„ოქროს გული გქონდა და სიკეთით სავსე კაცი იყავი…“ [ილო მორჩილაძის ტკივილიანი დაბადების დღე]

|

Loading

ჩემო „ნენუა“, უშენოდ პირველად მოდის შენი დაბადების დღე – დღეს 75 წელი შეგისრულდებოდა. როგორ გიხაროდა, რომ გეტყოდი, ილო „ბაბუ“, ბიჭივით ხარო… მართლაც, არ გეტყობოდა ასაკი, გული ხომ საერთოდ,  ახალგაზრდული გქონდა.

სულ ჩვენთან მოგიჩქაროდა, რამდენჯერ ღამით  გაგვიღვიძებიხარ, ბოლოს არ შეგეძლო, მაგრამ _ სახლში იტყოდი _ ჩემი ბიჭები მეძახიან, როგორ არ წავიდეო…

რვა თვეზე მეტი მიითვალა სევდიანმა განშორებამ, მონატრებამ, ცრემლიანმა წარსულმა და უშენობით დაწყებულმა გულისტკივილმა.

სხვანაირად შეუძლებელია _ ჩვენ ხომ ათეული წლები უერთმანეთოდ ერთი დღეც არ გვქონია.

ახლაც ჩამესმის შენი გადმოძახილი, თუ არ გადმოვიდოდი, ლეღვს რომ გადმომიცუნცულებდი, ჩემო საოცარო ადამიანო… მწყდება გული, ბოლოს კარგად რომ ვერ მოგესიყვარულე… ჩვენი მოფერება ხომ ყოველდღიურ შეხმიანებაში იყო… უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. გული გწყდებოდა უბნიდან ჩემს წამოსვლაზე, მაგრამ არ მაგრძნობინე, პირიქით _ შენთვის როგორც აჯობებსო…

ოქროს გული გქონდა და სიკეთით სავსე კაცი იყავი… ყველაზე მეტად მენატრება შენი იუმორი, ათასჯერ მოყოლილი ამბავი, მეათასედ ჩვენი სიცილი და შენი ჩაღიმება, მხოლოდ შენი რომ იყო, ისეთი…

ყველაფერი შეძელი ცხოვრებაში – სახლიც ააშენე, ხეებიც დარგე და საუკეთესო შვილებიც გაზრდე, მათ ფეხზე დაყენებაც და შენი უსაყვარლესი შვილიშვილების მოსიყვარულებაც მოასწარი, მაგრამ შენნაირი ტკბილი ბაბუა მათ ახლა სჭირდებოდათ…

შენს ოჯახს სჭირდებოდა… შენს ახლობლებს სჭირდებოდა… მე მჭირდებოდა… 

ყოველთვის ვილოცებ შენთვის, რათა უფალმა მოგანიჭოს სიმშვიდე იმიერში.

შეხვედრამდე, ჩემო ტკბილო და გემრიელო „ნენუა“.

შენი მამუკა