ლანჩხუთელი „პოლკოვნიკი“, რომელსაც სსრკ-ის ფეხბურთის სამმართველოს წარმომადგენელი გათამაშების კალენდარს უთანხმებდა – იმედო დუნდუა 80 წლისაა!

|

Loading

იმედო დუნდუა (შუაში), მისგან მარჯვნივ - მიხეილ ფომენკო

მეგობრებზე, „გურიასა“ და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული საფეხბურთო მოხელე მეგობრობდა ვიაჩესლავ კოლოსკოვთან, ვიქტორ პონედელნიკთან და სხვა საბჭოთა საფეხბურთო მოხელეებთან…

მას საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში „პოლკოვნიკის“ სახელით იცნობდნენ. „გურიის“ უცვლელი გუნდის უფროსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის წევრი და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ამ ორგანიზაციების დაარსებიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე _ ეს არის გულსუნდა (იმედო) დუნდუას, როფორც საფეხბურთო მოხელის ოფიციალური მხარე.

დაიბადა 1943 წლის 25 ივნისს ლანჩხუთში. ფეხბურთის თამაში სოსო ჟორდანიას ხელმძღვანელობით დაიწყო. ერთხანს საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „თაიგულის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. 1963 წელს ჯარში გაიწვიეს, საიდანაც ტომსკის ოლქის სამხედრო სპორტულ ნაწილში მოხვდა. სამი წელი ითვლებოდა ტომსკელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელად.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ბავშვთა ფეხბურთში. ამ სფეროში იმედოს საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მისი აღზრდილია არაერთი ცნობილი ფეხბურთელი.

„როცა მინდორზე გამოდიხარ, თამაშში ჯიგარი უნდა ჩადო, ბოლომდე იბრძოლო. შეიძლება ყოველთვის ვერ მოიგო, მაგრამ მაყურებელმა ტაში მაინც უნდა დაგიკრას. გულშემატკივრის სიყვარული ფეხბურთელმა თავდადებული თამაშით უნდა მოიპოვოს“ _ ასე მოძღვრავდა ახალგაზრდა მოთამაშეებს ფეხბურთზე თავგადადებული კაცი.

ერთადერთხელ მოუწია „გურიას“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციის შესრულება, როცა აუტსაიდერთა შორის მყოფ „გურიას“ მწვრთნელი მოუხსნეს და გასვლითი თამაში პირველ ადგილზე მყოფ „დინამოსთან“ უნდა გაემართათ. ახალი მწვრთნელის მოსვლამდე ეს მისია დუნდუამ იკისრა, ქართული სპორტული მედია აჭრელდა სათაურებით: „გურია“ თბილისში იმედოს იმედად მოდის!“, „ლანჩხუთელთა უიმედობა დასრულდა!“ მან თბილისიდან ქულა წამოიღო, თუმცა ეს კლუბის დიდ მოჭირნახულეს საავადმყოფოში მოხვედრად დაუჯდა.

1986 წლის „გურიას“ ტრიუმფის მთავარი შემოქმედნი: (მარჯვნიდან) ბეგი სიხარულიძე, იმედო დუნდუა, შოთა პატარაია და თემურ ჩხაიძე

ბოლოს მაინც საყვარელი „გურიას“ თამაშის შემდეგ უმტყუნა გულმა. მსაჯებს უპატივცემულოდ არასდროს უშვებდა, მათთან ერთად იჯდა, როცა გულმა შეაწუხა. გარეთ გავიდა და ნახევარ საათში მთელმა ლანჩხუთმა შეიტყო, რომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი ქალაქისა და ამ ქალაქის კლუბისა.

დღეს ხშირია საუბრები მსაჯებთან ჩინოსანთა დამოკიდებულების შესახებ. ბატონ იმედოს შემთხვევაში ეს საკითხი ყოველთვის სამაგალითო გახლდათ. „გურიას“ რომ წაეგო და ამაში მსაჯის „წვლილიც“ ყოფილიყო, ის აუღელვებლად შევიდოდა სამსაჯო ოთახში: – ბიჭებო, დიდი მადლობა, – ეტყოდა და ვახშამზე დაპატიჟებდა. თუ საქმე გართულდებოდა, მსაჯებთან ერთად ტოვებდა მოედანს და მთლად განაწყენებულები რომ ყოფილიყვნენ და მსაჯის ცემა თითქოს გარდაუვალი იყო, იმედო დუნდუას გვერდით მიმავალთ ხელს არავინ დააკარებდა…

გულსუნდა დუნდუას დაკრძალვას მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დაესწრო. ყველა გაოგნებული იყო, რომ კაცი, რომელიც 30 წელი „გურიას“ სპორტულ ხაზს განაგებდა (დღევანდელი სპორტული დირექტორი) და საკითხების მოსაგვარებლად დიდ ფინანსებთან ჰქონდა შეხება (ცნობილია, რომ „გურია“ უფრო მეტს უხდიდა ფეხბურთელებს, ვიდრე კიევისა და თბილისის „დინამოები“), ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. თუმცა, ვინც ახლოს იცნობდა მას, კარგად იცოდა, რომ თავის ჯამაგირსაც კი „გურიასა“ და მეგობრებს ახარჯავდა.

მისმა ოჯახმა სამძიმრის წერილები მიიღო მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, კიევიდან, მინსკიდან… დეპეშებს გზავნიდნენ ვიაჩესლავ კოლოსკოვი, ვალერი ლობანოვსკი, ვიქტორ პონედელნიკი, მიხეილ ფომენკო და სხვები.

იმედო დუნდუა ქომაგებთან მუდამ მჭიდრო კონტაქტში იყო. სპორტის ამ ულამაზესი სახეობის მოტრფიალენი ბევრ და ამომწურავ ინფორმაციას იღებდნენ ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედიისგან. ამიტომ, საინტერესო იყო მასთან ყოველი შეხვედრა. ეს იყო კაცი, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ფეხბურთის თითქმის ყველა საიდუმლოებას, ინდივიდთა თავისებურებების სწრაფად შეცნობის იშვიათი უნარითაც გამოირჩეოდა. მას ახასიათებდა ის აუცილებელი თვისებები, რაც ასე საჭიროა განსხვავებული ხასიათისა და მისწრაფებების მქონე სპორტსმენებთან ურთიერთობისას. კარგად იცნობდა არა მარტო ფეხბურთელთა ფსიქოლოგიას, მას  ხელეწიფებოდა სხვადასხვა სფეროში მომუშავე პიროვნებებთან კავშირის ადვილად დამყარება.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში „გურიას“ პრეზიდენტმა ამირან წილოსანმა თქვა: „იმედოს დიდი გავლენები ჰქონდა არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის მაღალ ეშელონებში, არამედ, საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოში. იგი კლუბისთვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი გახლდათ. ერთხელ, იგი გულმა მოსკოვში შეაწუხა და საავადმყოფოში მოათავსეს. იძულებული გავხდი, მეც გადავფრენილიყავი, რადგან განაცხადი უნდა შეგვეტანა. რა თქმა უნდა, იმედოც მოვინახულე საავადმყოფოში. ჩემი იქ ყოფნის დროს მოვიდა ადამიანი საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოდან, რომელიც გათამაშების კალენდარს ადგენდა. მან იმედოს აჩვენა „გურიას“ თამაშების განრიგი და უთხრა: პოლკოვნიკო, ეს კალენდარი გაკმაყოფილებთო? გაოცებისაგან პირი დავაღე _ ფეხბურთის სამმართველო მას კალენდარს უთანხმებდა!“

„გურიას“ ლეგენდის საფლავზე

„გურიას“ დიდ მოჭირნახულეს თავისი სათაყვანებელი კლუბის წარმომადგენლები იხსენებენ…

ბეგი სიხარულიძე, გურიის ყოფილი მთავარი მწვრთნელი: „იმედოს დიდი და კეთილი გული ჰქონდა. კომუნიკაბელურს ადვილად შეეძლო ხალხთან კონტაქტში შესვლა. უღალატო ძმობა იცოდა. ნიჭისა და ინტუიციის წყალობით იოლად ახერხებდა რთული სიტუაციებიდან გამოსავალი გზების პოვნას“.

შოთა პატარაია, გურიას ყოფილი მწვრთნელი: „ნამდვილად კარგი პიროვნება იყო. უმაღლეს ლიგაში გადასვლის პერიოდში მასთან არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. საქმეში მიზანდასახული ბოლომდე იბრძოდა, იმარჯვებდა კიდეც. მეგობრობის საოცარი ნიჭით დაჯილდოვებულს ყველას მიმართ პატივისცემა, რიდი ჰქონდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს წარსულ დროში გვიხდება ამ ერუდირებულ, სიცოცხლით სავსე კაცზე ლაპარაკი“.

დავით გოგიჩაიშვილი, გურიის  ყოფილი ადმინისტრატორი:  „იმედოს ნაცნობთა ფართო წრე ჰყავდა. მოსკოვის სასტუმრო „სპორტში“ ნებისმიერ დროს შეგეძლო მისულიყავი და „პოლკოვნიკ დუნდუას“ სახელზე ნომერი გარანტირებული გქონდა. რთულ მომენტებში გადაწყვეტილების უცებ მიღება და ოპტიმალური გზების მონახვა იცოდა. ერთხელ თუ შეხვდებოდა ვინმეს, მერე არავის დაავიწყდებოდა. იუმორით სავსე, დიდსულოვანი ადამიანი იყო“.

კახა ებრალიძე, გრფფ-ის   ყოფილი პრეზიდენტი: „ბატონმა იმედომ თავისი ცხოვრება „გურიას“ მიუძღვნა. კლუბის სახელის პოპულარიზაციაში განუზომელია მისი წვლილი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ იყვნენ „გურიასთვის“ ევგრაფი შევარდნაძე, იმედო დუნდუა და კლუბის სხვა დიდი მოჭირნახულეები“.

გულსუნდა დუნდუა 25 ივნისს 80 წლის გახდებოდა. ლანჩხუთის ფეხბურთის ამაგდარი 22 წელია აღარ გვყავს, მას, როგორც ვთქვით, გულმა უმტყუნა _ ასე ხომ გულიანი ადამიანები იღუპებიან…

მათე გურული