„ჩემი სოფლის ყველა ნაცნობის ჭირისა და ლხინის თანამოზიარე იყო“ [ვანო გიგინეიშვილის გამოსათხოვარი]

|

Loading

„ქრება, ყველაფერი ქრება, მიდის, ყველაფერი მიდის“…

დიდებულადაა ნათქვამი: დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული  დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. თითოეული ადამიანი არის მოთხრობა.

დიახ! ჩემი თვალთახედვიდან ვანო გიგინეიშვილი სამაგალითო, მისაბაძი განვლილი ცხოვრების გზით კარგი მოთხრობის უკარგესი პერსონაჟია.

მეხსიერების არქივს ბევრი რამ მინდა გამოვსტაცო და წარმოვაჩინო ბავშვობის სანახებიდან დღემდე დანახული მისი უხმაუროდ, უპრეტენზიოდ განვლილი წლები.

ვანო გიგინეიშვილის პროფესიული გზა „სავსე ქართული პატიოსნებით“ დასტურია, როგორი უნდა იყოს იურისტი, სიმართლის დაცვის მსახური. არცერთი თანამდებობა მისთვის პირადი კეთილდღეობის მოტივატორი არ ყოფილა, ყოველთვის პატიოსანი, ზნეკეთილი კაცის რუკით აზროვნებდა.

მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით არ იყო მოფენილი. მიუხედავად უდიდესი სიძნელეებისა, ღირსეულ მეუღლესთან ერთად დამოუკიდებლად მიიკვლევდა გზას საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

ხშირად პირად ტკივილს, დარდს, პრობლემებს ივიწყებდა და სხვას უწვდიდა დახმარების ხელს.

ვინ იცის, სამართლიანობისათვის ბრძოლაში რამდენი ადამიანის მაშველ რგოლად იქცა, რამდენმა ადამიანმა იგრძნო მისი გულიდან დაღვრილი სიკეთის ძალა. ის მთელი ნათესაობის ფარი და მახვილი, დიდი კედელი, იმედი და ძალა, ჩემი სოფლის ყველა ნაცნობის ჭირისა და ლხინის თანამოზიარე იყო.

მწვერვალზე ასვლა ადვილია, დარჩენაა ძნელი.

ვანო გიგინეიშვილი ადამიანობის ღირსების მწვერვალზე დარჩა. ყველაზე ძვირფასი, რაც დატოვა, არის პროფესიის ერთგული, უმწიკვლო მსახურება და პატიოსანი ცხოვრების მაგალითი.

დატოვა შთამომომავლობისათვის ამაყად სათქმელი სიტყვები:

,,არ გაიარო თავდახრილად შენ, ჩემო შვილო, მე სინდისისთვის არასოდეს მიღალატია”.

მჯერა, ამ სიტყვებს მისი შვილებიც სულიერ საგზლად დაუტოვებენ მომავალ თაობას.

მართლაც, ამქვეყნად მარადიული არაფერია….

„ქრება, ყველაფერი ქრება“…

ბედნიერებაა, როცა მიდიხარ „სახელიანი“…

გულწრფელი თანაგრძნობა ოჯახს.

მიმოზა ბარამიძე

„გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

რას ჩივი?