„გურიას“ დამატებით დრო ეკუთვნოდა, ცსკა-ს კი მოგება არ დაუმსახურებია“… როდის დაიწერა „ფუტბოლ-ხოკეის“ ცნობილი სტატია _ „წერტილი რუკაზე“

|

Loading

1976 წ. „გურია“-„ცსკა“ | მატჩის სამახსოვრო ფოტო

1976 წელი იდგა… „გურია“ სსრკ-ის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა, ანუ მეორე ლიგის გუნდი საბჭოთა კავშირის 32 გუნდს შორის მოხვდა. ეს ისტორიული დღე იყო ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში _ „გურია“ მილიონობით ადამიანმა გაიცნო.

…იმ დღეებში ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მოლოდინით ცხოვრობდა. ხუმრობა ხომ არ იყო, არმიელთა რიგებში საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების სამი წევრი გამოდიოდა. თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და სტუმარ მეკარეს რამდენჯერმე რთული ბურთების მოგერიება მოუწია. „გურია” მეტოქეს ღირსეულად ეთამაშა. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აუცილებელი გახდებოდა დამატებითი ტაიმების დანიშვნა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე მოსკოველებმა გაიტანეს…

თამაშის შემდეგ ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტმა ქეთევან ნაკაშიძემ რამდენიმე შეკითხვით მიმართა „ცსკა“-ს მწვრთნელს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, ვალენტინ ბუბუკინს:

– როგორ შეფასებას მისცემთ დღევანდელ მატჩს და ჩვენს გუნდს?

– ძალიან კარგი თამაში იყო, ხოლო კოლექტიურობამ ჩემზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. მოხარული ვართ, რომ ასეთ პატარა ქალაქს ასეთი გუნდი ჰყავს. ძალიან მომეწონა თქვენი ობიექტური მაყურებელიც, რომელიც თავისი ტემპერამენტით და ცოდნით ბრაზილიელ გულშემატკივრებს მაგონებს. იცით რა? ღიმილით დაუმატა ბუბუკინმა -სტადიონს მავთულბადე და წყლიანი თხრილი რომ ჰქონდეს, თავი სადღაც სამხრეთ ამერიკაში მეგონებოდა.

– ვის გამოყოფდით დღევანდელ მოასპარეზეთაგან?

– ჩხაიძესა და ძაგანიას. შესანიშნავად ითამაშეს ნემსაძემ და მამედოვმა. საერთოდ მთელ გუნდს, რომლის ყველა წევრი ერთ დონეზე თამაშობს. ჩვენი ბიჭების თამაშზე კი ამინდმა დიდი  გავლენა მოახდინა. ასეთ სიცხეს არ მოველოდით. რამდენიმე დღის წინ ტაშკენტში ვითამაშეთ და იქ ტემპერატურა პლუს 9 გრადუსზე ზევით არ იყო.

– მოულოდნელი ხომ არ იყო თქვენთვის „გურიის“ მხრიდან ასეთი წინააღმდეგობა?

– მთლად მოულოდნელი არ იყო. ეგრეთწოდებული „საწარმოო დაზვერვა“ ჩავატარეთ. წინასწარ ვნახეთ „შინიკის“ („გურიას“ წინა სათასო მეტოქე _ რედ.) მწვრთნელი და დაწვრილებით ვესაუბრეთ მას. ასე რომ, წარმოდგენა გვქონდა გუნდის სიძლიერეზე , ვიცოდით მისი გეგმა, ისიც, ვინ უფრო სახიფათო იქნებოდა ჩვენი მეკარისათვის.

– რას უსურვებდით ჩვენს გუნდს?

– წელს თასი დაკარგულია. მე ვიცი, მათ ჰქონდათ ერთი ცდა პირველ ლიგაში გადასასვლელად. ვუსურვებ მეორე ცდას გაემართლებინოს მათთვის.

საბჭოთა პრესამ მაღალი შეფასება მისცა „გურიის“ თამაშს. მას საგანგებო წერილი მიუძღვნა გაზეთმა „ფუტბოლ ხოკეიმ“ სათაურით – „წერტილი რუკაზე“.

„ქვეყნის ჩემპიონატში რანგით თანაბარ კლუბებთან ორ-ორი მატჩის შემდეგ უმაღლესი ლიგის გუნდები სტუმრად გაემგზავრნენ ქვედა ლიგის კოლექტივებთან, რათა შეხვედროდნენ მათ თასისათვის გამართულ მატჩებში. მესამე მატჩი სამი დღის ინტერვალით და ზოგიერთებისათვის ხანგრძლივი გადაფრენები, რაღა თქმა უნდა, სეზონის დასაწყისისისათვის პატარა დატვირთვა როდია. სამაგიეროდ, მაშინ მოწმდება ამტანობა. მაგრამ როგორი სიძნელეებიც არ უნდა იყოს, ბედის ჩივილი არა ღირს. სხვა ყველაფერთან ერთად უძლიერესი გუნდების წინაშე ხომ ის ამოცანაც დგას-პრპოპაგანდა გაუწიონ ფეხბურთს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში.

საკუთარი თვალით და არა ტელევიზიით ნახო საუკეთესო ფეხბურთელთა თამაში ნამდვილი სიხარულია ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულებისათვის. მათი რიცხვი კი დიდია. ეს დამაჯერებლად დაგვანახა თასზე ჩატარებულმა მატჩებმა. ამ ინტერესის შესახებ იტყობინებოდნენ „სოვეტსკი სპორტის“ კორესპოდენტები სმოლენსკიდან და ვორონეჟიდან, ივანოვო-ფრანკოვსკიდან, გროზნოდან, იანგიერიდან. მე ვიყავი პატარა მზიურ ქალაქ ლანჩხუთში, რომელიც თბილისიდან მანქანით ან მატარებლით რამდენიმე საათის სავალზეა, ძალიან ახლოსაა ბათუმთან და ქუთაისთან, თითქმის ზედ ეკვრის ფოთს, სადაც საუკუნის გაარიჟრაჟზე შეიქმნა პირველი ფეხბურთელთა გუნდი და საიდანაც არიან წარმოშობით ძმები პაიჭაძეები.

„გურიის“ გამარჯვება „შინიკთან“ აქ აღფრთოვანებით მიიღეს, რადგან უკანასკნელი ორი წლის მანძილზე გურულები იკავებენ რა მეორე ლიგის თავის ზონაში უმაღლეს ადგილებს, პირველი ლიგისაგან ორ ნაბიჯზე არიან და „შინიკთან“ დამაჯერებელი მოგებით დაამტკიცეს, რომ სულაც არ აპირებენ, უარი თქვან თავიანთ მიზანზე შეაბიჯონ შემდეგ კლასში. ჰოდა, როგორ არ გაგახარებს „ცსკა“-სთან შეხვედრის შესაძლებლობა!

„გურიას“ 1976 წლის შემადგენლობა ისტორიაში შევიდა

ძნელია ეპითეტების მოძებნა იმისათვის,რომ ზუსტად ასახო ის ინტერესი, ის აღფრთოვანება, რომელიც აქ სუფევდა უკანასკნელი კვირის მანძილზე. რაიონის მესვეურებმა სპორტულ ხელმძღვანელებს მიზნად დაუსახეს ეს საფეხბურთო კვირა დღე ჭეშმარიტ სპორტულ ზეიმად ექციათ და კიდეც მოახერხეს.

ლანჩხუთში მატჩზე მოწვეული იყვნენ მეორე ლიგაში მოთამაშე საქართველოს გუნდები. მათ თავიანთი გულშემატკივრები ახლდათ. მატჩის დღეს ქალაქი ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით გაივსო, რომელთა ნომრების მიხედვით რესპუბლიკის გეოგრაფიის შესწავლა შეიძლებოდა. ალბათ, ლანჩხუთის მოსახლეობა იმ დღეს ორჯერ გაიზარდა. მატჩის დაწყებამდე სამნახევარი საათით ადრე სტადიონზე ყველა ადგილი დაკავებულლი იყო. მაყურებლები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ უწყვეტ ნაკადად, იკალათებდნენ ბალახზე მინდვრის ირგვლივ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრული წესრიგი იყო დაცული. არავითარი აურზაური, ჭედვა. ერთი სიტყვით, იდეალური ორგანიზაცია, რომელსაც ხელს უწყობდნენ არა მარტო ისინი, ვისაც შტატით ევალება, არამედ თვით მაყურებელიც. ისინი თამაშის დროს კორექტულები, კეთილგანწყობილები იყვნენ სტუმრების მიმართ და თუ ბურთი ტრიბუნებს გადაუფრენდა, იგი სწრაფად ბრუნდებოდა უკან.

მსაჯის პირველ სასტვენამდე ორი საათით ადრე დაიწყო ტანმოვარჯიშეთა გამოსვლა ბატუტსა და მწვანე მინდორზე. შემდეგ კი ნორჩ ფეხბურთელთა მატჩი. ესენი იყვნენ  სპეცსკოლის მოსწავლეები, რომლებიც სპეციალიზებულ კლასში მეცადინეობენ. მეოთხე კლასელები, რომელთა ფინტებისა და  გონებამახვილობის თვალყურის დევნება ერთი სიამოვნებაა. „ცსკა”-ს და „გურიას” ფეხბურთელებმა თამაშის წინ ერთად გადაიღეს სურათი. იმდენი ყვავილები იყო, რომ როცა ისინი თაიგულებად შეკრეს, კოპეიკინმა, ვგონებ ძლივს შემოაწვდინა ხელები. მაშინ არმიელებმა ისევ დაირიგეს თაიგულები და გაიქცნენ ტრიბუნებისაკენ, რომ ისინი მაყურებლებისათვის მიერთმიათ.

შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს გადასცეს სურნელოვანი ჩაის პაკეტები – გურიის სიამაყე. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებისათვის, რომელიც დაასახელა ჟიურიმ, სპორტის დამსახურებული ოსტატის გ. ანთაძის ხელმძღვანელობით (ესენი არიან ნემსაძე და მოროზოვი) და მსაჯებისათვის მომზადებული იყო პრიზები, მაგრამ  ყველაზე მეტად მოსკოველები მასპინძლებს მადლობას უხდიდნენ იმისათვის, რომ ღამით, როდესაც გუნდი ჩამოვიდა, მათ ისეთი მზრუვნელობით შეხვდნენ, რომ ყოველგვარი დაღლილობა გადაავიწყდათ.

„გურია” თამაშის დროს პირველად ვნახე, მანამდე კი მისმა ვარჯიშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, მეორე ლიგის გუნდები სეზონისათვის მზადებას უფრო გვიან იწყებენ, ვიდრე პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბები. გურულები თამაშობდნენ მონდომებით, აზარტით, მაგრამ ავტორიტეტული მეტოქის წინაშე შებოჭილობისაგან დიდხანს ვერ გათავისუფლდნენ, ალბათ ამიტომაც ვერ გახსნეს ანგარიში. მწვრთნელ შალვა კაკაბაძეს ეკუთვნის რეკორდი, რომელსაც ნამდვილად დიდხანს ვერავინ მოხსნის ჩვენში. იგი გუნდს უკვე 19 წელია ხელმძღვანელობს. თბილისის ცნობილი 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი უდაო ავტორიტეტით სარგებლობს გუნდში, რომელიც საინტერესოდ და ორგანიზებულად თამაშობს. ჰყავს ორი გამოცდილი ლიდერი ძაგანია და მჭედლიშვილი და ახალგაზრდა შესანიშნავ ფეხბურთელთა ჯგუფი. არ გამიკვირდება თუ რამდენიმე წლის შემდეგ  თბილისის „დინამოშიც“ კი ვიხილავთ იქაურ მცველებს, თავაძესა და ნემსაძეს, ნახევარმცველ ჩხაიძეს… სწრაფი, ამტანი ფორვარდი ტროიანი, შრომისუნარიანი ჰავბეკი სამსონაძე, მოქნილი, მოძრავი მცველი მამედოვი და რეაქტიული მეკარე მაყაშვილი -მართლაც რომ ჰყავს რეზერვები ჩვენს ფეხბურთს. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მათ და დროულად აღმოვაჩინოთ.

ისე მოხდა, რომ უშეცდომოდ მოთამაშე მამედოვმა ძირითადი დროის ბოლომდე დარჩენილი სამი წუთით ადრე მიიღო ტრავმა და სანამ მას დახმარებას უწევდნენ, ფიქრობდნენ, შეეცვალათ, თუ ბოლომდე მოეცადათ, მის განთავისუფლებულ ზონაში შეიჭრა საუხი, ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, პანტელეევის დარტყმული ბურთი დამცველს მოხვდა, ბურთი კვლავ არმიელთან აღმოჩნდა და მანაც გაგზავნა იგი კარის კუთხეში. თამაშის დამთავრებამდე კი წუთი იყო დარჩენილი. არ ვიცი, შეძლებდა თუ არა „გურია” მოგებას, მაგრამ დამატებითი დროის უფლება მათ მოიპოვეს.

ამბობენ, რომ  „გურიას“ უკეთ შეუძლია ითამაშოს, ვიდრე ამ მატჩში, სრულიად შესაძლებელია, მაგრამ არმიელები კი ცუდად თამაშობდნენ. თუმცა ცდილობდნენ კი და ძირითად დროში გამარჯვება არ დაუმსახურებიათ. მათი ნაკლოვანებების განხილვა კი უხერხულად მიგვაჩნია მეორე ლიგის გუნდთან ნათამაშევი მატჩის შემდეგ.

ყველაფრის მიუხედავად, მაყურებლები კმაყოფილნი და იმედიანნი ტოვებდნენ სტადიონს., რომ თავიანთ გუნდს მალე პირველ ლიგაში იხილავდნენ. წელს აქ აშენდება ტრიბუნები მრავალი ათასი მაყურებლისათვის და ვინ იცის, იქნებ მოგვიწიოს აქ ჩამოსვლა მაშინ, როდესაც „გურია“ მიაღწევს უფრო მეტს, ვიდრე მეთექვსმეტედფინალია. ალბათ, ასეთივე ფიქრებით დაიშალნენ მაყურებლები იანგიერში, ხარკოვში, ვორონეჟში, სმოლენსკში, სადაც „ისკრამ“ კიდეც დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია _ წერდა ყველაზე გავლენიანი საბჭოთა სპორტული გაზეთის კორესპონდენტი ვალერი ვინოკუროვი.

სსრ კავშირში ცნობილი სპორტული  ჟურნალისტისა და მწერლის წინასწარმეტყველება ახდა _ „გურია“ არა მხოლოდ პირველ ლიგაში დაწინაურდა, ამ ისტორიული მატჩიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ „დუნია გადარია“ და „სოფლის გუნდმა“ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ქალაქი, რომლის მოსახლეობა 8 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო სოფლების ჩათვლით ეს რიცხვი 40 ათასს არ აღემატებოდა,  საბჭოთა მეგაპოლისების საფეხბურთო მარაქაში გაერია _  15-ივე მეტოქე მილიონიან ქალაქებს წარმოადგენდა…

რას ჩივი?