ლანჩხუთელი, რომელიც 1989 წლის 8 აპრილს საბჭოთა ტანკს დაუწვა და ორ წელიწადში ხელი დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა!

|

Loading

1989 წლის ფოტოკოლაჟი | „გურია თუდეი“

ლანჩხუთსა და 9 აპრილზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გაგვახსენდება გია ფირცხალაიშვილი, რომელიც ტრაგიკული მოვლენების დროს რუსთაველზე იდგა, ორ წელიწადში კი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გლდანის მაჟორიტარის რანგში მოხვდა.

სამწუხაროდ, ამ პატრიოტ კაცზე წარსულში გვიწევს საუბარი. ამიტომაც არქივიდან გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

ლანჩხუთი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია თავისი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ ადამიანებითაც, აქ რომ აღიზარდნენ: დაწყებული პირველი დამოუკიდებელი საქართველოს თავმჯდომარით, ნოე ჟორდანიათი და საბჭოეთის უკანასკნელი მოჰიკანით, ედუარდ შევარდნაძით დამთავრებული.

ულამაზესია ლანჩხუთის სოფლები, მაგრამ მათგან შუხუთი  განსაკუთრებულია, სადაც ოჩორჩხინას ჩანჩქერიდან სათავეს იღებს პატარა მდინარე უკანღელე. სწორედ იქ, სადაც უკანღელეს სათავეა, ობლად გაზრდილი ახალგაზრდის ოჯახში ორი ვაჟი დაიბადა, გია და გოჩა ფირცხალაიშვილები. ლანჩხუთში ბევრს საუბრობდნენ გოდერძი ფირცხალაიშვილის შვილებზე და საუბრობენ კიდეც. დღემდე ახსოვთ მეორეკლასელი ხუთი წლის გოჩა, რომელმაც უნივერსიტეტი 20 წლის ასაკში დაამთავრდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი _ გია. მისი ჩვენთან სტუმრობის მთავარი მიზეზიც ესაა, თუმცა საუბარი ცოტა შორიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გია მეტისმეტად თავმდაბალია, მაინც შევძელით მისგან ჩვენთვის და მკითხველისთვის საინტერესო ამბები გაგვეგო:

– ვინ არის გია ფირცხალაიშვილი?

– (იცინის), ერთი უბრალო გურული ვარ, ლანჩხუთელი. უფალს მადლობას ვუხდი, ჩემი მშობლების დახმარებით ამქვეყნად რომ მომავლინა.

– ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია თქვენ შესახებ, თქვენ კი სიტყვაძუნწი ყოფილხართ საკუთარ თავზე საუბრის დროს…

– თითოეულ ინდივიდს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი ამქვეყნად. ადამიანი თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარით ქმნის თავის ცხოვრებას. ბევრი როგორ ვისაუბრო, როცა ისე ვიცხოვრე, როგორც მხოლოდ მე უნდა მეცხოვრა, ალბათ…

საიდან იცნობდა ზვიად გამსახურდიას, ჯოჰარ დუდაევს, აბულფაზ ელჩიბეის და როგორ შეუწყვიტა 237 ათასი ამომრჩევლის არჩეულ გია ფირცხალაიშვილს უფლებამოსილება სამხედრო ხუნტამ?

– თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ხელმომწერი ხართ, თან ძებნილი სამშობლოს ღალატის მუხლით, რეპრესირებულიც…

– უფლის წყალობა იყო, რომ ინსტიტუტში სწავლების დროს გავცნობოდი ქართველთა დისიდენტურ მოძრაობას და გავმხდარიყავი მისი წევრი. აქ გავიცანი ამ ორგანიზაციის ლიდერებიც. ხოლო 1987 წლის ივლისში წილად მხვდა ბედნიერება გამეცნო მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ამავე წლის მარიამობის დღესასწაულს ერთად შევხვდით სამების ტაძარში, საიდანაც დაიწყო კიდეც ჩემი აქტიურობა. შემდეგ იყო 1988 წლის 23-29 ნოემბრის შიმშილობა, რასაც 1989 წლის სისხლიანი აპრილი მოჰყვა. მაშინ, აპრილის დღეებში მოშიმშილეთა შორის მეც ვიყავი (ჩვენ ვიცით, რომ გია ფირცხალაიშვილი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც რვა აპრილს სასტუმრო „ივერიის“ წინ, დღის 12.30 წთ.ზე რუსულ ტანკს დაუწვა აკაკი გაწერელიასთან და თემურ ქორიძესთან ერთად). 1990 წლის 28 ოქტომბერს კი ამირჩიეს გლდანის მაჟორიტარად საქართველოს უზენაეს საბჭოში. ჩემი კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები: გოდერძი ჩოხელი, ლანა ღოღობერიძე, პანტიკო თოდრია, გიორგი გაჩეჩილაძე, კახა ჩიტაია. უზენაეს საბჭოში მოხვედრის შემდეგ, ამავე წლის 14 ნოემბერს გავხდი სამანდატო და  ეთიკის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, პრეზიდენტის რწმუნებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 1992 წლის ორი იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო კანონიერი ხელისუფლება საქართველოში, 2001 წლის 21 ივნისამდე ვიყავი ძებნილი სამშობლოს მოღალატის სტატუსით. 1993-1997 წლებში ვიმყოფებოდი ემიგრაციაში, ვარ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი…

– თქვენი შრომის წიგნაკი ინახავს მეტად პარადოქსულ ინფორმაციას…

– (იცინის). ამის შესახებ საიდანღა იცით? კი, ასეა. შრომის წიგნაკში მიწერია, რომ „შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით“. მართლაც სასაცილოა, რომ 237 ათასი ამომრჩევლის მიერ არჩეულ დეპუტატს, ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით (1990 წლის არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთმა და ოსეთმაც მიიღო) არჩეულ უზენაეს საბჭოს, რომელსაც კანონის თანახმად, ფუნქციონირება ხუთი წლის ვადით უნდა ჰქონოდა, უფლებამოსილება ხუთკაციანმა სამხედრო ხუნტამ შეუწყვიტა. მაგრამ ეს საქართველოს ისტორიაა და ამას ისტორიიდან, სამწუხაროდ, ვერ ამოშლი.

– მართლაც შთამბეჭდავი ბიოგრაფიაა, თუმცა ამაზე არასოდეს საუბრობთ…

– თავმდაბლობა ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებაა.

– ამბობენ, რომ ახლოს იცნობდით დაშლილი საბჭოეთის შემდეგ დამოუკიდებელი რესპუბლიკების პრეზიდენტებს…

–  საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა ზვიად გამსახურდიასთან, ჯოჰარ დუდაევთან, აბულბაზ ელჩიბეისთან და ვიტაუტას ლანდსბერგისთან. ეს უკანასკნელი ევროპაში ჩვენი ემიგრაციის კურატორი იყო.

მათე გურული

რას ჩივი?