ლანჩხუთსა და ლესას შორის ავტომაგისტრალზე მოძრაობა 9 ივლისის 12 საათამდე შეიზღუდა. ამის შესახებ საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესის საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.
სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე, ლანჩხუთისა და ლესის სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე.
აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოსახლეობასა და ავტომობილების მძღოლებს შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის და მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით” _ ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი 2025 წლის 17 დეკემბერს გაიხსნა. მას შემდეგ 7 სრული თვეც არ არის გასული.





