ლანჩხუთის 17-ივე მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროპორციული არჩევნების მონაცემები [წაიკითხეთ: ლანჩხუთის 25 ელექტრონული უბნის მონაცემებით, საკრებულოში შედიან „ქართული ოცნების“ 12, ხოლო „ძლიერი საქართველო-ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩის“ თითო წარმომადგენელი] არ შეიცვალა, ადგილობრივ საკრებულოში 32-დან 29 წევრი მმართველი პარტიიდან იქნება.
სამ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავდა, შესაბამისად ბესიკ ტაბიძემ ნიგვზიანში (959 ხმა), ელისო ჭიჭინაძემ ლესაში (540 ხმა), თენგიზ ურუშაძემ მაჩხვარეთში (301 ხმა) და ვარლამ ჩხარტიშვილმა ნინოშვილში (234 ხმა) 100%-იანი შედეგები აჩვენეს, უფრო ზუსტად, ცესკოს პორტალზე ამ დროისთვის ეს მონაცმებია და საბოლოოდ, მას გააკლდება ბათილი ბიულეტენები, თუმცა მაჩვენებელი 95%-ს ქვემოთ არ ჩამოვა. ამ ოთხეულიდან პირველი ორი მეოთხედ გახდა მაჟორიტარი, ხოლო ურუშაძე და ჩხარტიშვილი _ პირველად.
სადაც კონკურენტი ჰყავდათ, საუკეთესო შედეგი (90,77%) ქალაქის 02 უბანზე ვანო ებრალიძემ აჩვენა _ მან 994 ხმა მიიღო, რაც ლანჩხუთის ყველა მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგია. მისმა კონკურენტმა ვალიკო მგელაძემ („გახარია საქართველოსთვის“) 101 ხმა (9,238%) მიიღო.
ასევე იოლად გაიმარჯვა კარლო კვიტაიშვილმა ქალაქის 01 უბანზე, სადაც 904 ხმა (87,17%) მიიღო. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ადგილობრივ ლიდერს, გოჩა ჯანაშიას 79 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი (7,62%), ხოლო „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ყოფილ გამგებელ გია გოთუას _ 54-მა (5,21%).
90%-ს გადასცდა მმართველი პარტიის წარმომადგენელის, ზაზა წულაძის მიღებული ხმები (878) ნიგოითის თემში, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მაკა მშვიდობაძემ 95 ხმა (9,76%) მიიღო.
ასევე თითქმის უკონკურენტოდ მოიგო ირაკლი ტოროტაძემ აკეთის მაჟორიტარული ოლქი _ მან 646 ხმა მიიღო, რაც 88,49%-ია. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თეიმურაზ გოგუაძემ 69 ხმა (9,45%) მიიღო, ხოლო „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ მორჩილაძემ – 15 (2,05%).
მაღალი შედეგი აჩვენა (86,36%) გიორგი ჩახვაძემ ჩიბათში, რომლის მაჟორიტარიც ზედიზედ მესამედ, სულ კი – მეოთხედ გახდა. მან 475 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, ნინო პატარაიამ („გახარია საქართველოსთვის“) _ 75 (13,64%)
თითქმის იგივე შედეგი (86,14%) მიიღო გიორგი იმნაიშვილმა შუხუთში _ მან 603 ხმა მიიღო, ხოლო მისმა სეხნიამ და მოგვარემ _ გია (გივი) იმნაიშვილმა („გახარია საქართველოსთვის“) – 97 (13,86%).
აცანის თემში „ქართული ოცნების“ ახალმა სახემ, მაია ლომთაძემ 423 ხმა (82,628%) მიიღო, ხოლო მერობის კანდიდატის, დავით ჩხაიძის შვილმა, ჯუნა ჩხაიძემ („გახარია საქართველოსთვის“) – 89 (17,38%).
მოსული ამომრჩევლის 3/4-ზე მეტმა (781) დაუჭირა მხარი ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მშობლიური ჩოჩხათის თემში სამსონ კვაჭაძეს (76,49%), ხოლო „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელმა, ფრიდონ ფუტკარაძემ 240 ხმა მიიღო (23,51%).
მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ახალმა სახემ, ტატო ურუშაძემ გვიმბალაურში 306 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო, რაც 78,36%ია, მეორე ადგილზე გავიდა დათო ხოფერია („კონსერვატორები საქართველოსთვის“) _ 50 ხმა (12,82%), ხოლო მესამეზე გასულ შალვა ჩხაიძეს 34-მა გვიმბალაურელმა დაუჭირა მხარი (8,72%).
დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ სუფსაში, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, რამდენიმეგზის მაჟორიტარ ჯუმბერ ბლაგიძეს მეორედ აჯობა სახელისუფლო კანდიდატმა, ია მოქიამ _ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 849 ხმა მიიღო (66,38%), ხოლო ბლაგიძემ – 354 (27,68%). მესამე კანდიდატხ, ემზარ გოგუაძეს („კონსერვატორები საქართველოსთვის“ 76-მა თანასოფლელმა დაუჭირა მხარი (5,94%).
როგორც მოსალოდნელი იყო, შედარებით გაუჭირდა მმართველ პარტიას ჯურუყვეთის თემში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ალექსანდრე მახათაძეს ოპოზიციიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი ჰყავდა ელდარ ბენდელიანის („ძლიერი საქართველო-ლელო“) სახით. სახელისუფლო კანდიდატმა 415 ხმა მიიღო (63,65%), ხოლო ოპოზიციონერმა _ 237 (36,35%)
ყველაზე დაძაბული არჩევნები კი, ასევე მოლოდინისამებრ, მამათში გაიმართა, სადაც ყოფილი გამგებლის, ზაზა ურუშაძის ძმამ, 2014-17 წლების საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ახლა „გირჩის“ სახელით მონაწილე კახა ურუშაძემ ოპოზიციონერებიდან ყველაზე მაღალი – 43,66% მიიღო, მას 203-მა თანასოფლელმა დაუჭირა მხარი. სამთავრობო კანდიდატმა, გელა პატეიშვილმა მასზე 59 ხმით მეტი აიღო (262 ხმა – 56,34%).
ღრმაღელის თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბესიკ კვაჭანტირაძემ 1019 ხმა მიიღო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, ასევე – უკონკურენტო 100%-იან შედეგებს თუ არ ჩავთვლით, მისი 94,44% ასევე ყველაზე მაღალი შედეგია. მისმა მოწინააღმდეგემ, დავით როყვამ („კონსერვატორები საქართველოსთვის“) 60 ხმა მიიღო (5,56%).
ესაა იმ 25 უბნის მონაცემები, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. სავარაუდოდ, უმნიშვნელო ცვლილებას თუ შეიტანს კიდევ 6 უბნის შედეგების დამატება, სადაც არჩევნები ძველი, სტანდარტული წესით ჩატარდა.


