„მის სახლში ვარ შენავარდნი, სადაც აფსუებს ახალმოხარშული წაბლი დარჩათ და გოჩა მომიკლეს, კვირკველია… ვიცი, ბოლო კაპიკი მოიკლო და მე მომცა…“ _ არჩილ ხოფერია ფრონტის ხაზიდან

|

Loading

არჩილ ხოფერია

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, მორიგ ისტორიას იხსენებს ფრონტის ხაზიდან:

„დონეცკის ოლქის ერთ ქალაქში ვარ ამჟამად, წუხელ ჩამოვედით. დილას რამეს ვიყიდით-მეთქი, არაჟნის გამყიდველს ხურდა არ ქონდა, მოშორებით ორნი იდგნენ, სლავებს არ ჰგავდნენ , მივედი. კარტოფილს და ნესვს ყიდდნენ. ფული მივაწოდე, ნესვს ვიყიდი და ამასაც გაუსწორდით-თქო. გავსწორდით და მერე ვეკითხები ერთს – სომეხი ხარ? არაო, აზერბაიჯანელი ვარო, ეს ქართველიაო, მეორეზე მითხრა. ვა, მეც ქართველი ვარ-მეთქი, ხელი ჩამოვართვი. გალიდან ვარო. იმ მეორეს ფულს ართმევს და ჯიბეში მიკუჭავს… გარშემო ყველას უხარია, ვატყობ აზერს, არაჟნის გამყიდველს და მე ყველაზე მეტად…

მერე გაირკვა, რომ ბედიიდან ყოფილა და როცა ვუტევდით, მის სახლში ვარ შენავარდნი, სადაც აფსუებს ახალმოხარშული წაბლი დარჩათ და გოჩა მომიკლეს, კვირკველია… ასეა ეს ცხოვრება… ჯერ გალიდან გამოაგდეს, მერე ტორეცკიდან და ვინ იცის, ხვალ ეგებ აქედანაც მოუწიოს წასვლა… ვიცი, ბოლო კაპიკი მოიკლო და მე მომცა… ისიც ვიცი, სისხლი, რაც ჩემი ქვეყნისთვის დამიღვრია, ალალია ასეთ უბრალო ქართველებზე…“ _ წერს ხოფერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის: არჩილ ხოფერია მამასთან და ძმასთან ერთად, 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, სადაც ძმა _ ჯამბულათი დაიღუპა. აფხაზეთში დაიღუპა გოჩა კვირკველიაც, ვის შესახებაც იგი წერს. თითქმის 20 წლის შემდეგ, რუსებთან ომს შეეწირა არჩილის შვილიც, უმცროსი ჯამბულათი, რომელიც უკრაინის დასაცავად ბრძოლებში პირველივე დღეებიდან ჩაერთო.

რას ჩივი?