თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია.
გურიიდან მასში პირველად მონაწილეობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი ეკატერინუ ჩუბინაშვილი და ამავე სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსი მერაბ ჩხაიძე წარმოადგენდნენ.
კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მასში მონაწილეობდნენ ტურისტული ორგანიზაციებისა და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები. მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე, სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელი თეონა ნემსიწვერიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაია ომიაძე.
პირველ სესიაზე – „მდგრადი დანიშნულების ადგილი“ საქართველოს რეგიონების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაცია გააკეთა ეკატერინე გუჯაბიძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი – მრავალფეროვანი ბუნებრივი და კულტურული საგანძური და მისი როლი რეგიონის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში.

ეკატერინე გუჯაბიძემ დამსწრეებს ლანჩხუთის ტურისტულ პოტენციალი გააცნო
ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტურიზმის არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ კულტურულ და სოციალურ განვითარებას.
კონფერენციაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასტუმრო და განთავსება, ტურისტული პროდუქტისა და დანიშნულების ჩარჩო, ქვეყნების ბიზნესებისა და ტუროპერატორების ტურიზმის სტრატეგიების მაგალითები, მდგრადობის სერთიფიცირების სისტემები, GSTC-ის სტანდარტები ტურ-ოპერატორებისათვის და სხვ.
ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის თქმით, კონფერენცია საინტერესო იყო, გაეცნენ არამარტო წარმატებული ტურისტული ორგანიზაციების მაგალითებს,არამედ ტურიზმის სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებაც.
ეკატერინე ჩუბინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ლანჩხუთს აქვს ყველა ის რესურსი, რაც მას საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს: „მთავარი გამოწვევა კი ამ რესურსების სწორად გამოყენება და განვითარებაა. ტურიზმის განვითარება კი მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, სოციალური სტაბილურობისას და კულტურული განვითარებისთვის“.


