„მოსკოვში ხართ ნამყოფი? იცით, [იქ] როგორი გზაა? თუმცა აქ თქვენ პუტინსაც კი გადაუსწარით… 100% რატომ ვერ?“ _ ირმა მგელაძეს ლანჩხუთის მერის „პატიოსნება და წარმოსადეგობა“ არ ჰყოფნის: „ლეონიდ ილიჩ, ნეტავ სად ხედავთ წინსვლას?“

|

Loading

ირმა მგელაძე ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე ეხმაურება „გურია თუდეის“ ფეიქბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს _ ალექსანდრე სარიშვილი მხარდამჭერებს და გუნდს მადლობას უხდის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის [წაიკითხეთ: „ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს  მესამედ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ გამარჯვება არ არის…“]

„ძვირფასო ლეონიდ ილიჩ, ნეტავ სად ხედავთ წინსვლას და კეთილდღეობას? სხვა რეალობაში ხართ აშკარად, რომელიმე სფერო არსებობს ლანჩხუთში, რომელიც გააუმჯობესეთ? – არა. სამუშაო ადგილები შექმენით? – არა. ვინმეს ცხოვრება გააუმჯობესეთ, გარდა თქვენისა? – არა. ახალგაზრდობის ადგილზე დამაგრებისთვის რაიმე გააკეთეთ? – არა. ამასობაში სოფლები დაიცალა, უბანში მომხმარე ჯანმრთელი ადამიანი აღარ დარჩა… საბავშვო ბაღებში ბავშვებზე მეტი პერსონალია დასაქმებული… სკოლებში ბავშვები შემცირდა, ოჯახებიანად მიდიან და იმიტომ… სოც.შემწეობის მიმღებთა რაოდება გაორმაგდა (ადუღებული ეკონომიკის ფონზე) და მთელი ოჯახები რომ დაგემონებინათ, კიდევ 300 ლარიანი “სამსახურები” უბოძეთ და ერთ მიცვალებულს 5 “დასაქმებული” უვლის…“ _ წერს ირმა მგელაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სოფლებში სკოლები და ბაღები დაანგრია და თაობებს წაართვეს საშუალება საკუთარ სოფელში თუ სკოლაში ეზეიმათ… „სამსახურები გადაავსეთ მოკეთე-მხარდამჭერი-უწიგნური თანამშრომლებით… და კიდევ ვინ მოთვლის, რა არ “გააკეთეთ”… გზები, კვლები, შენობები… კი კარგია, ოღონდაც ვისთვის, თუ ირგვლივ ადამიანი აღარ დარჩება ვინც უნდა ისარგებლოს ამ ყველაფრით??? და კიდევ რაის გამარჯვება? უკონკურენტო გამარჯვების ფასი არ უნდა იყოს ისე ტკბილი, არა?“ _ წერს ირმა მგელაძე და ოპონენტებს თხოვს, „თუ რაიმე არასწორად დავწერე, არგუმენტებით შემეკამათეთ, თორემ „პატიოსანი და წარმოსადეგი“ – კარგი სადღეგრძელოები არ მინდა, ვიცით, ბატონო… და კიდევ, ერთი გეცადათ, ბატონო მერო, დამოუკიდებლად გეყარათ კენჭი და ნახავდით, თქვენი “მყვარებელი” ბაბლი როგორ უცბად მოგიძულებდათ… მოსკოვში ხართ ნამყოფი? იცით, როგორი გზა და კვალია? თუმცა აქ თქვენ პუტინსაც კი გადაუსწარით… 100% რატომ ვერ?“ _ მიმართავს ოპოზიციონერი ალექსანდრე სარიშვილს, რომელმაც 4 ოქტომბრის არჩევნებში 88%-ზე მეტი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი საბჭოთა კავშირის პირველი პირი იყო 18 წლის მანძილზე (1964-82 წლებში) და ირმა მგელაძე ამ ირონიით, სავარაუდოდ, ალექსანდრე სარიშვილის მესამედ არჩევაზე მიანიშნებს და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგს კომუნისტური ეპოქის ერთპარტიული არჩევნების 100%-იან მაჩვენებელს ადარებს. ცნობილია, რომ მისმა პარტიამ – „ნაციონალურმა“ მოძრაობამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

რას ჩივი?