„როცა [აქციაზე] პირბადეების ტარების გამო იჭერენ ხალხს და შენ ამ დროს სხდომათა დარბაზში ზიხარ თბილად და თვის ბოლოს ხელფასს ელოდები, მორალურად მიუღებელია“ _ კახა ასკურავა

|

Loading

კახა ასკურავა (მიკროფონთან) საკრებულოს სხდომაზე, გვერდით _ გიორგი გოგუაძე, უკან _ ირმა მგელაძე

„ჩვენ არსად არ მივდივართ, ვრჩებით აქ – ბრძოლაში!!!“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი წევრი და „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა, რომელიც ეხმაურება ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას: „დღეს, 30 ოქტომბერს, პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, ისე შეიკრიბება საკრებულოები, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება წარმოდგენილი. ეს ჩვენი მკვეთრი პოლიტიკური არჩევანი იყო! ენმ-ს მისი 23 წლიანი არსებობის განმავლობაში, არცერთი გადამწყვეტი ნაბიჯი პოლიტიკაში არ გადაუდგამს, თავისი მერკანტილური და მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. პარტია ყოველთვის მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ევრო-ატლანტიკური მომავლის გათვალისწინებით. ჩემი კოლეგები და თანამოაზრეები, წლების განმავლობაში რეჟიმის მხრიდან უამრავჯერ გახდნენ უპრენცედენტო დევნისა და შევიწროების ობიექტები, მაგრამ არასდროს უთანამშრომლიათ რეჟიმთან,მეტიც, ისინი ყოველთვის წინა ხაზზე იყვნენ ბრძოლაში და ამის საუკეთესო მაგალითია, რომ დღეს ამ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად!“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კახა ასკურავა.

მისივე განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე, ივანიშვილის რეჟიმმა არჩევნები ამ ქვეყანაში საბოლოოდ გააუქმა: „გვითხრა – არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტს ამომრჩევლები,შედეგები იქნება ისეთი, როგორიც მაწყობს მე. სწორედ ამ პოლიტიკური წნეხისა და ავტორიტარული კანონმდებლობის ქვეშ ჩაატარა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებიც და სინამდვილეში რუსული  სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნები დაარქვაა სახელად. ამიტომ, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის საკრებულოები იკრიბება და ეს 4 ოქტომბრის დაფიქსირებულ ციფრებშიც გამოიხატა ყველგან“.

გურიის ექს-ვიცე გუბერნატორსა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს მიაჩნია, რომ „მიუხედავად ყველაფრისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეღო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში, ყველაზე მეტ საკრებულოს წევრს შეიყვანდა, მაგრამ საკუთარ ამომრჩევლებთან და ყველაზე მთავარი – საქართველოს საპროტესტო ელექტორატთან არ ვიქნებოდით მართლები. როცა გარეთ ყოველდღე პირბადეების ტარების გამო იჭერენ ხალხს და შენ ამ დროს სხდომათა დარბაზში ზიხარ თბილად და თვის ბოლოს ხელფასს ელოდები, მორალურად მიუღებელია ჩვენთვის!“

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი თვლის, რომ ბათილი ბიულეტენების სიმრავლე იმ ამომრჩეველთა მხარდაჭერაა, რომლებიც ზეწოლის გამო მივიდნენ არჩევნებზე, მაგრამ ხმა არ მისცეს: „ჩემი და კოლეგების _ გიორგი გოგუაძის, გივი ცინცაძისა და ირმა მგელაძის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩევლს, ვისაც წლების განმავლობაში წარმოვადგენდით საკრებულოში და მათი ნდობა ნამდვილად არ გაგვიცრუებია არასოდეს. სწორედ ჩვენი ხმა ისმოდა ყველაზე ხმამაღლა, ყველგან და ყოველთვის და ამის მთავარი მოტივატორი იყავით თქვენ! ასევე მადლობა იმ ამომრჩევლებს, ვინც არ მივიდა 4 ოქტომბერს ე.წ არჩევნებზე და მათაც, ვინც მივიდა ზეწოლის გამო და ყველაზე მეტი ბათილი ბიულეტენი დააფიქსირა, რომელმაც საპატიო მეორე ადგილი დაიკავა დამდგარი შედეგების მიხედვით, არჩევნების ისტორიაში პირველად. ანუ ბოიკოტი შედგა!“ _ წერს ლანჩხუთელი „ნაციონალების“ ლიდერი სოციალურ ქსელში.

ლანჩხუთის წინა მოწვევის საკრებულოში, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, მათ შორის კახა ასკურავას ადგილობრივი ხელისუფლება აყვედრიდა, რომ „არაფრის კეთებაში“ იღებდნენ ანაზღაურებას.

რას ჩივი?