როგორ „ამოიცნო“ დაზარალებულმა ქალბატონმა ქურდი და როგორ „ასწავლეს ჭკუა“ „ეჭვმიტანილ“ ომარ ხუციშვილს პოლიციის თანამშრომლებმა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ომარ ხუციშვილი, ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი შენობა

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ექს-მაჟორიტარი ომარ ხუციშვილი იხსენებს:

_ ყოველ 10 ნოემბერს პოლიციის ძველ შენობასთან ვეტერანები ვიკრიბებით. ბევრი კურიოზს, უამრავ თბილად მოსაგონარს ვიხსენებთ.

როცა პოლიციაში უფროსის მოადგილედ დამნიშნეს, ჩინის მიღებამდე დახლოებით ერთი თვე მოვალეობის შესრულება პოლიციის ფორმისა და იარაღის გარეშე მიხდებოდა.

ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობდი მოკლე დროში გავრკვეულიყავი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში. ყურაღებით ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი გამოცდილი თანამშრომლების მოქმედებას. ოპერატიულ ჯგუფებში ვიღებდი მონაწილეობას.

ზაფხულის ერთ დღეს, როცა დღე და ღამე ერთმანეთს ეყრებიან, სამორიგეო ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან აღელვებული ქალბატონი ისეთი მაღალი ხმით გვიყვებოდა, რომ ყველას გვესმოდა. თურმე თავისი ერთსართულიანი სახლის ოთახში შესულს დახვედრია ვიღაც ახალგაზრდა, რომელიც მის დანახვაზე ფანჯრიდან გადამხტარა და რკინიგზის გადასასვლელისკენ გაქცეულა. ახლა სახლიდან მაგ მიმართულებით მეც გამოვდივარო, თქვენც წამოდით და აუცილებლათ დავიჭერთო.

სწრაფად ჩავსხედით მაქანაში. მაშინ 70 კგ-ს ვიწონიდი. ოთხ მძიმეწონიან პოლიციელს შორის, უკანა სავარძელზე შუაში მჯდომი, საცოდავად გამოვიყურებოდი. გადავედით რკინიგზის გადასასვლელზე და სტადიონის ჩასახვევთან ქალბატონი ხელის მოძრაობით გვანიშნებდა გაჩერებას. სადგურიდან ძლიერი შუქის სხივებით განათებულ ადგილზე მძღოლმა მანქანა გააჩერა. პოლიციელები საკმაოდ მარდად გადმოვიდნენ. ქალბატონი პოლიციელებთან დალაპარაკებამდე მანქანასთან ახლოს მოვიდა, ყურადღებით შემათვალიერა და პოლიციელებს დაბალ ხმაზე ეუბნება, ჩემს ბინაში ზუსტად ეს იყო, ასეთი ჯინსები და ბოტასები ეცვა, ყოჩაღ, როგორ სწრაფად დაგიჭერიათო. დაიწყო მადლობები და პოლიციელების ქება. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, სახტად დარჩენილი თანამშრომლები ვერაფერს პასუხობდნენ. რომ ეთქვათ, მანქანაში ქურდი კი არა უფროსის მოადგილეა, მაინც არ დაიჯერებდა. არც ის უნდოდათ, ამდენი მადლობა წყალში ჩაყრილიყო.

 _ ქალბატონო თუ იცით სახლიდან წაღებულია რამე? _ იკითხა ერთმა

 — რა უნდა წაეღოთ, ფული და ოქროულობა მე არ მაქვს. გადახტომის დროს ხელში არაფერი ეჭირა _ უპასუხა ქალმა.

 _ მაშინ ჩვენ ამას განყოფილებაში წავიყვანთ. ჭკუას ვასწავლით ისე, რომ იგი ამის მეტს აღარ შეგაწუხებთ _ დაამშვიდეს ქალბატონი და სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანაში. საერთო მხიარულებით უკან დავბრუნდით.

რას ჩივი?