დღეს ლანჩხუთის „გურიის“ ლეგენდის, გიგლა იმნაძის დაბადების დღეა. მას 70 წელი შეუსრულდა.
ეს არის ადამიანის ისტორია, რომელმაც ქართულ ფეხბურთში თავისი კვალი ჯერ როგორც გამორჩეულმა მეკარემ, შემდეგ კი წარმატებულმა მწვრთნელმა დატოვა.
1955 წლის 10 ივნისს ლანჩხუთში დაბადებულმა ფეხბურთთან მეგობრობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. 10 წლისაც არ იყო, ლანჩხუთის სპორტსკოლის კარი რომ შეაღო და ადგილობრივი ფეხბურთის ორმა ამაგდარმა, იმედო დუნდუამ და დანტეს ჯეჯელავამ სავარჯიშო მოედნის კარში მიუჩინეს ადგილი.
არც შემცდარან…
ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა მალე ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. სწორედ ამ თვისებებმა მიიყვანა იგი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებამდე… მაშინ იგი მხოლოდ 15 წლის იყო და რომ არა აპენციდიტის ოპერაცია, გუნდს გადამწყვეტ შეხვედრაშიც გაჰყვებოდა.
16 წლის იყო, „გურიას“ კარი რომ ანდეს. მალე კი, თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს…
1975 წელი მის კარიერაში განსაკუთრებული აღმოჩნდა. ერევნის „არარატთან“ ჩატარებული წარმატებული დებიუტის შემდეგ, 18 წლის მეკარემ თავი დარჩენილ შეხვედრებშიც ისე წარმოაჩინა, რომ საკავშირო ჟურნალ „სმენას“ ვერსიით, სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საუკეთესო დებიუტანტის პრიზი დაიმსახურა.
ეს აღიარება ლანჩხუთელი ფეხბურთელისთვის უდიდესი მიღწევა იყო.
1981 წელი შეიძლებოდა მისთვის ევროპული ტრიუმფის წლად ქცეულიყო. თბილისის „დინამოს“ ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გიგლა იმნაძე დიუსელდორფში გასამართი ისტორიული ფინალის განაცხადში უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებულმა მძიმე ტრავმამ მას ეს შანსი წაართვა.
ლავიწის ძვლის ამოვარდნის გამო ქართველი მეკარე იმ დიდი გამარჯვების უშუალო მონაწილე ვერ გახდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი მის კარიერაში, თუმცა სწორედ ასეთმა განსაცდელებმა გამოკვეთა მისი ხასიათის სიმტკიცე.
ამის შემდეგ, გიგლა იმნაძემ ყველაფერი მშობლიურ კლუბს მიუძღვნა. მისი დიდი დამსახურებაა, „სოფლის გუნდმა“ სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა. მანამდე გუნდს პირველ ლიგაში გადასასვლელადაც დაეხმარა…
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ გიგლა იმნაძემ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სამწვრთნელო საქმიანობას მოახმარა.
მისი ხელმძღვანელობით „გურიამ“ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული თასი მოიპოვა, ზედიზედ ორჯერ კი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სხვადასხვა დროს, იგი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა, ერთხელ ეროვნულ ნაკრებსაც ხელმძღვანელობდა (1998 წელს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ) და არაერთ ქართულ კლუბში წარმატებით მუშაობდა.
უკვე წლებია, „გურიას“ სამწვრთნელო შტაბშია და იმ დიდ გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობას, რომელიც თავად დიდი შრომით, წარმატებებითა და გამოწვევებით დააგროვა.
გიგლა იმნაძის ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთში გამარჯვება ტიტულებზე მეტად ერთგულებაა _ იმ საქმის, ქალაქისა და გუნდის მიმართ, რომელთაც მთელი ცხოვრება ემსახურები.
ვულოცავთ იუბილეს ლანჩხუთური ფეხბურთის ღირსეულ წარმომადგენელსა და „გურიას“ ლეგენდას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ.
მათე გურული






