„ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ძალიან თბილი და ბავშვების მოსიყვრულე ქალბატონი, ნაზი (ცისანა) ბოლქვაძე-ჯანაშია გარდაიცვალაო… ძალიან დამწყდა გული… თვალწინ გამირბინა ყველა გაკვეთილმა, მისი ძალიან საყვარელი გაბრაზებით “გაგფცქვნი ეხლა”-თი. ნათელი თქვენს კეთილ სულს, ცისანა მას…“ _ ასე ეხმაურება აშშ-ში მოღვაწე ლანჩხუთელი ექსპერტი რიმა ასკურავა ყოფილი მასწავლებლის გარდაცვალებას.
ნაზი ბოლქვაძე-ჯანაშიას ემშვიდობება მშობლიური ქვიანის სკოლა, სადაც მან ათწეულები გაატარა და არაერთი თაობა აღუზარდა ქვეყანას.
,,მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ, სახელი არ დარჩენია…“
პედაგოგიურ საზოგადოებას გამოაკლდა ღვაწლმოსილი პედაგოგი, საუკეთესო კოლეგა და მეგობარი, ნაზი (ცისანა) ბოლქვაძე -ჯანაშია, რომელიც ხუთი ათეული წელი ემსახურა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას.
ქალბატონი ნაზი, გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით და პასუხისმგებლობით, იყო სამართლიანი და ერთგული მეგობარი.
აგრეთვე გახლდათ კარგი ოჯახის დიასახლისი, სამაგალითო მეუღლე, მზრუნველი დედა და ბებია. თავისი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, ვალმოხდილი წავიდა სააქაოდან და დატოვა კვალი ნათელი.
მშვიდობით, ნაზი მასწავლებელო! მუდამ იქნებით ჩვენს ხსოვნაში. მშვიდად დაივანოს თქვენმა სპეტაკმა სულმა იქ, სადაც მართალთა სავანეა და განსასვენებელი“ _ ვკითხულობთ ქვიანის საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.
ღვაწლმოსილ პედაგოგს კოლეგებიც ემშვიდობებიან.
ნინო კეკელიძე: „ჩემო ცისანა, ჩემო უფროსო კოლეგავ და მეგობარო! რა დამავიწყებს შენს გვერდით გატარებულ წლებს ქვიანის სკოლაში. მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილშობილებითა და ჰუმანურობით გამოირჩეოდი. პირნათლად მოიხადე ვალი ოჯახის, სკოლის, საზოგადოების წინაშე. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ძვირფასო ადამიანო“.
გულიზა იმნაძე: „დიდებული პედაგოგი… დიდებული ქალბატონი… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი… თანაგრძნობა ჩემგან ჭირისუფალს…“
„გურია თუდეი“ თანაუგრძნობს გოჩა ჯანაშიასა და სოფო წილოსანს დედისა და დედამთილის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, ნაზი ბოლქვაძე-ჯანაშიას გარდაცვალების გამო.


