40 დღე გავიდა, რაც დაგვტოვე, ჩვენო სათაყვანებელო ქალბატონო… ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე არ გვეფიქროს. ეს არაა ტრაფარეტული სიტყვები _ შენმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ბევრი გასახსენებელი დაგვიტოვა…
თუნდაც „ლანჩხუთი პლუსში“ 25-წლიანმა დაუღალავმა შრომამ და თავდადებამ, თანამშრომლებსა და მკითხველებთან ურთიერთობამ იმდენი სითბო და სიყვარული გვანახა, მთელი ცხოვრების საგზლად გვეყოფა…
იყავი სამაგალითო დედა და მეუღლე, ბრწყინვალე ბებია და დედამთილი, უღალატო მეგობარი და ნათესავი, მოსიყვარულე ხელმძღვანელი და თანამშრომელი… და რაც ძალიან გვახარებს _ საუცხოო მოქალაქე და მოჭირნახულე შენი ქალაქისა.
შენმა ლანჩხუთმაც დაგიბრუნა ის სიყვარული, რითაც მას ემსახურე 50 წლის მანძილზე…
გაფასებენ და პატივს გცემენ ისინიც კი, ვისაც შენი მახვილი კალამის ძალა უგრძვნია, რამეთუ იცოდნენ, რომ ამას ისევ მათთვის, ნათელი მომავლისთვის, რაიონისთვის აკეთებდი.
გაფასებენ იმისთვისაც, რომ არასდროს ივიწყებდი წინაპრებსა და ამაგდარ ადამიანებს, პოპულარიზაციას უწევდი ახალგაზრდობას, იდეას, სიახლეს…
ჩვენ კი, შენი ოჯახი მადლიერი ვართ ყველაფრისთვის _ იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რასაც შენს გამო ათწლეულების მანძილზე ვიღებთ და რაც გაჰყვება შენს შთამომავლობას სამარადჟამოდ…
უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს, ჩვენო ძვირფასო ადამიანო!
ოჯახი