ლანჩხუთში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი გოჩა ჯანაშია იქნება _ პარტიის ადგილობრივი ლიდერი და მოქმედი საკრებულოს წევრი.
იგი მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება… ქალაქში. ჯანაშია ლაშისღელე-აგარაკის მოსახლეობის გულის მოგებას „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კვიტაიშვილთან და „კონსერვატორების“ ლიდერ გია გოთუასთან კონკურენციაში შეეცდება.
რატომ ქალაქი და არა მშობლიური ნიგოითის თემი? „ლელოს“ ლიდერმა სოფელი „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელ მაკა მშვიდობაძეს დაუთმო _ ამ ორ პარტიას შორის შეთანხმება არის, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
თანაც იგი ცნობადი სახეა ქალაქშიც _ წლების მანძილზე იყო წარმატებული ჟურნალისტი, მუშაობდა ყველაზე პოპულარულ სპორტულ გაზეთში „სარბიელი“, „ლანჩხუთი პლუსის“ გამომშვები რედაქტორი გახლდათ, თანამშრომლობდა „გურია ნიუსთან“. მოქმედი საკრებულოს აქტიური წევრია. პლუს აგარაკში ცხოვრობს მეუღლის ოჯახი.
უფრო მეტი სიურპრიზი „ლელომ“ ხელისუფლებას ჯურუყვეთში გაუკეთა _ იქ კენჭს იყრის ელდარ ბენდელიანი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში მხარდაჭერით სარგებლობს.
მისი კონკურენტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ამჟამად საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე.
წინასწარი მონაცემებით, ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით „ცხელი წერტილი“ იქნება ჯურუყვეთი, ასევე სუფსა და მამათი, სადაც ოპოზიციას ისეთი კანდიდატები ჰყავს, მათგან მოგება, გასაკვირი სულაც არ იქნება… თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მარცხს „არ დაელოდება“ და არც ოპოზიციის მხრიდან სხვა მიმართულებითაა გამორიცხული სიურპრიზები.
რაც შეეხება „ლელოს“ პარტიულ სიას, ხუთეული ასე გამოიყურებს: 1. გოჩა ჯანაშია; 2. ელდარ ბენდელიანი; 3. დავით ზოიძე; 4. ნანა ლომინაიშვილი; 5. ფრიდონ ფუტკარაძე, რომელიც ჩოჩხათში მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება.




