„ლანჩხუთში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება…“ _ ექსკლუზიური ინტერვიუ ვალერიან შიუკაშვილთან

|

Loading

ვალერიან შიუკაშვილი ნორჩ პიანისტებთან ერთად

ლანჩხუთში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუსიკო კონკურსი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მეტად შთამბეჭდავი იყო დახურვის ცერემონიალი და გალა-კონცერტი, რომელსაც სამუსიკო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. ამ კონკურსის მთავარი სულისჩამდგმელი მსოფლიო  დონის ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია, რომელიც ძალიან უბრალო ადამიანია.   „გურია თუდეისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან გვიამბო, როდის წამოვიდა იდეა, ლანჩხუთს ემასპინძლა კარლ ჩერნის კონკურსისთვის და ასევე გაგვიმხილა – რა გეგმები აქვს სამომავლოდ…

_ ბატონო ვალერიან, პირველ რიგში გილოცავთ, რომ კონკურსი კვლავ მაღალ დონეზე ჩატარდა.

_ მადლობა, ნამდვილად ყოველწლიურად იმატებს არა მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობა, არამედ ხარისხიც. წელს მესამედ ჩავატარეთ კარლ ჩერნის კონკურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უკვე ტრადიციული გახდა და ყოველწლიურად ჩატარდება. თუ პირველ კონკურსში ჩვენ გვყავდა 8 სამუსიკო სკოლა და 50-მდე მონაწილე, წელს უკვე ეს ციფრები 3-ჯერაა გაზრდილი, რაც ასევე მიუთითებს, რომ კონკურსი შედგა და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია.

_ საიდან წამოვიდა იდეა,  რომ ლანჩხუთს ემასპინძლა ასეთი წარმომადგენლობითი კონკურსისთვის?

_ მიუხედავად იმისა, რომ დედა გურული მყავს, სამწუხაროდ, არაფერი ვიცოდი ლანჩხუთის სამუსიკო ცხოვრების შესახებ. დაახლოებით 5-6 წლის წინ, როცა სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე იყო, მაშინ მომიპატიჟეს.         ქალბატონენმა _ ლია ურუშაძემ და მაია ჩავლეიშვილმა მომატარეს მთელი ქალაქი, გამაცნეს ლანჩხუთი. მათში დავინახე ის შესაძლებლობა, რომ თავს გაართმევდნენ კონკურსს და იმედები 100%-ით გამიმართლდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ კარლ ჩერნის კონკურსი ლანჩხუთში ჩაგვეტარებინა და იმდენად მაღალ დონეზე კეთდება ყველაფერი, რომ ყოველწლიუარდ წინ მივიწევთ.

_ ცოტა უცნაურია, ასეთი დონის პიანისტი არა მხოლოდ ჟიურის თავმჯდომარე, თავიდან ბოლომდე ჩართული ხართ კონკურსის ორგანიზებაში.

_ (იცინის) წელიწადის ნახევარს საქართველოში კონკურსებს ვუთმობ, მეორე ნახევარს კი _ საზღვარგარეთ ჩემს ვიზიტებს, სადაც მაქვს ფუფუნება, წარვსდგე მსმენელის წინაშე და არ ვიფიქრო ორგანიზებაზე. მაგრამ როცა საქართველოში ვარ, თავს უფლებას ვერ მივცემ, მხოლოდ გარედან ვუყურო და არ დავუდგე გვერდში ერთუზიასტ ადამიანებს, რომლებიც განუზომლად ბევრს აკეთებენ მომავალი თაობისთვის.

აქვე მინდა ჩემი სურვილი გაგიმხილოთ, რომ აუცილებლად მიმაჩნია, მუსიკის მასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი მიანიჭონ. ვერ ვხედავ ვერანაირ დამაბრკოლებელს ამაში და ეს ადამიანები, რომ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებენ, ამაში მგონი, ყველა ვთანხმდებით. შეუფასებელია მათი შრომა…

_ თქვით, ლანჩხუთში კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. ფაქტია, გაისად კიდევ მეტი მონაწილე ჩაერთვება. ხომ არ იგეგმება სხვა სიახლეებიც?

_ გაგიმხელთ, რომ ლანჩხუთში ვგეგმავთ საერთაშორისო კონკურსის ჩატარებას და თუ წელს ჩვენ გვყავდა საქართველოს სამუსიკო სკოლები წარმოდგენილი, ჩამოვიყვანთ უცხოელებსაც. ეს, რა თქმა უნდა, დიდი რეკლამაც იქნება ლანჩხუთისთვის და აქაური მუსიკალური ცხოვრებისთვის. არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ იქნება, მე უკვე ვიცი და დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთი შეძლებს ამ კონკურსის ორგანიზებას. უბრალოდ, საერთაშორსიო კონკურსს ასეთი მცირე დარბაზი ვერ უმასპინძლებს. როგორც ვიცი, დაგეგმილია თეატრის შენობის რეკონსტრუქცია და როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, ჩვენ საქმეს შევუდგებით. ლანჩხუთი აუცილებლად უმასპინძლებს საერთასორისო კონკურსს!

მამუკა ქანთარია

რას ჩივი?