გაზეთი „ლანჩხუთის მოამბე“ არქივიდან აქვეყნებს ფოტოს, რომელიც 1989 წელს ჯიხეთის დედათა მონასტერშია გადაღებული. მაშინ პატრიარქმა მონასტერში ნათლობა ჩაატარა [მთავარ ფოტოკოლაჟში ფოტო აღდგენილია AI-ს მიერ].
„[ლანჩხუთში] ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, ილია II-მ [ქალაქის ცენტრში მდებარე] სკვერში ის ადგილი მონახულა, სადაც ძველად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობდა და აკურთხა, ხოლო საზოგადოება, რომელიც პატრიარქთან შესახვედრად გამოვიდა, დალოცა. ერის სულიერმა მამამ ლანჩხუთში ყოფნისას ბრძანა, რომ ყოფილი ეკლესიის ადგილზე აუცილებლად აიგებოდა ახალი ტაძარი“ _ წერს გამოცემა.
36 წლის წინ, ეს ბევრისთვის მხოლოდ სურვილი იყო, მაგრამ 2025 წელს პატრიარქის სიტყვები ახდა _ ქალაქ ლანჩხუთში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაწყებულია [მაკეტი იხილე მთავარ ფოტოკოლაჟში]

ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მშენებარე ტაძარი | ფოტო გადაღებულია 2026 წლის 23 მარტს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II განსაკუთრებული სულიერი სიახლოვით გამოირჩეოდა ლანჩხუთში მდებარე ჯიხეთის დედათა მონასტერთან. ის არაერთხელ სტუმრებია ამ სავანეს, აღტაცებით მოიხსენიებდა მას, როგორც “საიდუმლო სამოთხეს”. უწმინდესმა დალოცა დედათა მონასტრის გუნდი, რომელიც ხშირად ასრულებს საგალობლებს, რაც პატრიარქს ძალიან მოსწონდა.
გთავაზობთ ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია კბილაშვილის მოყოლილ ამბებს, რომელიც 20 წლის წინ პატრიარქთან მის მხიარულ ისტორიებს ეხება და მაშინ ჟურნალში „ყაბალახი“ (გაზეთ „ჰო და არას“ დამატება] გამოქვეყნდა:
„ორი კურიოზი მომიხდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ტაძრის ოდიკზე წერს უწმინდესი თავის საწერ-მაგიდაზე. მე ნაჭერი გაშლილად მიწერია, რომ კარგად დაწეროს, უცებ ხელი გამომეკრა და უნიკალური ჭურჭელი წყლისა, რომელიც მაგიდაზე იყო, გატყდა. „აუჰ, რა კარგია!“ _ ვთქვი. „რა არის, კაცო, კარგი? იცი, ეს ვინ მაჩუქა, საიდან ჩამომიტანა“ _ მითხრა პატრიარქმა, რაზეც ვუთხარი, რომ ჩვენი ჭირი, ჩვენი ქვეყნის ჭირი და უბედურება წაიღო-მეთქი. უწმინდესი წამოდგა და ორივე ვხარობდით ერთად, „ჭირსა შინა გამაგრება, ესრეთ უნდა, ვით ქვითკირსა“.
მეორეც მსგავსი: ოდიკს წერს, გარეთ ეზოში, მამა მიქაელის (წურწუმია) ხელმძღვანელობით, ხარების ტაძარს აშენებდნენ, „ბარგალკა“ ხმაურობს, პირდაპირ ტვინს „ხვრიტავს“. ის წერს, მე ვეუბნები: რა კარგი ხმაურია, უწმინდესო! მპასუხობს: რა არის, კაცო, კარგი, ეს ხმაური? შენდება _ სიცოცხლე გრძელდება, აბა, სიწყნარე და სიკვდილი სასაფლაოზეა-მეთქი! ნამდვილად მოეწონა ხმაური მის უწმინდესობას“ _ იხსენებდა არქიმანდრიტი.





