„This is ლანჩხუთის“ დამაარსებელი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ ემიგრაციაში გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტის, ლუი ორაგველიძის დედა _ ირმა ცინცაძე.
„ლუი, ჩემო ყველაზე კეთილო გოგო, ბევრი წლის წინ გარდაცვლილი მამა როგორ გტკიოდა, როგორ გენატრებოდა და ახლა უკვე დედაც დაკარგე… სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს, არც კი ვიცი, როგორ განუგეშო, ვიზიარებ შენი ოჯახის ტრაგედიას – თქვენზე გადაყოლილი საოცარი დედის გარდაცვალებას, რომელმაც ორი ღირსეული ადამიანი გაგზარდათ შენ და დათუკა… მე მხოლოდ ინტერნეტით ვიცნობდი ირმა დეიდას და მივხვდი, როგორი ქალიც იყო… უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, მაპატიე, რომ ფიზიკურად ვერ ვარ შენს გვერდით ამ მძიმე წუთებში“ _ წერს სოციალურ ქსელში ნინია ბარამიძე, რომელიც ასევე ემიგრაციაში იმყოფება.
„ვაიმეე, რას ამბობთ, ლუი, არ მაქვს სიტყვები, შენი მონატრებული დედიკო… ვიცი, ახლა რასაც გრძნობ. ეს რა გავიგე, ჩემო ირმა და ხუტუნა, ერთად გტირით ორივეს, რა დაგემართა, ირმა ასეთი, ჩემო მონატრებულო. უფალმა მოიხსენიოს შენი სული“ _ წერენ ახლობლები.
სულისშემძვრელი სტატუსი გამოაქვეყნა გარდაცვლილის შვილმა: „დეე, ჩემო მონატრებულო, ამას ვერ გავუძლებ, მიყვარხარ, დეეე, ჩემო ლამაზო, შრომაში დაღლილო. გელოდები, დე“ _ დაწერა ლუიმ. მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ოჯახური ფოტო წარწერით _ „ჩემი ბედნიერი ბავშვობა“.

ლუი ორაგველიძე მშობლებთან და ძმასთან ერთად
ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი აკაკი ებრალიძე წერს: „15 წელი არ მინახავხარ, მაგრამ სულ მახსოვდი, სულ ჩემს გულში იყავი! რამდენი სიკეთე, სითბო და თანადგომა მახსოვს შენგან, ვერც ვითვლი! სულ მემახსოვრები, სულ მეყვარები და სულ ჩემს გულში იქნები, ჩემო მონატრებულო, უფროსი მეგობარო! მე ხომ შენს გვერდით და შენს ხელში გავიზარდე, ამ ჩვენს პატარა, უამრავი მოგონებით და სიყვარულით სავსე “კუთხეში”! მშვიდობით ირმა!“
„გურია თუდეი“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს და თანაუგრძნობს ლუი ორაგველიძეს დედის გარდაცვალების გამო.
რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ლანჩხუთელი ემიგრანტი გარდაიცვალა _ 26 წლის დავით შაინიძე აშშ-ში სასწავლო კურსს გადიოდა. იგი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ არჩეულში და ორშაბათს დაკრძალავენ.


