თამაში მესხის, იამანაძის, კოტრიკაძის, დათუნაშვილის მხარდამხარ და 50 წელი ლანჩხუთის ბავშვთა ფეხბურთის სამსახურში… მწვრთნელი, რომელმაც „გურიას“ ლეგენდები აღუზარდა

|

Loading

ლანჩხუთში მომავალი თაობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვს დანტეს ჯეჯელავას _ ზრდილობითა და პატიოსნებით გამორჩეულ, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ცხოვრებაში.

იგი 1936 წლის 23 ივლისს თბილისში დაიბადა. სიყმაწვილეში 35-ე საფეხბურთო სკოლაში მიხეილ მესხთან, შოთა იამანიძესთან, სერგო კოტრიკაძესთან და შემდგომში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, ოტია ჟორდანიას, გაიოზ ჯეჯელავას, მიხეილ ბერძენიშვილისა და არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით ხვეწდა სათამაშო კლასს.

იმ დროს ლეგენდარული 35-ე სკოლა მთელ საბჭოთა კავშირში ქუხდა და მასში მოხვედრაზე ყველა ბიჭი ოცნებობდა. თუმცა ამისათვის მარტო სურვილი არ იყო საკმარისი. აუცილებლობას საფეხბურთო მონაცემების შემოწმება წარმოადგენდა. დანტესი პლეხანოვზე ცხოვრობდა და მუშტაიდის ბაღში მდებარე, მინი-მოედანზე მთელი დღე ბურთს დასდევდა. ეტყობა, ამ გარემოებამ მისი ნიჭის გამოვლენას დიდად შეუწყო ხელი და ტესტირება წარმატებით გაიარა.

1954 წელს, ნიჭიერი, იმედისმომცემი ჭაბუკი არჩილ კიკნაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აიყვანა და თანატოლთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. სეზონის მიწურულს ამ ნაკრებიდან მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, თენგიზ მელაშვილი და დანტეს ჯეჯელავა თბილისის „დინამოს“ დუბლებში მიიწვიეს. იქ დანტესმა ორი წელი გაატარა.

ცოტა ხანში ოჯახური პირობების გამო, ქუთაისში გადავიდა და ადგილობრივ  ბავშვთა და მოზარდათა სპორტულ სკოლაში, ვახტანგ ერქომაიშვილთან განაგრძო ვარჯიში. ენერგიული, პერსპექტიული ნახევარმცველი სწრაფად შეამჩნია უშანგი სალდაძემ და ქუთაისის „დინამოში“ აიყვანა. 1955 წელს, ამ გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

1957 წელს ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქუთაისის „ლოკომოტივი“ ჩამოყალიბდა, რომელიც 1959 წელს „ტორპედოდ“ გარდაიქმნა. სახელოვანმა სპეციალისტმა იქ ისეთ ძლიერ მოთამაშეებს მოუყარა თავი, როგორიც იყვნენ: ილია დათუნაშვილი, რამაზ ურუშაძე, გურამ ცხოვრებოვი, ლევან ჟორდანია, სოხუმელი სარქის ოვოვიანი (შემდგომში ერევნის „არარატისა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი) და სხვ. მათ შორის დანტეს ჯეჯელავაც გახლდათ.

საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი _ ლანჩხუთის „გურია“ (1959წ.)
მარცხნიდან: დემურ (თახო) მენაღარიშვილი (კაპიტანი), შალვა ბურჭულაძე, ნოდარ ჩხაიძე, დანტეს ჯეჯელავა, ტრისტან იოსელიანი, ლერი მამფორია, თამაზ კვირკველია, ლეო გორდელაძე, შალვა კაკაბაძე (მოთამაშე-მწვრთნელი), უშანგი უშანგიშვილი, ნოშრე ნარიაშვილი

იმ დროს საკავშირო „ბ“ კლასში ტაშკენტის „ფახთაქორი“, ალმაათის „კაირატი“, ბაქოს „ნეფტიანიკი“, ერევნის „არარატი“ და სხვა დიდი ქალაქების გუნდები გამოდიოდნენ.

1959 წელს, დანტესმა შალვა კაკაბაძის ინიციატივით ლანჩხუთის „კოლმეურნეს“ მაისური მოირგო და ამავე წელს საქართველოს პირველობის ბრინჯაოს, ხოლო 1960 წელს ვერცხლის მედალს დაეუფლა. 1961 წელს, მუხლის ტრავმის გამო, ექვსი თვე მოსკოვში, ცნობილ ტრავმატოლოგ ზოია მირონოვას კლინიკაში გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს. მწვანე მინდორს 1962 წელს დაუბრუნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ზამთრის საფეხბურთო არდადაგების დროს, დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს, სახლში ფეხით მიმავალს, ავტომანქანა დაეჯახა და იძულებული გახდა, ფეხბურთის თამაში მიეტოვებინა.

ალბათ, ღვთის ნება იყო, რომ გურიაში დროებით ჩამოსული ფეხბურთელი ჩვენს ქალაქში დაფუძნდა. საკუთარი ბედი ლანჩხუთელ ლამარა თვალავაძეს დაუკავშირა და კარგი ქართული ოჯახი შექმნა.

60-იანი წლების შუაში, სამუშაოდ ბავშვთა ფეხბურთში წავიდა და ათეული წლების განმავლობაში რუდუნებით ემსახურებოდა ნორჩი ფეხბურთელების აღზრდისა და დაფრთიანების საქმეს. მისი აღზრდილი არიან „გურიას“ ლეგენდები: თეიმურაზ ჩხაიძე, გია თავაძე, გია იმნაძე, რეზო ხოფერია, გიგა კვერენჩხილაძე და სხვები.

შეიძლება ითქვას, რომ დანტეს ჯეჯელავამ ლანჩხუთში ისეთივე როლი ითამაშა, როგორიც კარლო ხურციძემ – ქუთაისში, ქართული ფეხბურთის ღირსეული ცვლის მომზადების საქმეში.

2014 წლის 29 ივლისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომავალ წელს დანტეს ჯეჯელავა 90 წლის გახდებოდა…

ლანჩხუთში სახელოვანი მწვრთნელის ხსოვნის პატივსაცემად საფეხბურთო სკოლამ, სადაც ღვაწლმოსილმა სპეციალისტმა თითქმის 50 წელი იმუშავა, მისი სახელობის თასის გათამაშებას ჩაუყარა საფუძველი.

სტატია მომზადებულია მერაბ წულაძის წიგნის – „წერტილი რუკაზე“ მიხედვით

რას ჩივი?