მთავარი ფოტოკოლაჟი | ამირან სევასტოპულო „გურიაში“, შვილთან ერთად და „მაღაროელის“ ლეგენდა; ისტორიული კადრები ყაზანიდან _ ტაბლო მატჩის ბოლოს და „გურია“ მატჩის წინ; დახვედრა კოპიტნარის აეროპორტში
ლანჩხუთში ძალიან უყვართ და არა მხოლოდ ისტორიული გოლის გამო. ამირან სევასტოპულო მხოლოდ 2 სეზონის მანძილზე თამაშობდა „გურიაში“, თუმცა გულშემატკივრებს ძალიან შეაყვარა თავი და ამ ქალაქში ყოველთვის საპატივცემულო სტუმარია. ლანჩხუთელთა სიძეცაა და აქაურთა სიყვარულიც, ალბათ, ამიტომაც არის მოჭარბებული.
მისი შვილი _ დავითიც თამაშობდა „გურიაში“… საინტერესოა, რომ ამირანის მამა _ ალგიც ფეხბურთელი გახლდათ და ჭიათურის „რუდას“ ღირსებას იცავდა. ახლა სევასტოპულოების საფეხბურთო დინასტიას იოანე აგრძელებს, რომელიც ასევე „ათიანია“ და უკვე ავლენს ბომბარდირულ თვისებებს.
… 1979 წლის 28 ოქტომბერს, „გურიას“ ყაზანში იქაურ „რუბინთან“ ჰქონდა გადამწყვეტი მატჩი _ გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი სსრკ-ის პირველ ლიგაში გადადიოდა.
დღე საღამოსკენ გადაიხარა თუ არა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე „გურიას“ ათასობით თავგამოდებულმა გულშემატკივარმა იწყო თავშეყრა. საქალაქთაშორისო ტელეფონის მორიგე პირდაპირ ალყაში იყო მოქცეული. გულშემატკივრები მალ-მალე კითხულობდნენ ამბავს და რადგან ყაზანიდან ზარი აგვიანებდა, მათ სახეებზე თითქოს სასოწარკვეთა იწერებოდა.
ქალაქის მოედანზე კი თანდათან კიდევ უფრო იზრდებოდა ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი. აქ იყვნენ ყველა ასაკის ადამიანები ქალაქის ყველა ქუჩიდან თუ მიმდებარე სოფლებიდან.
და სასურველი ზარიც გაისმა… ხაზზეა ყაზანი…

1979 წლის 29 ოქტომბერი | ყაზანში „გურიას“ ცუდი ამინდი დახვდა _ თოვდა და ტემპერატურა მინუს 5 გრადუსს აჩვენებდა
„გურიამ“ ბოლო წუთებზე გაიტანა და პირველ ლიგაში გადავიდა!
ქალაქში ვაშამ და აღტაცების ყიჟინამ გადაიგვირგვინა, მერე დაიწყო დღესასწაული _ იმპროვიზებული სანახაობა, რომლის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებენ ვერც მონაწილენი და ვერც მნახველები.
იყო ცეკვა-თამაში, ტაშს უკრავდნენ გამარჯვებულებს, რომლებიც, ამ დროს, ალბათ, ყაზანის ერთ-ერთ სასტუმროში, დაძაბული მატჩის შემდეგ, ასევე ზეიმობდნენ…
„გუ-რი-ა!“, „გუ-რი-ა!“ _ ქუხდა ქალაქი. ფრიალებდა დროშები…
მათ სიხარულს მთელი ქალაქი უერთდებოდა. ქუჩაში გამოფენილიყვნენ ბავშვები, დიასახლისები, მოხუცები, ქალიც და კაციც… ყველას უხაროდა _ პატარა ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ქალაქი გახდა!
ზეიმი მეორე დღესაც გაგრძელდა… ლანჩხუთელი ქომაგები კოპიტნარის აეროპორტისკენ დაიძრნენ სათაყვანებელი გუნდის დასახვედრად. ავტომანქანების მრავალრიცხოვანი კოლონა ლამაზი ტრანსპარარანტებით, მშვიდად მიირწეოდა აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე.
მგზავრები, რომელთა მარშუტები მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის ყველა მიმართულებით იშლებოდა, გაოცებული კითხულობდნენ _ ამდენი ხალხი ასე საზეიმოდ ვის ხვდებაო.
გურულები „გურიას“ ხვდებიან _ პასუხობდნენ იმერელი მასპინძლები.
როგორც იქნა, მოახლოვდა დაფრენის დრო… თვითფრინავი ბილიკზე დაეშვა, აეროპორტი ყიჟინამ მოიცვა…
ტრაპიდან სათითაოდ ჩამოდიან სახეღიმილიანი ბიჭები _ შუხუთელმა მოსწავლეებმა ყვავილების თაიგულები მიაგებეს მათ.
„გუ-რი-ა!“, „გუ-რი-ა!“ _ ქუხდა მოსაცდელი დარბაზი. ფეხბურთელებმა ზღურბლზე გადააბიჯეს თუ არა, ჭაბუკებმა ხელში აიტაცეს ისინი და სათითაოდ მიიყვანეს ავტობუსამდე. ბოლო არ უჩანდა მილოცვებსა და ხვევნა-კოცნას, თავაწყვეტილი, დაუოკებელი სიხარული დუღდა ყველა იქ მყოფის გულში _ „გურია პირველ ლიგაშია“ ერქვა ამ სიხარულს.
შემდეგ კოლონა ლანჩხუთისკენ დაიძრა. გზისპირა სოფლებში ხალხი გამოფენილიყო, ხელს უქნევდნენ და ესალმებოდნენ ფეხბურთელებს.
_ გამარჯვებით გევლოთ! _ მოსძახოდნენ აქეთ-იქიდან…

1979 წლის 29 ოქტომბერი | ევგრაფ შევარდნაძე (მარცხნიდან პირველი) კოპიტნარში ფეხბურთელებს ხვდება
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა საზეიმი დახვედრა. „გურიამ“ შორს გაიტანა ქალაქის სახელი. საბჭოთა კავშირის უზარმაზარი ტერიტორიის მრავალ კუთხეში ახლა უკვე მილიონობით ადამიანმა დაუწყო ძებნა წერტილს, რომელსაც ჩვენთვის ძვირფასი სახელი _ ლანჩხუთი ერქვა…
რა თქმა უნდა, „გურიას“ ისტორიული წარმატება ყველას დამსახურებაა _ გუნდის მესვეურებითა და რაიონის ხელმძღვანელებით დაწყებული, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით გაგრძელებული და თავგადაკლული გულშემატკივრებით დამთავრებული, მაგრამ განსაკუთრებული იყო ამირან სევასტოპულოს წვლილი…
მაშინ, როცა „გურია“ სასურველ შედეგს ვერ აღწევდა და დროც იწურებოდა, თითქმის სასოწარკვეთილმა შალვა კაკაბაძემ მოთამაშეებს შესძახა _ თავით ვერ გაგაქვთ, ფეხით ვერ გაგაქვთ, ხელით მაინც გაიტანეთო…
რა თქმა უნდა, კლუბის ლეგენდარული მწვრთნელი ამას პირდაპირი მნიშვნელობით არ გულისხმობდა… არც ფეხბურთელს მიუღია პირდაპირ, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო, მეტოქის მეკარეს ბურთი ხელით გააგდებინა და…
რა თქმა უნდა, მცდარია ის მოსაზრება, რომ სევასტოპულომ გოლი ხელით გაიტანა _ მან ბურთი „რუბინის“ კარში ფეხით შეაგორა…
მასაც და „გურიასაც“ გაუმართლა _ მსაჯებმა ვერ თუ არ დაინახეს დარღვევა და შემდგომში ჭიათურის „მაღაროელის“ ლეგენდა მანამდე ლანჩხუთური კლუბის ისტორიაში ჩაეწერა…
ორმაგად ბედნიერი იყო ფეხბურთელი _ წინადღეს მას ქალიშვილი შეეძინა…
„გურია თუდეი“ ულოცავს „გურიას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყევლაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორს 70 წლის იუბილეს, წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
გამოყენებულია ნაწყვეტი მერაბ წულაძის წიგნიდან _ „წერტილი რუკაზე“


