„მე მაშინ გამიმართლა, რადგან „გურიაში“ წავედი სათამაშოდ…“ _ ქართული ფეხბურთის ლანჩხუთელი ლეგენდა, სპორტის რაინდი გიორგი თავაძე იუბილარია!

|

Loading

ფოტოკოლაჟი | გიორგი თავაძე სპორტულ გადაცემაში სტუმრად და ფეხბურთელობის დროს

დღეს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გია (გიორგი) თავაძე 70 წლის გახდა.

იგი ლანჩხუთში დაიბადა და ფეხბურთის თამაში 12 წლისამ დაიწყო ადგილობრივ ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში, დანტეს ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. შემდეგ გლდანის სპორტული პროფილის ინტერნატში, თენგიზ ხვადაგიანთან განაგრძო ვარჯიში.

1972 წელს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი შალვა კაკაბაძემ ლანჩხუთის „გურიაში“ მიიწვია. მისი დებიუტი ოჩამჩირეში, გორის „დილასთან“ შედგა. მეორე ტაიმში შევიდა ნახევარდაცვაში და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის შეხვედრა „გურიამ“ 2:0 მოიგო, ხოლო ერთი გოლი გიამ გაიტანა. მომდევნო საკონტროლო მატჩებიც დამაჯერებლად ჩაატარა, მაგრამ საკუთარ ადგილს მაინც უკანა ხაზზე, დაცვის რგოლში ხედავდა. ცოტა ხანში ნოშრე ნარიაშვილის ინიციატივით, ცენტრალური მცველის ამპლუაში გამოსცადეს და უკეთ წარმოაჩინა თავი. მყარად დაიკავა ადგილი წინა სტოპერის პოზიციაზე.

ქვედა რიგში, მარცხნიდან მეორე _ გია თავაძე | 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამო“

მოგვიანებით იგი ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენებს: „გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატი 1972 წელს დავამთავრე, გუნდი ე.წ „პრიმასტერებში“ არ გვყავდა და ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან ამ ასაკში გატარებული ეს ერთი წელი ახალგაზრდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ამის ხარჯზე იზრდებოდა. ვინც ამის შემდეგ გუნდში ვერ მოხვდებოდა, ფაქტობრივად, კარიერას ასრულებდა. ეს იმ დროს, როდესაც ფეხბურთი აღმავლობას განიცდიდა. მე გამიმართლა, რადგან ლანჩხუთის „გურიაში“ წავედი და იქ კარგი პრაქტიკა მივიღე. მაგრამ ბევრმა კარიერა დაასრულა. ადრე გუნდი ლამის ყველა სოფელს ჰყავდა. ყველას „დინამოსა“ და უმაღლესი ლიგის გუნდში ხომ არ აიყვანენ. ამიტომაა აუცილებელი, დაბალი დონის მეტი ტურნირი და გუნდი. ეს მოთამაშეებზე მოთხოვნას გაზრდის, მეტი რაოდენობიან კი მეტი უკეთესი ფეხბურთელი გამოჩნდება. ეს ჩემი მოგონილი არაა, მთელ მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა“.

ბუნებრივია, იგი თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობის ყურადღების ორბიტაში მოექცა. 1978 წლის სეზონის ბოლოს ლანჩხუთელი, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური მცველი სერგო კუტივაძემ თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში გამოიძახა. ძირითადში დებიუტი 1979 წლის 23 ნოემბერს, მოსკოვის „ცსკასთან“ ჰქონდა. მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე და გოლიც გაიტანა. 1980 წლის დასაწყისში, „დინამოს“ საერთაშორისო მატჩების გასამართად არგენტინის ტურნეშიც ახლდა. მაშინ ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა „ბოკა ხუნიორსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. იმავე სეზონში რუმინეთში მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა ადგილობრივი „დინამო“ (ერთადერთი გოლი გია თავაძემ გაიტანა), ხოლო რუმინეთის ნაკრებს 2:0 სძლია. ესპანეთში კადისის ტურნირზე ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა ბრაზილიის „ფლამენგოსთან“, რომელშიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექვსი ფეხბურთელი გამოდიოდა. გია ამ მატჩში სახელგანთქმულ ზიკოს მეურვეობდა და მწვრთნელის დავალებას ჩინებულად გაართვა თავი. ამასთან, „ფლამენგოს“ კარში მეორე გოლი გაიტანა.

1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, „ვესტ ჰემთან“ თამაშის წინ, ნოდარ ახალკაცმა გიას ჰკითხა – მარცხენა მცველად უნდა დაგაყენო, ხომ არ გეშინიაო? არასდროს შეშინებია! ბოლომდე დაიხარჯა. წარმატებით გამოვიდა ჰოლანდიის „ფეიენოორდთანაც“. მისთვის  ყველაზე ბედნიერი დღე 1981 წლის 13 მაისი იყო, როცა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის „რაინ შტადიონზე“ დინამოელებს ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი გადასცეს. გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ გია თავაძის თავდადებული თამაში და გერმანელთა კარში შორეული, უძლიერესი დარტყმა, რომელიც „კარლ ცაისის“ მეკარე გრაპენტინმა აკრობატიული ნახტომით ძლივს მოიგერია.

1982 წელს თბილსის „დინამო“ გამოცდილ ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა დატოვა. მათ შორის იყო გია თავაძეც. იგი 1981 წლის საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, იმავე სეზონში „33 საუკეთესო ფეხბურთელთა“ სიაში შეიყვანეს.

1982 წელს, გიგა ნორაკიძის ინიციატივით ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. რიონისპირა ქალაქში ორი სეზონი დაჰყო და თამაშიც იქვე დაამთავრა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამეურნეო სფეროში. 1997 წელს კი  „გურიის“ უფროსი მწვრთნელი გახლდათ.

„ფეხბურთი არის შოუ და ხალხი საამისოდ დადის. მახსოვს, ერთხელ, უმცროსი მიშა მესხი დუბლებში თამაშობდა და 8 კაცი და მეკარე მოატყუა და ისე გაიტანა. ამიტომ იყო, დუბლების თამაშზეც კი ტრიბუნები თითქმის სავსე იყო. ჩვენს „დინამოზე“ არაფერს ვამბობ, რადგან გუნდის წევრების უმრავლესობა ვარსკვლავი იყო. ხალხს თხოვნა არ უნდოდა, ბილეთების რიგებში ათენებდნენ. ახალკაცის დროს, დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. ამას გარდა, ფეხბურთელებს იმის უფლებასაც გვაძლევდა, ბაზაზე დავრჩენილიყავით და დამატებით გვეთამაშა ან გვევარჯიშა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი გართობა და დროს ტარება. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით კენწვლაში, პენალტების დარტყმასა და ათასგვარ რამეში. მაგალითად, ვინ მეტჯერ მოარტყამდა ბურთს ძელს, „ცხრიანს“ და აშ. მერე და მერე ვხედავდით, რომ ეს არანაკლებ სასარგებლო იყო, ვიდრე ტრადიციული ვარჯიშები. ჩვენი წარმატებები ამის შედეგიც გახლდათ. გარდა მოგებული ტურნირებისა, ბევრ ცნობილ გუნდს თუ ნაკრებს მოვუგეთ, მაგალითად, 1979 წელს თურქეთის ნაკრებს მისივე მოედანზე 2:1 ვაჯობეთ, ხოლო 1980 წელს, ბუქარესტში – რუმინეთს (2:0). სიარულით კი „გალათასარაის“ 7:1 გადავუარეთ, ხოლო „სამსუნს“ – 9:1. როგორც კი ტემპს მოვუმატებდით, მაშინვე ვუტანდით. იმავე წელს, არგენტინული ტურნე გვქონდა და ამ ქვეყნის წამყვან გუნდებს ხუთი თამაშიდან სამი მოვუგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ: მათ შორის, „ბოკა ხუნიორსთან“ 0:1 ვაგებდით და შენგელიას გოლით 1:1 დავასრულეთ, ხოლო „რიველ პლეიტს“ 5:2 ვაჯობეთ. თქვენ გგონიათ, ახლა ჩვენზე ნაკლებად ნიჭიერი ბავშვები მოდიან? არავითარ შემთხვევაში. ვუყურებ და ვხედავ, ვარსკვლავური პოტენციალი ბევრს აქვს. მაგრამ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა დღეში ერთხელ თუ ვარჯიშობს, დამატებით კი, მეეჭვება, ვინმე იტვირთებოდეს. დღეში ერთი ვარჯიში კი მოთამაშის გასაზრდელად მეტისმეტად ცოტაა _ ესეც გია თავაძის ერთ-ერთი ინტერვიუდანაა.

2011 წელს, თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – გიორგი თავაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

„გურია თუდეი“ ულოცავს სახელოვან ლანჩხუთელს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს მას ცხოვრებაში.