„გურია თუდეიმ“ უკვე გაცნობათ, რომ ლანჩხუთის „გურიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს [ექსკლუზივი: „გურიას“ გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის: „გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“… ვინ იქნებიან მის შტაბში და რა პოზიციაზე იმუშავებს თემურ ლორია]
ასევე გუნდს ახალი სპორტულ დირექტორი ჰყავს, ამ პოსტზე 28 წლის ანდრო ნემსაძე დაინიშნა. მან აქტიური საფეხბურთო კარიერა 2025 წელს დაასრულა _ „სიონის“, ცხინვალის“, „გაგრას“, „ვიტ ჯორჯიას“, „დილასა“ და „არაგვის“ ყოფილ მცველს ეროვნულ ჩემპიონატების მთავარ ლიგებში 175 მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, ძველი შემადგენლობიდან, ჩვენი ინფორმაციით, გუნდში აუცილებლად დარჩებიან მთავარი მეგოლეები _ ვანო შარვაძე, ვანო წილოსანი და გასული სეზონის ბოლო მატჩის გმირი თემურ შარაშენიძე. „გურიას“ მიერ წინა სეზონში გატანილი 66 გოლიდან 41 ამ სამეულის ანგარიშზეა. ასევე გუნდში დარჩება ახალგაზრდა, პერსპექტიული ნახევარმცველი დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც 20 წლისაა. „გურიაში“ ითამაშებს 23 წლის მცველი ნიკა კოკაიაც _ მისი საგოლე პასებით მოახერხა თემურ შარაშენიძემ ბოლო ტურში „არაგველებთან“ ანგარიშის გათანაბრება, რამაც კლუბს მესამე ლიგის საგზური მოუტანა. კიდევ ვინ გააგრძელებს კლუბთან კონტრაქტს, ამ დღეებში გახდება ცნობილი.
„გურიას“ უკვე ჰყავს 6 ახალწვეული, ყველა გამოცდილი და უმეტესობა ტიტულიანია. აშკარაა, რომ ლანჩხუთლებს ლიგა-2-ში დაწინაურება აქვთ განზრახული და როგორც გავიგეთ, სხვა ვარიანტს არც განიხილავენ.
11-წლიანი შესვენების შემდეგ, „გურიაში“ დავით მაისაშვილი ბრუნდება. 36 წლის მცველი კლუბის ღირსებას 2012-13 წლებში იცავდა, როცა 11-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.
იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი იქნება ლანჩხუთის კლუბში _ 2009-11 წლებში, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი, ხოლო 2020-21 წლებში, გორის „დილას“ რიგებში ზედიზედ ორჯერ დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ასევე უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, ცხინვალის „სპარტაკში“, მარტვილის „მერანში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და წყალტუბოს „სამგურალში“, ბოლნისის „სიონსა“ და “თბილისი-2025”-ში. 2017 წლიდან ქართულ მთავარ ლიგებში 236 შეხვედრა ჩაატარა და ამპლუით ცენტრალურმა მცველმა 12 გოლი გაიტანა.

„გურიას“ კაპიტანი მომდევნო სეზონშიც თემურ შარაშენიძე იქნება
ასევე ძალიან ტიტულოვანია 32 წლის ნოდარ იაშვილი _ გამოცდილი უკანახაზელი თბილისის „იბერია-1999“-ისა და „დინამოს“ შემადგენლობაში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. იგი ასევე იცავდა „ლოკომიტივის“ ღირსებას, ხოლო 2024 წლიდან ბოლნისის „სიონის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ბოლო 9 სეზონში ეროვნული ჩემპიონატების მთავარ ლიგებში ჩატარებულ 182 შეხვედრაში, ამპლუით მცველმა 14 გოლი გაიტანა.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის გამარჯვებულია კიდევ ერთი ახალწვეული თორნიკე კაპანაძე _ 33 წლის „ელვას“ ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისისა და ბათუმის „დინამოებში“, „ზესტაფონში“, „დილაში“, „სიონსა“ და „სამტრედიაში“ აქვს ნათამაშები. „გურიაში“ სწორედ მეზობელი იმერული ქალაქიდან გადმოვიდა. ბოლო 10 სეზონში მთავარ ლიგებში 234 თამაში აქვს ჩატარებული და 72-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.
“გურიამ“ ასევე დაიმატა 36 წლის შემტევი დათა სიჭინავა, რომელიც ბოლოს ბოლნისის „სიონის“ ღირსებას იცავდა (ბოლო სეზონში, 35 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა). ასევე უთამაშია არაერთ ქართულ კლუბში, მათ შორის უმაღლეს ლიგაში _ ქუთაისის „ტორპედოს“, „გაგრას“, ბათუმის „დინამოს“, ფოთის „კოლხეთისა“ და „რუსთავის“ შემადგენლობაში. 2017 წლიდან მან ქართულ ჩემპიონატებში 220 მატჩი ჩაატარა და 114 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ 0,52 გოლია ერთ შეხვედრაში, ანუ ყველა 2 შეხვედრაში გააქვს!
კიდევ ერთი ახალწვეულია კახა კახაბრიშვილი _ 32 წლის ნახევარმცველი წინა სეზონში „გონიოს“ ღირსებას იცავდა. ასევე ნათამაშები აქვს „ვიტ ჯორჯიაში“, „ლოკომოტივში“, „ცხინვალში“, „ჩიხურასა“ და „სიონში“. 2017 წლიდან მთავარ ლიგებში 120 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.
ბოლო ინფორმაციით, „გურიაში“ ითამაშებს ნიკოლოზ ნოზაძეც _ 31 წლის ნახევარმცველი წინა ჩემპიონატში „სიონს“ ეხმარებოდა. მან ბოლო ორ სეზონში 64-ჯერ დაიცვა ბოლნისელთა ღირსება, ხოლო 2017 წლიდან მთავარ ლიგებში 190 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „გურია“ ბიზნესმენ კახი ჟორდანიას კომპანიის მფლობელობაში გადადის, თავად იქნება პრეზიდენტი, ხოლო დირექტორატს კლუბის 1989 წლის შემადგენლობის წევრები დააკომპლექტებენ და მას სფფ-ის ექს-პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს.


