ლანჩხუთელს ფეხბურთი უხსენე და საყურებლად ფოთშიც კი ჩამუაო… რატომ გაგვახსენა დათა სიჭინავამ 80-იანი წლების „გურია“ და მერაბ ჟორდანია?

|

Loading

„გურიამ“ „მერანს“ 7 გოლი გაუტანა | გელა პატარაიას ფოტო

ამ ლიგაში „გურიას“ გაჩერება, ალბათ, შეუძლებელია. ლანჩხუთელებმა ტიტულოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები შეკრიბეს და სტარტიც ისეთი აიღეს, ალბათ, შემთხვევითობა იქნება, თუ გოჩა ტყებუჩავას გუნდი რომელიმე მეტოქესთან წაიფორხილებს.

მატჩის ფოთში გადატანამ [ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს] სტუმრებს შვება ვერ მოუტანა _ „ფაზისზე“ ლანჩხუთელი ქომაგები მრავლად იყვნენ და ეჭვგარეშეა, მესამე ლიგაში ასპარეზობის მიუხედავად, ლანჩხუთში სტადიონი ყველა თამაშზე გაივსება.

იხილე მატჩის ფოტოალბომი

„გურიას“ წარმატებას მონატრებულმა „ფირალებმა“ ძალიან ისიამოვნეს: საყვარელმა გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, ამჯერადაც დიდი ანგარიშით.

ლანჩხუთელი ქომაგები „ფაზისზე“ მრავლად იყვნენ | გელა პატარაიას ფოტო

კვლავ საწყის წუთებში გახსნეს გურულებმა ანგარიში _ მე-11 წუთზე, დათა სიჭინავამ იდეალურად შეასრულა მეტოქოს საჯარიმოდან საკმაოდ მოშორებით დანიშნული ჯარიმა.

გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ იგი მოედანზე საუკეთესო იყო _ დუბლი შეასრულა როგორც გოლებით, ასევე საგოლე გადაცემებით. ტაიმის შუაში მან იდეალური გადაცემა გაუკეთა კახა კახაბრიშვილს, რომელიც მეკარესთან ტეტ-ა-ტეტ აღმოჩნდა და… გოლი იუბილარ შვილს მიუძღვნა. მაისურზეც ასე ეწერა: დანო, გილოცავ!

მერე იყო კუთხურიდან ჩამოწოდებულს დავით მაისაშვილი კარში გზავნიდა, მცველებმა გამოიტანეს, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან, შეტევაში წასულმა უკანახაზელმა, ნოდარ იაშვილმა ერთი შეხებით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 3:0.

„მაისამ“ თავისი გოლი მაინც გაიტანა, ოღონდ მატჩის დამატებულ წუთებზე, როცა თემურ შარაშენიძის პასი აქცია გოლად. გასული სეზონის გმირმა იქამდე საგოლედ კიდევ ერთ გამოცდილ მცველს, ლევან კაკუბავას უპასა.

უკვე ვთქვით, რომ სიჭინავამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ისევ სტანდარტულიდან, ოღონდ ამჯერად 11-მეტრიანი ნიშნულიდან დაარტყა აუღებელი… მალე, მისი პასი აქცია გოლად ლუკა ჩაგანავამ

„გურია“ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზეა

ჰო, „გურიას“ 10-იანმა ყველას მერაბ ჟორდანია გაგვახსენა _ 80-იანი წლების ბოლოს სწორედ კლუბის დღევანდელი პატრონი ურტყამდა ჯარიმებს პენალტივით…

თუმცა მის გასახსენებლად წარსულში „მოგზაურობა“ სულ არ გვჭირდება _ სფფ-ის ექს-თავკაცი დღემდე მშობლიური კლუბის გულშმატკივარი და მშველელია. ახლა კი, სულაც ჭაობიდან გუნდის ამოყვანა და ევროპაში დაქუხება განიზრახა…

12.03.2026 | ფოთი, „ფაზისი“ | გურია 7:0 მერანი (თბილისი)

1:0, 4:0 სიჭინავა (11, 58 პენ.), 2:0 კახაბრიშვილი (25), 3:0იაშვილი (36), 5:0 ჩაგანავა (66), 6:0 კაკუბავა (73), 7:0 მაისაშვილი (90+4)

გურია: ისიანი, კაკუბავა, ნოზაძე, კახაბრიშვილი (70. შარვაძე), მაისაშვილი, ჩოთალიშვილი (61. გამბაროვი), მელიავა, იაშვილი (70. კოკაია), ჩაგანავა, სიჭინავა (70. შარაშენიძე), ქოქოსაძე (61. ხუნდაძე)