ლანჩხუთის მერია:„შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართა“

|

Loading

დღეს, შუხუთში ლელობურთი არ ჩატარდა | ლანჩხუთის მერიის ფოტო

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, „სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ლელობურთი წელს არ გაიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად იქნა მიღებული“.

იმავე ინფორმაციის მიხედვით, ტრადიციული თარიღის აღსანიშნავად, მოსახლეობის ჩართულობით შეიკერა ლელობურთი, რის შემდეგაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებმა ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ლანჩხუთის სასულიერო პირებმა ილია II-ის სულის მოსახენებელი პანაშვიდი გადაიხადეს | ლანჩხუთის მერიის ფოტო

„ბურთის შეკერვის რიტუალს და პანაშვიდს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მერის მოადგილეები: ეკატერინე გუჯაბიძე და თორნიკე ტიკაძე დაესწრნენ“ _ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „გურია თუდეიმ“ იმ ლანჩხუთელების კომენტარები გაავრცელა, რომლებიც თვლიდნენ, რომ პირიქით, ლელობურთის მთავარი მიზანი მიცვალებულის პატივისცემაა, რისი დასტურიცაა, გამარკვებულის მიერ ბურთის საფლავზე ატანა და შესაბამისად, უმჯობესი იყო მისი ჩატარება პატრიარქის პატივსაცემად.

თუმცა ლანჩხუთის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ შუხუთის [ტრადიციული თამაში სწორედ ამ სოფელში ტარდება] მოსახლეობის ინიციატივის გამო, არ ჩატარდებოდა ლელობურთი.