„კოპალა“ იყო გურული ქომაგების მარადონაც, პელეც და კრუიფიც… რა უთხრა იური სიომინმა „გურიას“ „საუკუნის მატჩის“ წინ ლანჩხუთური კლუბის ლეგენდას

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მარჯვნივ - ვახტანგ კოპალეიშვილი, გუნდურ ფოტოს წინა პლანზე: კოპალა გოჩა ტყებუჩავასა და ბესიკ ფრიდონაშვილთან ერთად („გურია“ - 1987 წ.,)

ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდაო, თუ ვიტყვით, ეს თემურ ჩხაიძესთან ერთად უპირველესად ვახტანგ კოპალეიშვილია _ 80-იანი წლების ტრიუმფალური შემადგენლობის ლიდერი და გურული ქომაგების სათაყვანებელი მოთამაშე. მან ბევრი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელებს და 1986 წლის მთავარ წარმატებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს ტანომრჩილი მოთამაშე ლანჩხუთის მთავარ არენაზე სასწაულებს სჩადიოდა და მუდამ აღფრთოვანებაში მოჰყავდა მრავლისმნახველი გურული ქომაგი. სულ „გურიაში“ 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ამპლუით ნახევარმცველმა 60-ზე მეტი გოლი გაიტანა… ამიტომაც გასაკვირა არაა, რომ „კოპალა“ აქაურებისთვის მარადონაცაა, პელეც და კრუიფიც.

20 წლის წინ, კლუბის 80 წლის იუბილეზე მას 1986 წლის 12 ნოემბრის მატჩის გახსენება ვთხოვე: „ძალიან რთული იყო საქართველოს მეორე გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევება. კიდევ უფრო რთული, უფრო სწორად, წარმოუდგენელი გახლდათ პატარა დაბის გუნდის გადასვლა. ჩვენი მეტოქე მოსკოვის „ლოკომოტივი“ იყო და მასთან მოგებით საგზურს ვინაღდებდით. საკავშირო ფედერაციამ ჯერ კიდევ თამაშამდე შეგვიქმნა პრობლემები _ ლანჩხუთში თამაშის უფლება არ მოგვცა. წინა ტურში რიგის „დაუგავას“ 2:1 მოვუგეთ და გახარებული ქომაგები მოედანზე გადმოვიდნენ. საკუთარ კედლებში თამაში სულ სხვაგვარად გვმუხტავდა, თუმცა, იმ დღეს, ბათუმში, სტადიონზე, მიუხედავად წვიმისა, ბევრი ხალხი მოვიდა. „ლოკომოტივს” მაშინაც იური სიომინი ავარჯიშებდა და გუნდს მწვრთნელის ხელი უკვე ეტყობოდა. მას ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროიდან ვიცნობდი, ნიჭიერი და გულიანი ადამიანი იყო. სხვათა შორის, თამაშის დღეს, ბათუმის „ინტურისტის” წინ ვნახე და მითხრა, გული მიგრძნობს, 0:1-ს წავაგებთო. მართლა ასე მოხდა _ ბესო ფრიდონაშვილის გოლით 1:0 მოვიგეთ და უმაღლეს ლიგაში გადავედით. მაშინ ჩვენი მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე იყო და ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. სხვათა შორის, მოლოცვა აფრიკის ქვეყნებიდანაც კი მივიღეთ. ეს იყო ჩვენთვის დიდი სიურპრიზი. ხალხი ბათუმიდან ლანჩხუთამდე ჩვენს ავტობუსს ესალმებოდა. დაუვიწყარი დღე იყო…“ _ გაიხსენა „გურიას“ ლეგენდამ.

„გურია“ – 1984 | ზედა რიგში, მარჯვნიდან მეოთხე – ვახტანგ კოპალეიშვილი

იგი 1954 წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში დაიბადა. ფეხბურთის თამაში 12 წლისამ გლდანის სპორტული პროფილის ინტერნატში დაიწყო და თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში განაგრძო ვარჯიში.

1973 წელს ამ სკოლის გუნდმა ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო მისი კაპიტანი ვახტანგ კოპალეიშვილი გახლდათ. ამავე სეზონში ახალგაზრდა, პერსპექტიული ჭაბუკი ალიოშა კოტრიკაძემ თბილისის „დინამოში“ აიყვანა, ძირითად გუნდში დებიუტი 1975 წელს ჰქონდა.

1976 წელს მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. 1976, 1977 და 1978 წელს კი საკავშირო პირველობის ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებს დაეუფლა. თბილისელთა შემადგენლობაში ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 84 (2 გოლი), თასის 16 (1), საერთაშორისო 23(3), მათ შორის ევროთასების 6 შეხვედრა.

1980 წელს, ალიოშა კოტრიკაძის ინიციატივით, უკვე „გურიაში“ ჩაირიცხა და მნიშვნელოვნად გააძლიერა გურული კლუბი. 1983 წელს ისევ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა. 1984 წელს შალვა კაკაბაძის წინადადებით, კვლავ „გურიის“ მაისურა მოირგო.

„ამ ნიჭიერი, ჩინებული მონაცემების მოთამაშის ტალანტმა ლანჩხუთში ახალი ძალით გამოანათა. 1986 წელს დიდი იყო მისი წვლილი „გურიის“ მიერ საკავშირო უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში. კარგად ასრულებდა დისპეტჩერის ფუნქციებს, „გურიის“ ტრიუმფალური სვლის დროს იგი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. გავიხსენოთ რიგის „დაუგავასთან“, ტაშკენტის „ფახთაქორთან“ მის მიერ ნათამაშები მატჩები. გულშემატკივრები ოვაციითა და ტაშით ხვდებოდნენ, დაუფარავად გამოხატავდნენ სიმპათიებს საყვარელი მოთამაშის მიმართ_ წერს „გურიას“ ლეგენდაზე კლუბის მეისტორიე მერაბ წულაძე ბეტსელერად ქცეულ წიგნში „წერტილი რუკაზე“.

1982 წელი, „გურია“ შეკრებაზე პიცუნდაში | ვახტანგ კოპალეიშვილიზედა რიგში, მარცხნიდან მესამე

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სამუშაოდ ბავშვთა ფეხბურთში წავიდა. წლების განმავლობაში წარმატებით უძღვებოდა საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს. მისი ხელმძღვანელობით 1997 წელს 17-წლამდელებმა პორტუგალიაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა. ხოლო 1999 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ბოლო დროს თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში მუშაობდა და ღირსეულ ცვლას უზრდიდა ქართულ ფეხბურთს. მისი აღზრდილები არიან – ჯაბა კანკავა, საბა კვირკველია, აკაკი ხუბუტია, აკაკი ღვინიანიძე, ზურაბ მენთეშაშვილი და სხვები.

ლანჩხუთელი ქომაგების კუმირი, ვახტანგ კოპალეიშვილი 10 წლის წინ, 2015 წლის თებერვალში გარდაიცვალა. „გურიას“ ლეგენდა მაშინ მხოლოდ 60 წლის იყო…

მამუკა ქანთარია

რას ჩივი?