ლანჩხუთში „გირჩის“ ლიდერი თორნიკე მითაიშვილი მადლობას უხდის ამომრჩეველს, ვინც მათ დაუჭირა მხარი.
„ყველაფრის ფონზე 648 ხმა მივიღეთ ლანჩხუთის მასშტაბით, რაც 5.087% -ია. მინდა აღვნიშნო სუფსის და მამათის განსაკუთრებული როლი ჩვენს წარმატებაში და მადლობა გადავუხადო ლანჩხუთის მოსახლეობას ნდობისთვის. წარმოუდგენლად მამაცი და მორალურად მართალი ხალხი ხართ. სწორედ ასეთი ადამიანების არსებობის გამო ვისურვე ამ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება, იმედი მაქვს, აქტიურად ჩაერთვებით და ინტერესით გავაგრძელებთ ჩვენს საკეთებელს. იმედია, მალე გახარებთ ერთი მანდატის მოპოვებას. ვისაც ჩვენი შესაძლებლობების არ გჯეროდათ და ჩვენი წარმატება არ გაგიხარდათ, იმათმა 200 ლარიანი კუპიურებით მოიწმინდეთ ცრემლები, თუ უკვე არ დაგიხარჯავთ“ _ წერს სოციალურ ქსელში თორნიკე მითაიშვილი.
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, მას ლანჩხუთის ახალი საკრებულოს წევრობა გარანტირებული აქვს. ასევე თითო წარმომადგენელი ეყოლება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“, ხოლო დანარჩენი 29 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.


