მაშინ, როცა რაიონის ბიუჯეტი 5 მილიონი მანეთი იყო, 18 მილიონით დააფინანსა „გურიას“ სტადიონის მშენებლობა… რა აკავშირებდა ლანჩხუთთან გურამ მგელაძეს, რომელმაც შექმნა „რა მოხდა აბაშაში“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გურამ მგელაძე და „გურიას“ სტადიონის მშენებლობა, 1986 წ.

ლანჩხუთისთვის ნაცნობი სახელია _ გურამ მგელაძეს უკავშირდება „გურიას“  სტადიონის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში. მაშინ იგი „საქაგრომრეწვს“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც 18 მილიონით დააფინანსა ლანჩხუთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როცა რაიონის წლიური ბიუჯეტი 5 მილიონ მანეთამდე იყო. გურამ მგელაძე ცკ-ის მამათელი მდივნის და იმ დროს უკვე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრად მიიჩნეოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, არანაკლებ წვლილი ლანჩხუთის მაშინდელ რაიკომის მეორე მდივან ალბერტ ლომაძესთან ახლობლობამაც შეიტანა _ ბატონო ალბერტი „გურიას“ კურირებდა და რა გასაკვირია, თუ ოჯახის ახლობელი ამ მნიშვნელოვან საქმეში დაიხმარა.

ვინ იყო გურამ მგელაძე? მის სახელს უკავშირდება ლეგენდა „რა მოხდა აბაშაში“, სადაც ადგილობრივ რაიკომს წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. ცნობილმა ჟურნალისტმა არმაზ სანებლიძემ „გურამ მგელაძის ფენომენი“, წლების წინ, მის მეგობრებს და კოლეგებს გაახსენებინა.

თამაზ კუნჭულია, მახარაძისა (ახლანდელი ოზურგეთი) და ლანჩხუთის რაიკომების ყოფილ პირველი მდივანი:

_ გურამ მგელაძე სიახლის მაძიებელი და შედეგზე ორიენტირებული მოღვაწე იყო. რა მიზანსაც დაისახავდა, აუცილებლად უნდა მიეღწია. გურამმა იმთავითვე აუღო ალღო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მესიმინდეობასა და მეცხოველეობაში, აგრეთვე, მიწათმოქმედების სხვადასხვა დარგში. შემოჰქონდა და ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს. ის, რასაც გურამ მგელაძე აკეთებდა მემცენარეობასა და მეცხოველეობაში გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, მხოლოდ და მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებზე იყო დაფუძნებული.

ერთ მაგალითს დაგისახელებთ: მეღორეობაში სწორედ გურამის ინიციატივით დაინერგა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი, რომელიც პროგრესულ მეთოდად იქნა აღიარებული და უაღრესად დადებითი შედეგი გამოიღო.

„გურიას“ სტადიონის მშენებლობის შტაბის ხელმძღვანელი ალბერტ ლომაძე, 1986 წ.

რასაც ვყვები, აბაშის მაგალითზე მოგახსენებთ. გურამმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში კოოპერაციის განვითარებას. გლეხები საზოგადოებრივი მეურნეობებიდან მიცემულ პირუტყვს ასუქებდნენ და შემდეგ აბარებდნენ სახელმწიფოს. ეს გლეხის კერძო მეურნეობას ისეთი მოგებით უზრუნველყოფდა, რომელზეც მანამდე ვერც იოცნებებდა. ის, რასაც დღეს 95-99, ხოლო ზოგიერთ დარგში სრული 100 პროცენტი უჭირავს, ოჯახური, დამხმარე მეურნეობების წილია, გურამ მგელაძემ ჯერ კიდევ მაშინ დაინახა და მეურნეობრიობის ამ ტიპს უპირატესობა მიანიჭა, ხელი შეუწყო მის დანერგვასა და განვითარებას აბაშის რაიონში. ოჯახური მეურნეობები იყო ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველი ყოველთვის. ეს აბაშის ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შედეგით.

იმხანად საქართველო, განსაკუთრებით კი, აბაშის რაიონი, საბჭოთა კავშირში აღიარებული იყო, როგორც მოწინავე მეთოდების დანერგვის ლაბორატორია. ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად, აბაშის ექსპერიმენტს პირადად ეცნობოდნენ საბჭთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინი, საკავშირო ცენტრალური კომიტეტის მდივნები, მინისტრები…

ბიუროკრატიული სისტემა დიდად აბრკოლებდა ადგილებზე, ნებისმიერი სიახლის დანერგვას. გურამმა შეძლო და ყველა სამინისტროს წარმომადგენელი შეიყვანა ერთ გაერთიანებაში, რომელიც აბაშის რაიონში დააარსა. ამით მან ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის პირობები შექმნა და რესურსებისადმი წვდომა გააიოლა; ეს იყო პირველი მცდელობა იმ ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმის განხორციელებისა, რომელზეც ჩვენი დღევანდელი ეკონომიკის სისტემაა აწყობილი.

საქმის გამკეთებელი კაცი იყო გურამი და საერთო კეთილდღეობისთვის პირად ურთიერთობებსაც აქტიურად იყენებდა. მთავარი მაინც იყო ის, რომ შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის შემოღებით მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, იმატა ოჯახების შემოსავალმა. აქაური გლეხები თითქმის ყოველ შემოდგომაზე ახალ ავტომანქანებს ყიდულობდნენ. დღეს ავტომობილი აღარავის უკვირს, მაგრამ იმხანად დეფიციტი იყო.

ბაკურ გულუა, სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრი:

_ ბატონი გურამი თავისი პროფესიითა და ცხოვრებისეული პრაქტიკით სოფლის მეურნეობასთან თავიდან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ მისი ნიჭი და უნარი სწორედ ეკონომიკის ამ დარგში სრულად გამომჟღავნდა.

1973 წელს ჩაუდგა სათავეში აბაშის რაიონს და ქვეყნის ცხოვრებაში შემოვარდა, როგორც გრიგალი. ორიოდ წლის შემდეგ მუშაობა დავიწყე გალის რაიონში, მეზობლები და კოლეგები გავხდით. საშუალება მომეცა, მოწმე ვყოფილიყავი მისი განსაცვიფრებელი, არასტანდარტული დამოკიდებულებისა გადასაჭრელი პრობლემებისადმი. იმ პერიოდს თავისი სიძნელეები ახლდა _ გლობალური დეფიციტი, შრომის მარგი ქმედების კოეფიციენტის ნაკლები ეფექტიანობა, უნარიანი კადრების სიმცირე და ა.შ.

მან წამოიწყო ახალი და სარისკო საქმე, რომელსაც დაერქვა აბაშის ექსპერიმენტი. გურამ მგელაძე იმით იყო გამორჩეული, რომ ნორმატიულ ჯებირებს ყურადღებას არ აქცევდა: დღე და ღამ ხალხთან ტრიალებდა, სოფელ–სოფელ დადიოდა, სწავლობდა, იკვლევდა იმ თვალშისაცემი ჩამორჩენის მიზეზებს, რომლებიც ხალხს ცხოვრებას უძნელებდა. ცნობილია, რომ ახალ, საკოლმეურნეო პრინციპზე სოფლის გადასვლას მიწაჩამორთმეულმა გლეხობამ იმთავითვე ეჭვის თვალით შეხედა. საბჭოთა წლებში სახელმწიფომ მილიონობით მანეთი გაიღო ქართული სოფლის ასაღორძინებლად _ კოლხეთის ჭაობის დასაშრობად, მიწების ასათვისებლად, მელიორაცია-ირიგაციის სისტემის მოსაწყობად, ახალი კულტურების შემოსატანად და ა.შ., მაგრამ გლეხის შრომა მაღალნაყოფიერი მაინც ვერ ახდა, ანუ ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ამ უზარმაზარი ფინანსური, სამეცნიერო თუ ტექნიკური პოტენციალის პირობებში.

გურამ მგელაძემ შეძლო, გლეხობა მიწისკენ შემოებრუნებინა. მოკლედ, საქმის არსი ასეთია: სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობა ორ ტონას არ აღემატებოდა. გლეხს დასამუშავებლად გადასცემდნენ, ვთქვათ, ერთ ჰექტარ მიწას და, თუ ორ ტონას მოიწევდა, აქედან ერთს შინ წაიღებდა, მაგრამ, თუ სამ ტონას მოიყვანდა, შვიდ ცენტნერს კიდევ უმატებდნენ; ე. ი. სამი ტონა მოსავლიდან გლეხს საკუთარ სარგებლობაში რჩებოდა ერთი ტონა და შვიდასი კილოგრამი. სახელმწიფო იტოვებდა ტონა სამას კილოგრამს, რომლითაც გადახდილი იქნებოდა ყველა ხარჯი: წყლის, ელექტროენერგიის, საწვავის, ტექნიკით მომსახურების ღირებულება. სახელმწიფოსთვის ასეთი ეკონომიკა წამგებიანი, მინუსი ნიშნით იყო, მოგებული რჩებოდა გლეხი.

ასეთ პირობებში გლეხი მზად იყო, საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთიც სახელმწიფოსთვის გადაეცა და ისე ემუშავა, ემუშავა გულით, მთელი მონდომებით.

წლების განმავლობაში გურამმა სახელი გაითქვა საბჭოთა კავშირის მასშტაბით _ მოსავლიანობა 2-3-ჯერ გაიზარდა, ხალხი წელში გაიმართა, გამდიდრდა, სოციალური პირობები არნახულად გაუუმჯობესდა.

ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა გურამ მგელაძისთვის სოციალისტური შრომის გმირის წოდების მინიჭებით. გმირობა ედუარდ შევარდნაძემაც დაიმსახურა. მაგრამ ის, რაც აბაშაში ასე წარმატებით განხორციელდა, ქვეყანის ყველა რაიონში ვერ გამეორდებოდა. სოციალისტური ეკონომიკის პირობებში ეს სრულ კრახს გამოიწვევდა.

რას ჩივი?