„თხრილის პირას, მუხლებზე დგას, სისხლი სდის, წყნარად მიყურებს და ნელა გვერდზე წვება. მივცოცდი… გათავდა…“ _  ლანჩხუთელი უიარაღო გმირის ბოლო წამები

|

Loading

ფოტოკოლაჟი: ზალიკო და ტამიშის ომის ეპიზოდი

„თქვენ, ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება იქცე გმირად, როცა ბრძოლის ველზე მხოლოდ ერთი დღე გაატარე… თქვენ, ალბათ, არ გსმენიათ, ომის უარაღო გმირზე დაუნდობელ ბრძოლაში…“ _ამ სიტყვებით იწყება „მთავარი არხის“ სიუჟეტი უარაღო გმირზე, ლანჩხუთელ ზაალ მდინარაძეზე.

მის შესახებ უფრო მეტს გვიყვება არჩილ ხოფერია, ვისთან ერთადაც იბრძოდა ზაალი. მაშინ ლანჩხუთის ჯგუფის მეთაური 30 წლის წინანდელ ტამიშის ამბებს იხსენებს, რასაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ:

არჩილ ხოფერია

„ტამიში… ბოლო შეტევა…

დილას შვიდზე შევუტევთ… მომიტანეს ამბავი… საღამოს ზალიკო მოვიდა მდინარაძე, ლანჩხუთელი ბიჭი… ერთ წელზე მეტია ვიცნობ, უკვე მამამისსაც… ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ… მაგარი გულიანი და თბილი ბიჭია. დილას ქალაქის ცენტრში აქციები როცა იყო და კარავი გაშლილი, დილაობათ ყველა შეშას თვითონ აპობდა და ბურჟუიკას ანთებდა… მართლა გამიხარდა მისი გამოჩენა… მატარებელს ჩამოვყევიო,  მითხრა…

ზალიკო პატარა ბიჭი იყო ვერ ისვენებდა სახლში. ჩემთან ხუთ ბიჭთან ერთად და სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად ებრძოლა. იყვნენ უიარაღოდ. ერთ-ერთ მათგანს დიმიტრის მივეცი ავტომატი და ზაალს კი ავუხსენი, რომ შეტევის მერე თუ რამეს ვიშოვნიდი აუცილებლად მივცემდი იარაღს და სხვა ბრძოლაში წავიყვნადი. მე მას გავუფრთხილდი და მოვარიდე ბრძოლას.

… – დილას 7-ზე მოწყობა, ახლა ყველამ დაიძინოს.

შვიდზე მოწყობილები არიან…

ერთი კაცია, ამ დღეებში არ მომიკრავს თვალი. სადაა? _ ვკითხულობ, არავინ იცის…

სროლები დაიწყო, შტაბში მივირბინე, გარეთ არიან ისევ.

მარცხნიდან ვუტევთ? _ ვეკითხები.

ხო, _ მეუბნება გიგა (გელაშვილი _ რედ.).

_ არ ივარგებს, ჯობია მარჯვნიდან წავალ…

_ უკვე წავიდნენ _ ჯაბა (იოსელიანი _ რედ.) მეუბნება.

ჩვენები უკვე დაიძრნენ, მეორე ეშელონად… „პულიმიოტჩიკი“ ერთი ხანი იძახდა _ ახლა… ახლა… მერე ვერაფერი გავიგეთ.

უამრავი ხალხი ირევა, მე  4 კაცზე ავტომატები არ მაქვს… უკან მივბრუნდი, მოკლედ ვუთხარი, რაც უნდა გვექნა და ვიღაც ჩვენიანმა ავტომატი მოიტანა. არ მიკითხავს, საიდან არის. მერე ვკითხავ…

_ შენ, _ ვეუბნები გვარდიელთაგან ერთ-ერთს, ყველაზე სქელი კისერი ვისაც აქვს. აი, ჯონი შენ დაგეხმარება _ ვეუბნები მეტყვიამფრქვევეს, რომელიც სულ გადასალტულია ისედაც ლენტებით და ზურგზე დიდი  არმიული ზურგჩანთა კიდია ისიც სავსე ტყვიებით. სიხარულით გადააბარა ზურგჩანთა და ჩაიბარა დამხმარე…

_ კავშირი შეამოწმე, _ ვეუბნები ზურიკა მგელაძეს…

_ არ არის კავშირი. ორივე რადიოსადგური მწყობრიდან გამოვიდა, _ მეუბნება.

გავცოფდი… _ კარგი, გადაეცი შტაბს, რომ კავშირი არ გვექნება და წავედით…

აი, რაცია _ მეუბნება, თვალები უბრწყინავს, მოგისწარიო…

ქვევით დავეშვით, უკვე გაცხარებული სროლაა. არტილერიაც ისვრის კანტიკუნტად. პირველ ეშელონს წამოვეწივეთ. გზად ქუთაისლებს გადავყარე, აქ არ ველოდი, ათ კაცამდე არიან, არცერთს იარაღი არ ააქვს… ვახ ჩემი, უკან რამდენიმე ასეული კაცია და ესენი უარაღოდ…

ცუდი ამბავი შეემთხვათ ძალიან, რუსული სადესანტო ბრიგადის ტერიტორიაზე, რუსებმა ფული აიღეს, რომ იარაღი მიეყიდათ. ესენი შევიდნენ, თითქოს წასართმევად და იქ ჩასაფრება დახვდათ… ნაწილი დახოცეს, ნაწილი ტყვედ აიყვანეს…

რამეს ვიშოვნით იქ წინ… გავაგრძელეთ გზა და ზალიკოც წამოგვეწია. უფრო სწორად, ქოშინ-ქოშინით მოირბინა. აი, არჩილ, რაცია _ მეუბნება, თვალები უბრწყინავს, მოგისწარიო… დილას ჩვენი გასვლიდან ათ წუთში მოუტანიათ სრულიად ახალი რაციები. ჯაბა იოსელიანს უთქვამს – „ვინ არის მოხალისე, ვინ წაიღებსო რაციას ბიჭებთანო?“ და ზალიკოს გამოუთქვამს სურვილი.

რა თქმა უნდა, უიარაღოა. ვეუბნები, აქვე დარჩი. არა, წამოვალო! ისეთი თვალებით მიყურებს, უარი ვერ ვუთხარი… კარგი, ფეხდაფეხ მომყვები, ფეხდაფეხ, ზურგს უკან…

უკვე გააფთრებული ცეცხლია, გვესვრიან ყველა მხრიდან. საშინელი ცეცხლის სიმჭიდროვეა… მთავარი ქარსაფარის ბოლო თხრილია, არც ისე ღრმა, მაგრამ მათგან 50-60 მეტრში თავის შეფარება შეიძლება… საიდანაც ზეწოლას გავაძლიერებთ და ბოლო ნახტომისთვის მოვემზადებით.

სადღაც ორასი მეტრი მაინცაა გასარბენი. მწკრივს გადავხედე, წამოვდექი და ზალიკოც უკან ამომიდგა… წავედით… იწვის, მგონი, ყველაფერი, ყველაფრიდან ისვრიან… ვისვრი… მწკრივი დაირღვა, ვიღაცები არ ადგნენ, ვიღაცები ჩაწვნენ, ვიღაცაები უტევენ…

ვისვრი განუწყვეტლივ… უკვე მეორე მივაერთე… ეს ქარსაფარიც რომ არ მოახლოვდა, არადა, თითქოს სულ ორასი მეტრია… მგონი, მივაღწიეთ და მთელი პირველი მწკრივი, მგონი, ერთად აღმოჩნდა თხრილში…

ზალიკო? უკან მოვიხედე, ზედ თხრილის პირას, ერთ მეტრში მუხლებზე დგას, სისხლი სდის პირიდან, წყნარად მიყურებს თვალებში და ნელა გვერდზე წვება… მივცოცდი. გათავდა…“.

ასევე წაიკითხეთ: „დავინახე, როგორ დაწვა ხესთან… ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა. პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია“ (იხ. ბმული https://shorturl.at/QmogR)

რას ჩივი?