ჩვენს პატარა ქალაქში ერთი ლამაზი ქუჩაა. ნინოშვილის სახელს ატარებს, მაგრამ მე მას ხელოვნების ქუჩას ვუწოდებ _ აქ ბავშვთა მუსიკალური და სამხატვრო სკოლებია. წლების წინ, დედაჩემის ოჯახი სამი შვილით ამ ქუჩაზე ბედნიერად ცხოვრობდა, მიყვარს ეს ქუჩა, აქ გავიზარდე…
… ჩვენს მეზობლად ერთი ალალი ოჯახი ცხოვრობდა _ ქეთევან ილოს ასული ღლონტის. ამ ოჯახის ისტორია მკვიდრად არის დაკავშირებული ჩინეთის სახელმწიფოსთან, რაც მაშინ ჩვენში დიდ გაოცებას იწვევდა.
ახლა გაგვიშინაურდნენ ჩინელები, თორემ მაშინ _ საბჭოურ ცხოვრებაში, რაც კი რამ გაუგებარი იყო ჩვენთვის, ასე ვამბობდით: „მაი ჩინურია“.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ოჯახის რძალს, ქალბატონ ირა ასანიძეს ვესტუმრე. გულთბილად მიმიღო. კარგი რესპონდენტიც აღმოჩნდა. უმდიდრესი ფოტო-მასალა დამახვედრა _ კეთილგონიერება გამოუჩენია და ფოტოები სათუთად შეუნახავს. დედამთილის მოყოლილი ამბებიც კარგად დაუმახსოვრებია. სიყვარულით მიყვებოდა თითოეულ ეპიზოდს…
კონსტანტინე ურუშაძის ოჯახი თავიდანვე ამ ქუჩაზე, საკუთარ მიწაზე ცხოვრობდა. მისი ვაჟი _ ვლადიმერი კომერსანტი იყო და ჩინეთში წარმატებით მოღვაწეობდა. სახლში იყვნენ დედა კესარია და დები, ალექსანდრა (საშია) და სონია.
ალექსანდრამ გადაწყვიტა ჩინეთში, ძმასთან წასვლა. ჯერ კიდევ არ იყო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია მომხდარი, ჩინეთთან საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ალექსანდრა 16 წლისა ჩავიდა ქალაქ ხარბინში, იქ გახდა 17-ის.
თავის ძმასთან, ვლადიმერთან მუშაობდა დვაბზუდან ჩასული ილია ღლონტი. საერთო ბიზნესი ჰქონდათ. ილია აკვირდებოდა საშიას, მის საოჯახო საქმიანობას, კულინარიულ ცოდნას. გურიაში გაზრდილს უყვარდა ტყემლის საწებელი. მართალია, იქ ტყემლის ხე არ იყო, მაგრამ იყო „კრიჟოვნიკის“ ბუჩქი, რომლის მარცვლიდან ალექსანდრამ მოამზადა გემრიელი საწებელი. მერე ქლიავსაც მიაგნო. საშიამ საბოლოოდ მოხიბლა სიმპატიური მამაკაცი. ილიამ ვლადიმერს დის ხელი თხოვა. აბა, ლანჩხუთში მცხოვრებ დედას, კესარიას ხმას როგორ მოაწვდენდა.
მართალია, კაცი 10 წლით უფროსი იყო, მაგრამ კეთილი და მშრომელი ადამიანი გახლდათ. საშიამ მიიღო მისი წინადადება, შეიქმნა ბედნიერი ოჯახი. შეეძინათ სამი გოგონა: ქეთევანი, რუსუდანი და დარეჯანი.
ოჯახი მორწმუნე იყო. გოგონები სასულიერი გიმნაზიაში სწავლობდნენ. მიიღეს კარგი განათლება. ეს განაპირობა მოტივაციამ _ მამა დაჰპირდა გოგონებს, ვინც კარგად ისწავლიდა, განსაკუთრებით _ ქართულს, ოქროს მონეტას აჩუქებდა. ის დანაპირებს პირნათლად ასრულებდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა უფროსი ქალიშვილი (მახსოვს, ქეთო დეიდას წიგნიერება. ძალიან უყვარდა სერგეი ესენინის პოეზია, მისი ლექსები ზეპირად იცოდა. ნატრობდა პოეტის პორტრეტს. ვუყიდე „სახელგამში“ და ძალიან გავახარე. მის ოთახში დიდხანს ეკიდა ეს ფოტო _ ავტ.).
ოჯახი იმდენად მდიდარი იყო, რომ ჰქონდათ საკუთარი სასტუმრო, სადაც ქართული დიასპორა იკრიბებოდა. ჰყავდათ ჩინელი მოსამსახურეები.
12 წლის იყო რუსუდანი, როცა ბრმანაწლავი გაუსკდა, დამალა და პერიტონიტი განუვითარდა. ვეღარ უშველეს. გოგონა იქვე, ქალაქ ხარბინში დაკრძალეს.

მარცხნივ: ქეთევანი თავის სასტუმროში; მარჯვნივ, ზემოთ – ალექსანდრე (საშკა) ღლონტი, ქვემოთ – ქეთევანი და დარეჯანი
შვილის გარდაცვალება ძალიან განიცადა მამამ. სამი წელი წვერი ატარა, შემდეგ კი გაპარსვისას კანი დაიზიანა… დაემართა წითელი ქარი და მალე გარდაიცვალა. შვილის გვერდით დაკრძალეს. საფლავზე ჯვარია აღმართული.
საშია ქმრის საქმეებში არ იყო გარკვეული და იოლად მოატყუეს ბიზნესპარტნიორებმა, გაკოტრებული დარჩა ორ შვილთან ერთად.
ქეთომ ჯერ სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა, შემდეგ _ ინსტიტუტში სწავლობდა, ქირურგიის განხრით. თან მუშაობდა. მალე ოჯახიც შექმნა ბორია პოპოვთან. შეეძინათ ვაჟი _ ალექსანდრე.
დარეჯანმა (დორამ) დაამთავრა ფარმაცევტული კოლეჯი. გათხოვდა რუს ემიგრანტზე, მილიონერ პეტრე პეტრენკოზე.
ქეთომ ვეღარ მოასწრო ინსტიტუტის დამთავრება, რადგან ოჯახმა გადაწყვიტა საქართველოში წამოსვლა. ბორია დედისერთა იყო, მის ახლობლებს შვილები არ ჰყავდათ. საშა სანათესაოში ერთადერთი ბავშვი იყო. ამიტომ პატარას საქართველოში გამოშვება პრინციპულად არ სურდათ. ქეთოს მეუღლე მიდიოდა ამერიკაში, ისიც თანახმა იყო და, რა თქმა უნდა, ბავშვიც მიჰყავდათ.
მხოლოდ საშია უნდა დარჩენილიყო ჩინეთში. დედას ვერ დატოვებდა და ქეთომ საკუთარი შვილი მოიპარა, აქეთ მომავალ ბოლო, მესამე მატარებელს ძლივს მიუსწრეს…
დორას და პეტრეს ერთადერთი გოგონა _ სვეტა, სამწუხაროდ, ადრე გარდაეცვალათ. მათაც დატოვეს ჩინეთი.
1954 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში. ამის შესახებ გურიაში არავინ იცოდა. დვაბზუში ილიას ახლობლებიდან არავის იცნობდნენ, რომ იქ ჩასულიყვნენ. კესარიასთან წერილმაც დააგვიანა.
ამიტომ, როგორც კი ჩინეთის საზღვარი გადმოლახეს, მაშინვე ყამირ მიწებზე გაუშვეს. იქ 6 თვე ამყოფეს (მახსოვს, ქეთო დეიდა მომიყვა: „ასე გვეგონა, საზღვარზე სტალინს რკინის ღობე ჰქონდა შემორტყმული და გამიკვირდა, რომ არ დამხვდა“ _ ავტ.).

ბამბუკების საამქრო ლანჩხუთში
ყამირის შემდეგ ჩამოვიდნენ ლანჩხუთში. მათ სამტრედიაში დახვდნენ: მეზობელი ისაკ ჩხარტიშვილი და ბიძაშვილი აჩიკო ურუშაძე. კესარია 40 დღის დაკრძალული იყო. სახლში დახვდათ და _ სონია.
ილია კესარიას ჩინეთიდან საპონს და წერილს უგზავნიდა. წერილში ეწერა: „საპონი კვერებად დაჭერი. შენს შვილებსა და შვილიშვილებს მთელი ცხოვრება ეყოფათ“.
საპონში ოქროს მონეტები იყო. კესარიამ კითხვა არ იცოდა. წასაკითხად ახლობელთან მიჰქონდა წერილი საპონთან ერთად. უსინდისო ახლობელი საპნიდან მონეტებს იღებდა, თავის ჯიბეში იდებდა, საპნის კვერებს კი უბრუნებდა გულუბრყვილო ქალს.
სონიას ეგონა, ჩემები ჩინეთიდან მდიდრები ჩამოვიდნენო. სიმართლე რომ გაირკვა, საშიას უჩივლა, ეს ჩემი და არ არისო. არც მიწის ნაკვეთს აძლევდა. სონია გარდაიცვალა 1979 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას.
მხარში ამოუდგნენ საშიას მეზობლები, ახლობლები და მისცეს ნაკვეთი, რომელზეც დღევანდელი სახლი დგას.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მათი ცხოვრება ასე წარიმართა:
დორას მეუღლეს _ პეტრეს, პროფესიით ინჟინერს, ბიძაშვილმა მშენებლობაზე მუშად დააწყებინა მუშაობა. უთანხმოება მოუხდა ხელფასთან დაკავშირებით, უსამართლობა ვერ აიტანა და მიატოვა სამსახური.
დორა ჯერ ბამბუკების საამქროში მუშაობდა. ძლიერი ფარმაცევტისთვის შესაფერი ადგილი არ მოინახა. სამაგიეროდ, თავისი პროფესიით გადავიდა ურეკში. იქ მალე გაითქვა სახელი, როგორც პროფესიონალმა და სამუშაოდ მიიწვიეს გაგრაში, სადაც მეუღლესთან ერთად გადავიდა.
პეტრემ იქ სამსახური ვერ იშოვა. დარეჯანი ლანჩხუთში გამოუშვა, დაჰპირდა ჩამოსვლას. აღარ ჩამოვიდა. ჩინეთიდან კონტეინერით უნდა წამოეღო ქონება, მაგრამ საერთოდ დაიკარგა. განსაკუთრებით ხატების დაკარგვას განიცდიდნენ დები. ბევრი ეძებეს პეტრე, მაგრამ ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი.
მოგვიანებით, დარეჯანმა ლანჩხუთის აფთიაქში მიიღო ფარმაცევტის ადგილი და ცხოვრების ბოლომდე იქ მუშაობდა. ქეთევანს კი, ამ პროფესიონალ ექთანს, თითქმის ექიმის ცოდნის დონე რომ ჰქონდა, მისცეს საავადმყოფოს თერაპიულ-ქირურგიულ განყოფილებაში სანიტრის ადგილი. თან შეურაცხყოფაც მიაყენეს _ შენ ჩინეთში ნაყიდი გექნება დიპლომიო და არც აღირსეს შესაფერისი ადგილი.

ლანჩხუთის ცენტრალური აფთიაქის თანამშრომლები | 1975 წ.
ვიღაც მაინც გამოჩნდა კარგი, სამართლიანი ადამიანი _ ექთანი ქეთო თევზაძე. მან თავის სეხნიას დაავალა რაღაც პროცედურის ჩატარება, თავად კი შორიახლო დადგა და აინტერესებდა, როგორ შეასრულებდა დავალებას. დარწმუნდა მის დიდ პრაქტიკულ ცოდნაში, გამოიჩინა დიდი ადამიანობა _ წავიდა სამინისტროში და იქ დაწვრილებით მოახსენა ქეთევანის შესახებ. მიაღწია იმას, რომ ახალგახსნილ ინფექციურ განყოფილებაში დაენიშნათ მედდად, მაგრამ მას არც აქ გაუმართლა. მის ადგილზე ნაცნობობით სხვა დანიშნეს.
ქეთო იძულებით აღმოჩნდა პროზექტურაში და მთელი ცხოვრება ემსახურა ამ საქმეს. მისი აშშ-ში მცხოვრები მეუღლის შესახებ ვერაფერი დაადგინეს.
დებმა გაზარდეს ალექსანდრე (საშკა) კარგ ადამიანად. დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა, შემდეგ ბათუმის საზღავო პროფსასწავლებელი. მუშაობდა გემზე. ალალი და კეთილი იყო. მოულოდნელად გარდაიცვალა 2009 წელს. მას ორი შვილი დარჩა _ ქეთევანი და ილია.
ქეთის მეუღლეა მიხეილ მოწონელიძე. მათ ჰყავთ ძალიან ცელქი ბიჭუნა _ ლუკა. ილოს მეუღლეა ნინო იმნაძე. ჰყავთ ორი შვილი _ ალექსანდრე და ნატალია.
უფალმა გაამრავლოს, გააძლიეროს და დაიფაროს ეს ოჯახი…
მარინე ბარამიძე


