ლანჩხუთს 235 პირველკლასელი ჰყავს, პირველი „პირველია“, მართლმადიდებლურმა სკოლამ 30-ედ დაიწყო, მედალოსნებს ხვალ დააჯილდოებენ…

|

Loading

საზეიმო ღონისძიება მესამე საჯარო სკოლაში

ლანჩხუთელთა დიდი ტკივილის, არჩილ კვაჭაძის ტყუპი ბიჭები, რომელთა დაბადებასაც მამიკო ვერ მოესწრო, უკვე სკოლის მოსწავლეები არიან.

„ბიჭების პირველი ნაბიჯები სკოლაში. წარმატებებითა და ბედნერებით სავსე იყოს, დე. თქვენი მამიკოს სიყვარული, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გაკლდათ, გაგინათებთ წარმატებული მომავლის გზას, ჩემო ლომებო“ _ წერს სოციალურ ქსელში აჩისა და დემეს დედა, თამარ ჩილაჩიძე და საკლასო ოთახში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ახალი სასწავლო წელი საჯარო და მართლმადიდებლური სკოლების მოსწავლეებს მიულოცა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 235-მა პატარამ შეაღო სკოლის კარი პირველად. მინდა, გისურვოთ წარმატებული და საინტერესო მომავალი. წარმატებების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის!“ – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

აჩი და დემე კვაჭაძეები

ოცდამეათედ დაირეკა ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში.

„30 წლის გავხდით! თითქოს გუშინ იყო პირველი ზარი და პირველი გაკვეთილი… დრო ჩქარა მიედინება და უკანმოტოვებულ წლებს ისტორიის ფურცლებზე მიუჩენს ადგილს…  ყოველი სასწავლო დღე, ყველა გაკვეთილი, სასკოლო თუ სკოლისგარეშე აქტივობა მიეძღვნება ჩვენს სასწავლებელს…  დაბადების დღეს 2026 წლის თიბათვეს გადავიხდით… მანამდე, ბევრი ვიშრომოთ და ვისწავლოთ!“ – აღნიშნულია სკოლის მისასალმებელ წერილში.

გამორჩეულად ლამაზი ღონისძიებები გაიმართა ქალაქის ოთხივე სკოლაში. ვიდეობი ამავე სკოლების, ნაწილი კი „გურია თუდეის“ სოციალურ პლატფორმებზე დევს.

„10 წელი ვიყავი ამ არმიის რიგითი ჯარისქალი.

სამივე ვაჟი ამ სკოლას მივაბარე.. დავიწყეთ გენიალური მაყვალა გვარჯალაძით და მერე მოყვნენ სხვები და სხვები…

არ ვხმაურობ სკოლის შესახებ.. მიმაჩნია, რომ ჩემიცაა და ჩემი სხვამ უნდა აქოს. დღეს მაინც ვერ შევიკავე თავი და ხმამაღლა ვამბობ, რომ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა განსაკუთრებულია თავისი ისტორიით, ცოდნით,  მასწავლებელთა ძლიერი გუნდით, წარმატებული მოსწავლეებით, გულშემატკივრებით. მიყვარხართ” _ წერს სოციალურ ქსელში სოფიო ჩხაიძე, რომელიც ლამაზი ჩანახატებით ხშირად გვანებივრებს.

ხვალ ლანჩხუთელ მედალოსნებს ცენტრალურ სკვერში დააჯილდოებენ. ღონისძიება საღამოს 6 საათზე დაიწყება და მას მუსკალურად გიგა პაპასკირი გააფორმებს.

რას ჩივი?