„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის გამორჩეული მასწავლებლის, ნინო ჩქარეულის გარდაცვალების გამო და მისი ხსოვნის პატივსაცემად, „ლანჩხუთი plus“-ის მდიდარი არქივიდან გთავაზობთ გაზეთის ლეგენდარული რედაქტორის, ქეთევან ნაკაშიძის მიერ მისდამი მიძღვნილ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
მოხევეები მკაცრი და გოროზი ხალხია. მეტყველებაც თავისებური აქვთ და რაც არ უნდა დიდხანს იცხოვრონ მშობლიური გარემოსგან მოწყვეტილებმა, მთის ხალხის აქცენტები, სიდინჯე და განსხვავებული კილო მაინც გამოკრთება ხოლმე მათ საუბარში, დუშეთის რაიონში დაბადებულს თუშებთან, ფშაველებთან, მოხევეებთან ურთიერთიბის დეფიციტი არ მქონია და როდესაც ლანჩხუთში აღმოვაჩინე ქალი, რომელმაც თავისი გარეგნობით და საუბრით ჩემი ბავშვობის წლები გამახსენა, მაშინვე განსაკუთრებული სიმპატიით განვეწყვე მის მიმართ.
უნდა მოგახსენოთ, რომ პიროვნულადაც ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ჩემი მიწა-წყლის ქალი. მესმოდა საუბრები მის პრინციპულობაზე, მაღალ პროფესიონალიზმზე, შესანიშნავ პედაგოგიურ ალღლოზე. დაბოლოს, რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) მამაკაცის მეუღლეობაც რომ იდო თავზე, ამით ხომ საერთოდ გააოცა ლანჩხუთელები.
ნინო ჩქარეული… დღეს ეს სახელი და გვარი ძალზედ ნაცნობია ყველასათვის, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია განათლების სისტემასთან, სკოლასთან.

პატარა ტანის და მაღალი სულის ქალბატონის ფესვები ყაზბეგშია, თუმცა მისი მამა-პაპა უკვე ძიძველი თბილისელები იყვნენ. თვითონ თბილისის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე. იყო ძალიან აქტიური და კომკავშირის ლენინის რაიკომში მიიწვიეს სამუშაოდ. შემდეგ ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის კომიტეტში მუშაობდა ბატონ ჟიული შარტავასთან ერთად.
ისე ჩააბარა გამოცდები იმ დროს პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომ სახლში კრინტი არ დაუძრავს და ჩარიცხულთა სიებში თავისი გვარ-სახელი რომ წ აიკითხა, მერე გაამხილა. ცხადია, ვერ იჯერებდნენ, მაგრამ დაიჯერეს, აბა, სად გაექცეოდნენ ფაქტს.
ნინო ინსტიტუტშიც ბწრყინვალედ სწავლობდა და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ისევ აგრძელებდა. შრომითი სემენსტრები ვისაც გახსოვთ, მოგახსენებთ, რომ ნინო იყო იმ დროისთვის ერთადერთი გოგონა სტუდენტური რაზმების კომისრებს შორის. რაზმს „ქალთევზა“ ერქვა.
რა საინტერესო და სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ყველაფერი რომ მოგიყვეთ, ეს გაზეთი არ მეყოფა და ამიტომ ყველაზე მთავარს გეტყვით: ინსტიტუტის ალკკ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, პარტიული კომიტეტის წევრი, ფაკულტეტის პარტიული ბიუროს წევრი, შესანიშნავი ორატორი, არაერთი პარტიული თუ კომკავშირული კონფერენციის დელეგატი…
ყველა დარწმუნებული იყო, რომ ნინო აუცილებლად ჩააბარებდა მისაღებ გამოცდებს ასპირანტურაში და თავისი აღმზრდელი პედაგოგების გვერდით გააგრძელებდა სამეცნიერო და აღმზრდელობით მოღვაწეობას, მაგრამ როგორც იტყვიან _ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო…
აქტივისტი, ფრიადოსანი, კურსის გული და სული სამუშაოდ ჩამოვიდა ლანჩხუთის რაიონის ყველაზე დასავლეთით მდებარე სოფლის, წყალმინდის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
მოტივი ერთობ ბანალური გახლდათ: ახლობლებს ურეკში სააგარაკე სახლი ჰქონდათ და ბინის პრობლემა არ მექნება, მალე გავა ეს აუცილებელი განაწილების 2 წელი და მშობლიურ თბილისში დავბრუნდებიო.

ქალბატონი ნინო (შუაში) მეგობრებთან ერთად
მაგრამ მერე ჰორიზონტზე გამოჩნდა ბადრი კუტალაშვილი და ეტყობა, ყველა პეიზაჟი და ყველა პერსპექტივა დაფარა თავისი შთამაგონებელი გარეგნობითა და პიროვნული თვისებებით.
ქალბატონი ნინო წყალწმინდიდან ლანჩხუთის განათლების განყოფილებაში გადაიყვანეს ინსპექტორად, იყო საუბრები უფრო ზევით დაწინაურებაზეც, მაგრამ უფრო ზევით ბატონი ბადრი წავიდა. ნინოს ორი შვილი ჰყავდა გასაზრდელი და მუშაობას კი, ლანჩხუთის #1 საშუალო სკოლაში აგრძელებდა.
აღსაზრდელებსა და აღზრდილებში ქალბატონი ნინო უდავოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის ხმის აუმაღლებლად იმორჩილებს ყველაზე აცვენილ კლასს, მოსწავლეში ყოველთვის ხედავს პიროვნებას, რომელსაც პატივი უნდა სცეს. ერთნაირად უყვარს ამრევები და წყნარები. შეუძლია, მოსწავლეს ბოდიში მოუხადოს, თუ აღმოაჩინა, რომ რაღაცაში შეცდა.
ერთი შეხედვით, ძალიან შინაურულია, მაგრამ არასოდეს მისი სიახლოვე ბავშვებთან არ გადადის ზედმეტ ფამილარობაში. ქალს, რომელსაც საკუთარი შვილები თქვენობით ელაპარაკებიან, შეუძლია ჟარგონზეც „გაუხუროს“ იმათ, ვისაც სხვა ენა არ ესმის.
მისი სტუდენტობის დროინდელი დახასიათებები ჩამივარდა ხელში და უნდა გითხრათ, ამდენი წლის შემდეგაც იგი არ შეცვლილა: ლოგიკური, პუნქტუალური, კულტურული, ნაკითხი, მამაცი, საიმედო და ყველაზე ძალიან რამ მომხიბლა, იცით? მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ზუსტმა შეფასებამ: „გულწრფელად პირდაპირია, გაწონასწორებული ჭკუისაა და მოუსყიდველად პატიოსანი“.
კიდევ ერთი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში ქალბატონ ნინოსთან საუბრის შემდეგ: მშობელი ბავშვისთვის ხატი უნდა იყოსო, ბრძანა. ასე ზრდიდა ის თავის და სხვის შვილებს.
ორი მშვენიერი შვილი ჰყავს. კონსტანტინე-კოტიკო პროფესიით ფინანსისტია და ინგლისში იღრმავებს ცოდნას, სტომატოლოგი ნათია კი ბათუმში გათხოვდა მასავით მშვენიერ ახალგაზრდაზე.
დღეს ნინო მეუღლის მამაპაპეულ სახლში ცხოვრობს სოფელ ღრმაღელეში და სოფლურ იდილიასთან შეგუებას ცდილობს. ძალიან ბევრს შრომობს და ენატრება შვილები, მეგობრები, ახალგაზრდობის მშვენიერი და განუმეორებელი წლები და დაილოცოს, ღმერთო, შენი სახელი, ჯერაც ისევ ახალგაზრდა, სიმპატიური გარეგნობისა და უამრავლი ენერგიის პატრონია, რომელიც ერთ დროს ყველაზე ელიტურ წრეებში ტრიალებდა, დღეს თითქმის განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა და ხან დღე ისე გავა, საკუთარი მეუღლის გარდა გამომლაპარაკებელი არავინ გამოუჩნდება.
ის კი იქა დგას და სხვანაირად არც ძალუძს _ ქართველი ქალია და ოჯახის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს.


