მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ბრინჯულას „ტაბერნე აცანაში“ შეჭამთ… მარგალიტა ბებიეს რეცეპტი და კიდო 2 ინგრედიენტი, რასაც კესო მახარაძე საიდუმლოდ ინახავს

|

Loading

ლანჩხუთში არის ადგილი, სადაც ძველ გურიაში დაგაბრუნებენ და ავთენტური, უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. „ტაბერნე აცანა“, თუ სიტყვაზე გვენდობით, მსოფლიოში საუკეთესო ბრინჯულას გვთავაზობს. ჩვენი ნათქვამის გადამოწმება ადგილზე შეგიძლიათ, მარა ამ ნომერზე (599 923028) წინასწარ უნდა დარეკოთ, ტაბერნეს მაკვარანცხი მასპინძელი _ კესო მახარაძე ფარცაკად რომ მოხაზირდეს.

იმდენად ბევრი დაინტერესდა მისი გურული ბრინჯულაით, ჟურნალისტის პროფესია გაიხსენა და ლამაზად ჩამოაკვარახჭინა რეცეპტიც და ის სიურპრიზი, რაც სტუმრებს ელის.

კესო მახარაძე, ტაბერნე აცანაში“ დამაარსებელი:

_ ჩემმა გურულმა ბრინჯულამ ინტერესი გამოიწვია, ბევრი მწერს, გავუზიარო რეცეპტი და გამოცხობის ტექნოლოგია. ჩემთან, ტაბერნეში მოსული სტუმრებიზა განსაკუთრებული მეთოდი მაქვს შემუშავებული, ამიტომ ბრინჯულას მასტერკლასი და დეგუსტაცია ემოციურად დაუვიწყარი და განუმეორებელი, ანუ გურულად რომ გითხრათ, ფარცაკია…

კესო მახარაძეს და ტაბერნეს „პუტკუნების შოუც“ სტუმრობდა

წარმოიდგინეთ, ორასი წლის ისტორიის მქონე გურულ საცხოვრებელში შუაცეცხლზე გადადგმული კეცი და ეთნონივთებში გაცოცხლებული ადამიანური ისტორიების მოსმენა საოჯახო არქივითა და ფოტოსურათებით… 

ფარცაკად გეტყვით ბარეღმა, რომ არსად დედომიწაზე სტუმრის დასახვედრად ისე არ ხაზირობენ, რაფერც ბებიე ეხაზირებოდა… გეგონებოდა, ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზი უნდა მოსულიყო სტუმრად მაინდამაინც ჩვენსას… ასე იქნებოდა თქვენი ბებიეც…

ოჯახში სტუმრობისთვის ადრე მიზეზები და დროზე შეთანხმება არ იყო საჭირო, სტუმარი იყო ღვთის საჩუქარი და ნებისმიერ ოჯახში ნებისმიერ დროს შეეძლო მისვლა, შესაბამისად, ოჯახის დიასახლისი მუდამ მზადყოფნაში იყო…

კესო მახარაძე (მარცხნიდან მეორე) ბელგიელ სტუმრებთან ერთად

ხშირად ვუყვები ვიზიტორებს ბრინჯულას მასტერკლასის დროს, რომ გურული სამზარეულო სიჯანსაღით, ბუნებრივი გემოების წარმოჩენითა და ავთენტური კერძების ხასიათით უსწრებს დროს, ხოლო ბრინჯულა გამოიგონა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე პრაქტიკოსმა _ გურულმა დიასახლისმა-მეთქი.

ბრინჯულა პირდაპირ კავშირშია იმ ეპოქასთან, როცა კოლხეთის დაბლობზე გურულებს ბრინჯი მოჰყავდათ, სახელწოდებაც აქედან მოდის.

სხვათა შორის, დაჭაობებულ დაბლობზე გურულებს სელის, ბამბის და ღომის  კულტურებიც მოჰყავდათ ბრინჯთან ერთად მანამ, სანამ მეოცე საუკუნის დასაწყისში კომუნისტებმა სიმინდის მისაყვანად კოლხეთის დაბლობის დაშრობა არ დაიწყეს…

ადრე ყველა გურულის ოჯახში იყო ქვისგან გამოთლილი საცეხველი, სწორედ ბრინჯისთვის და ღომისთვის, შუაცეცხლის სამზადი სახლი, სადაც ცხოვრობდნენ და თან ინახავდნენ  თიხის, ქვის და ხის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს.

კერძები და დესერტები, რომლებსაც ვიზიტორებს ვთავაზობ, ძირითადად ძველი გურული კერძების და გემოების აღდგენა-გაცოცხლებას გულისხმობს (ანუ გურული გასტრონომიული ხაზის პოპულარიზაციას), ეფუძნება იმ ცოდნას, რომელიც ბებიებისგან და დედისგან  გადმომეცა, როგორც მათი ხელით დაწერილი რეცეპტების, ისე მოგონებების  სახით, არის ასევე ჩემს მიერ მოძიებული და ჩაწერილი ვერსიებიც.

მარგალიტა ბებიეს ბრინჯულას რეცეპტი

ცომი

თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ბრინჯულა ქვის კეცზე გამოაცხოთ, მაშინ საშუალო ზომის კეცზე ცომისთვის დაგჭირდებათ: დაახლოებით ნახევარი კილოგრამი მრგვალი ბრინჯის ფქვილი, მაგის ნახევარი რაოდენობის ხორბლის ფქვილი, დაახლოებით ერთი ჭიქა მაწონი და ყველის შრატი (ანუ სველი) იმდენი, რომ ცომი გამოვიდეს არაჟნის სისქის (ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს ავურევთ ერთმანეთში და  შრატით ვათხელებთ, არაჟნის სისქის ცომი რომ მივიღოთ), ვასხამთ შუაცეცხლზე გახურებულ კეცზე. არ დაგავიწყდეთ კეცის ტემპერატურული ბალანსის დაცვა და ფქვილით გასინჯვა, რომ არ დაიწვას ძირი!

აქანე ელანძე მოგართუმენ მსოფლიოში საუკეთესო ბრინჯულას და გურულ ღვეძელს

თავსართი

დაახლოებით ერთი კილოგრამი ყველი დავფშვნათ და 6-7 ცალი კვერცხი (შეგიძლიათ ნადუღის შერევაც), ერთმანეთში ავურიოთ და კეცზე დასხმულ ცომზე გავანაწილოთ თანაბრად. შემდეგ თავზე დავაფაროთ თუნუქი, რომელზეც დავაყრით ნაღვერდალს. დაახლოებით 20 წუთი და ბრინჯულაც მზადაა!

მარგალიტა ბებიეს ბრინჯულას რეცეპტს მე დავამატე ორი საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც არავის არ ვუზიარებ, მაგრამ ვთავაზობ ვიზიტორებს…

„ტაბერნე აცანას“ ფეისბუქგვერდის ბმული: https://www.facebook.com/TaberneInGuria

რას ჩივი?