა გახლდათ) სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ობიექტიდან 500 მეტრში უნდა დაესაწყობებინა, რაც რეალურად ასე არ მოხდა. მისივე თქმით, მაშინ ყველაფერი გაკეთდა იმისათის, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩენილიყო.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით გამგეობაში შემოვიდა შპს „გურია 2000“-ის ხელმძღვანელის წერილი, რომლის საფუძველზე დავუძახე ამ ფირმის წარმომადგენელს და მოვთხოვე უკანონოდ გატანილი მასალა დაებრუნებინა ადგილზე. მან განმიცხადა, რომ ეს მისი ქონება იყო და სადაც უნდოდა იქ წაიღებდა, მით უმეტეს, რომ ყველაფერი გარკვეული ქონდა ამ მხრივ როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსთან ერთად მომზადდა ოფიციალური წერილი და ფაქტის შესახებ პროკურატურას მივმართეთ“, – აცხადებდა „გურია თუდეისთან“ საუბარში ასკურავა.

ანუ საუბარია 2012 წლის მიწურულზე, როცა ასკურავა ისევ გამგებელია და ხელისუფლებაში „ოცნება“ ახალმოსულია. მაღალჩინოსანი იმასაც ამბობდა, რომ „ოქტან მედიას“ წარმომადგენელი მას დაემუქრა კიდეც და ისიც უთხრა _ სადა გინდა, მიჩივლე, ვერაფერს დამაკლებთო. მან მაინც იჩივლა და საქმე დღესაც პროკურატურაშია. ფაქტია, კომპანიას გავლენიანი მფარველი ჰყავს. „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, „ოქტან მედიამ“ დაახლოებით 200-დან 300 ათას ლარამდე ღირებულების „არმატურა“ მიითვისა.

რატომ დაინგრა სტადიონი, იყო კი ამის აუცილებლობა?

2012 წლის 25 ივნისით თარიღდებულ კონსტრუქციული კვლევის დასკვნაში ვრცლადაა ასახული დასავლეთ ტრიბუნის იმდროინდელი მდგომარეობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები. არადა, დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ტრიბუნა არ იყო დასანგრევი და მცირედ შეკეთებას მოითხოვდა მხოლოდ. ზოგიერთებს ისიც აეჭვებთ, რომ ხომ არ მოხდა ამ კონსტრუქციის დანგრევა საკმაოდ დიდი ოდენობის ჯართის მითვისების სანაცვლოდ. დასკვნაში საუბარია მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს თავის დროზე ნაჩქარევად აშენებული ობიექტის ხარისხს. აქ ვკითხულობთ, რომ ჩასხმული ბეტონის ცუდი ხარისხის გამო, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას არ აქვს სათანადო სიმკვრივე, მთლიანად ეროზირებულია გარე ზედაპირები, მუშა არმატურები კოროზირებულია, გრძივი შემკრავი რ/ბ რიგელების პილონებთან შეერთების კვანძები არაა სათანადოდ მოწყობილი, გრძივი შემკრებები რამდენმე ადგილას შეღუნულია, სუსტად გამიყურება ლითონის სვეტებისა და შემკრავების შეერთების კვანძები, ცუდათაა დამონტაჟებული ანაკრეფი რ/ბ ფილების ჩარჩოს რიგელებზე და ა.შ.

დასკვნაში წერია, რომ ნაგებობის მდგრადობის საერთო სურათის შეჯამებისას, ნაგებობა იმყოფება არასაკმარისი მდგრადობის პირობებში და საჭიროებს გაძლიერებითი ღონისძიებების ჩატარებას.

ამ დასკვნიდან გამომდინარე, ჩანს, რომ აღნიშნული ტრიბუნის შეკეთებაც იყო შესაძლებელი და ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ დაინგრა დასავლეთ ტრიბუნა. ამ საკითხზე სოსო ჩხაიძე ამბობდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღდგენითი სამუშაოების ნაცვლად ახალის აშენება არჩია.

„რადგან არ არსებობდა პროექტი, ვინაიდან თავის დროზე „გურიას“ სტადიონი ფორსმაჟორულ ვითარებაში აშენდა, „თბილქალაქპროექტმა“ გადაწყვიტა, ხელახლა დაეწყო სტადიონის გეოლოგიური კვლევებისა და კონსტრუქციების ხარისხიანობის შესწავლა, რისთვისაც მოწვეული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებმაც დადეს დასკვნა. რაც შეეხება დასავლეთი ტრიბუნის აღდგენას, მას ესაჭიროებოდა დამატებითი რკინის კონსტრუქციებით გამაგრება, მაგრამ ვინაიდან ტრიბუნის ქვემოთ პროექტის თანახმად, უნდა გაკეთებულიყო გასახდელები, საშხაპეები, სამსაჯო ოთახები, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა, ეს კონსტრუქციები კი ბუნებრივია ხელს შეუშლიდა ამ ყველაფერს, გადაწყდა ძველის დაშლა და ახალი, რკინის კონსტრუქციის ტრიბუნის აშენება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია“ – ამბობდა ჩვენთან საუბარში ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი.

კახა ასკურავას თქმით კი, გარდა იმისა, რომ არსებობდა შესაბამისი დასკვნა ნაგებობის არამდგრადობასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იყო, რომ „გურიას“ სტადიონი უეფას სტანდარტებში ჩამჯდარიყო. „ეს სტადიონი უნდა გადაკეთებულიყო უეფას სტანდარტების შესაბამისად, რაც ნაცვლად 30 ათასისა, გათვლილი იქნებოდა რვა ათას გულშემატკივარზე და რომც არ ყოფილიყო იქ კოროზიული პროცესები დაწყებული, მისი რეკონსტრუქცია ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სტადიონი ისე არ დაშლილა, როგორც დღეს ბევრი ამას ამბობს, თითქოს ყოფილ გამგებელს მოუნდა და დაშალა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში „გურიას“ ახალი სტადიონის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრებულიყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროში საამისოდ სამ მილიონნახევარი ლარიც იყო გამოყოფილი. თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა და ამ თანხას ლობირება სჭირდებოდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ყოფილმა გამგებელმა, გია გოგუაძემ თავის დროზე დაურეკა მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს და თხოვა, მისულიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. როგორც ჩანს, ასე არ მოხდა და ეს თანხა შემდეგ წყალტუბომ წაიღო“ _ აცხადებდა კახა ასკურავა ჩვენთან საუბარში.

ამასვე ამბობდა გია გოგუაძეც. მაშინ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სპორტის კუთხით ნამდვილად მოხვდა წყალტუბოს სტადიონი, თუმცა მაშინ მოქმედმა მაჟორიტარმა, თემურ ჩხაიძემ გია გოგუაძის ზარი კატეგორიულად უარყო.

მოკლედ, „ოცნებას“ 12 წლის შემდეგაც, სალაპარაკო ის აქვს, წინა ხელისუფლებამ სტადიონი დაანგრიაო, თითქოს თავად არ არიან ხელისუფლებაში და დამნაშავის დასჯის ყველა ბერკეტი არ ჰქონდათ, ან ახლის გაკეთება ამ 12 წელიწადში არ შეიძლებოდა. თან ლანჩხუთს არაფერში შველის იმის ძახილი, რომ „ნაციონალებმა“ დაანგრიეს, იმათ გამფუჭებელს პატრონი დღევანდელ ხელისუფლებაშიც რომ ჰყავს, „ოქტან მედიას“ საქმითაც ჩანს და 12 წლის შემდეგაც გურული „მეოცნებეები“ დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ…

რაც ამ დროში ხელისუფლებამ შეძლო _ ბიძინა ივანიშვილის ფულით ადმინისტრაციული შენობის თანამედროვე სტანდარტებით გაკეთებაა, უშუალოდ სტადიონზე, „ნაციონალების“ დატოვებული „ტრუბაკვადრატებიც“ (სკამების ნაცვლად რაც იყო დამონტაჟებული) უკვე ამ ხელისუფლების დროს „გაასუხარეს“, ხოლო ტრიბუნაზე უსახური ლოჟა „წამოჭიმეს“, სადაც წლების მანძილზე, წვიმა და ქარი ერთნაირად ატანდა…

მათე გურული

ფარცაკი ამბები

კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *