დღეს ლანჩხუთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ულამაზესი ქალბატონი _ ვენერა (ხატია) დუნდუა. დღევანდელმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ „გურიას“ ლეგენდარული დირექტორის, გულსუნდა (იმედო) დუნდუას და წარსულში წარმატებული ტანმოვარჯიშე გახლდათ. მან სხვებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქალაქში ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში, ჯერ როგორც სპორტსმენმა და შემდეგ _ როგორც მწვრთნელმა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ვენერას გარდაცვალების გამო და მისი ხსოვნის პატივსაცემად, გთავაზობთ 2015 წლის აპრილში გაზეთ „ლანჩხუთი მოამბეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ლანჩხუთში სპორტული ცხოვრების, გამორჩეულად კი, ტანვარჯიშის სექციის ჩამოყალიბებისა და ისტორიის შესახებ:
ლანჩხუთის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა სათავეს გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოდან იღებს. მისი დაფუძნება ლეგენდარული მოჭიდავისა და მწვრთნელის, ვალერიან (ვალიკო) ცინცაბაძის სახელს უკავშირდება.
იგი დაიბადა 1916 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო 1932 წელს თბილისში, პავლე კობაიძის ხელმძღვანელობით. 1933 წელს თბილისის პირველობაზე ბრინჯაო, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში მოიპოვა ვერცხლის მედალი.
1935-ში ტოლი არც თბილისში ჰყავდა და არც საქართველოში. 1936 წელს უძლიერესი იყო მთელს ამიერკავკასიაში. მომდევნო წელს მეორედ დაეუფლა რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტულს და მიენიჭა საქართველოს ფალავანის წოდება.
1937-ში დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმი და რაიონში დაბრუნდა. მრავალმხრივი აღმოჩნდა ამ ჩინებული სპორტსმენის, მწვრთნელისა და ორგანიზატორის საქმიანობა. არქივში დაცულია ხელშეკრულება ლანჩხუთის მაშინდელი სპორტკავშირის თავმჯდომარის ევგენი თავართქილაძესა და ვალიკო ცინცაბაძეს შორის, რომლითაც ეს უკანასკნელი იღებს ვალდებულებას მოამზადოს სპორტული ტანვარჯიშის ორი წრე. ამ დროს იგი განათლების განყოფილების ინსპექტორი გახლდათ. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლანჩხუთის „აგურის კლასის“ და პედაგოგიური ტექნიკუმის ფიზკულტურის მასწავლებლად.
1938 წელს რაიონული გაზეთი „დამკვრელი კოლმეურნე“ წერდა: „ლანჩხუთის ტექნიკუმში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს ამხ. ვალიკო ცინცაბაძე, რომელმაც ენერგიული და თავდადებული საქმიანობით ფიზკულტურა სათანადო სიმაღლეზე დააყენა: გადაჭარბებით იქნა შესრულებული მშთ და მშთ საკონტროლო დავალებები და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამხ. ცინცაბაძე ხშირად გამოსასვლელ დღეებშიც მუშაობს და ამეცადინებს სპორტის მოყვარულ ახალგაზრდებს. მისი ინიციატივით დაარსდა სასპორტო სკოლა, რომელსაც თვით ამხ. ცინცაბაძე ხელმძღვანელობს. მოკლე დროში სკოლამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ამასთან ერთად ამხ. ცინცაბაძე ქართული ჭიდაობის ენთუზიასტია. მან დაარსა ქართული ჭიდაობის გუნდი. ეს გუნდი მიმდინარე წელს საქართველოს გუნდური პირველობის გათამაშების ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა“.

მიშა წილოსანი (შუაში) შეგირდებთან ერთად
ვალიკო ცინცაბაძემ სპორტსკოლის პირველი ჯგუფები გახსნა ქართულ ჭიდაობაში, სპორტულ ტანვარჯიშში, ფეხბურთში, მძლეოსნობაში, აკრობატიკაში, ძალოსნობაში, ველოსპორტში. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა, როგორც ყველგან, ლანჩხუთშიც ჩაკლა სპორტული ცხოვრება. სპორტსმენებმა ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვეს და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგნენ. ისინი ფრონტზე ისეთივე მამაცები იყვნენ, როგორიც სპორტულ სარბიელზე. სამწუხაროდ, ფაშიზმმა ბევრი მათგანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის დაიღუპა ვალერიან ცინცაბაძეც.
ომისშემდგომ რაიონში ფართოდ გაიშალა სპორტული მუშაობა. განსაკუთრებით გამოცოცხლდა სპორტული ტანვარჯიში. ამ სახეობის აღმავლობა კი ლანჩხუთში მიხეილ დიმიტრის ძის წილოსანის სახელთან ასოცირდება. იგი 1947 წელს მოვიდა სპორტული ტანვარჯიშის მასწავლებლად.
გივი სიხარულიძე (ლანჩხუთის სპორტული სკოლის ყოფილი დირექტორი 1946-53 წწ): „მიხეილ წილოსანი ლანჩხუთის რაიონის განათლების განყოფილების სასპორტო სკოლაში 1947 წელს, ბათუმის პედაგოგიური სასწავლებლიდან, მწვრთნელ-მასწავლებლად ჩემი უშუალო ინიციატივით იქნა გადმოყვანილი. დიდია მისი ღვაწლი ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისა და ჩვენი რაიონის ახალგაზრდების ფიზიკური წრთობისა და სპორტული ოსტატობის სრულყოფის საქმეში. 1953 წელს მიხეილი სათავეში ჩაუდგა სპორტსკოლას. მისი თაოსნობით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა. აშენდა სპორტული სკოლის ახალი კომპლექსი. იგი სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო პრინციპული, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, გულისხმიერი, სპორტსმენებზე თავგადადებული მასწავლებელი“.
50-იანი წლებიდან ლანჩხუთელი ტანმოვარჯიშე გოგონები და ვაჟები ღირსეულად იცავდნენ რაიონის პრესტიჟს რესპუბლიკურ პირველობებზე მეორე ჯგუფის გუნდებს შორის. 1953 წელს ლამარა მდინარაძე და თინა დოლიძე მოსკოვში, ფიზკულტურელთა საკავშირო პარადზე იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო ლამარა ჩხაიძემ 1957 წელს 7 ქალაქის შეხვედრის ჩემპიონი გახდა და შეყვანილ იქნა საქართველოს ნაკრებში. ამავე წელს რესპუბლიკის ჩემპიონობა მოიპოვა ბიძინა მოისწრაფიშვილმა და ნაკრებში ჩარიცხეს
ლამარა მდინარაძე: „ალბათ, მერვე კლასში ვიქნებოდი (1948-49 წ წ ), როცა სპორტდარბაზში (სადაც ადრე დავდიოდი) შესანიშნავი აღნაგობის მამაკაცი ვნახეთ. სპორტსკოლის დირექტორმა გივი სიხარულიძემ გაგვაცნო: „ეს კაცი თქვენი მწვრთნელი იქნება და ვნახოთ როგორ მოაწონებთ თავსო“.
ჩვენ ხომ მოგვეწონა, არც მას დავუწუნებივართ და დავიწყეთ სპორტულ ტანვარჯიშში დაოსტატება – გოგონებმა: თინა დოლიძემ, ირა ურუშაძემ, ნათელა ქავთარაძემ, ლამარა ჩხაიძემ და მე. ვაჟებმა: ვახტანგ ურუშაძემ, ვენე წერეთელმა, ბადრი ცქიტიშვილმა, თენგიზ მენაღარიშვილმა, ელგუჯა ჩხაიძემ, თამაზ გურგენიძემ ( ეიძლება ვინმე გამომრჩა, მაპატიოს). ჩვენს დროს ვარჯიშობდნენ მიშა მასწავლებლის პატარა ვაჟები – ზურაბი და ჯემალი.
ასე ჩავებით სპორტულ ტანვარჯიშში და ცოტა ხანში რესპუბლიკურ შეჯიბრებებში საპრიზო ადგილებისთვის გავმართეთ ბრძოლა. თუმცა ელემენტარული პირობები არ გვქონდა. მიშა მასწავლებელი გარდა იმისა, რომ გვამეცადინებდა, სპორტულ ინვენტარს თუ ფორმასაც თვითონ ეძებდა, აკეთებინებდა, წებავდა…გუნდს ერთნაირი ფორმა უნდა გვქონოდა. ყიდულობდა ნაჭერს, ეძებდა მკერავს და მზადდებოდა ჩვენი სპორტული ტანსაცმელი.
იმის გამო, რომ სპორტდარბაზი ვერ პასუხობდა მოთხოვნებს, მიშა მასწავლებელს ღონისძიებაზე წავლამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმის სპორტსკოლაში მივყავდით. იქ იხვეწებოდა ჩვენი ვარჯიშები და იწერებოდა ფურცლებზე მიშა მასწავლებლის მიერ შედგენილი, ლამაზი ილეთებით დამშვენებული, ნებისმიერი ვარჯიშები, რომლებიც შერჩეულ მუსიკაზე სრულდებოდა. იყო შემთხვევა, როცა თავისუფალ ვარჯიშში 9,8 ქულა მივიღე. ეს მისი დამსახურება იყო“.
პირველი თაობის ტანმოვარჯიშეები იყვნენ: ლამარა მდინარაძე, თინა დოლიძე, ირა ურუშაძე, ნათელა ქავთარაძე, ნადია ბუაძე, დემურ (თახო) მენაღარიშვილი, ვენე წერეთელი, ჟანი რუსია, ნოდარ ქინქლაძე, ვენე წერეთელი, ლერი ჯიბლაძე, გივი ჯიჯიეშვილი, ვახტანგ ურუშაძე, ლამარა ჩხაიძე, ცისანა საფარიძე, ნანა ებრალიძე, ბიძინა მოისწრაფიშვილი, გურამ ჩახვაშვილი, ბადრი ცქიტიშვილი, ციური სარჟველაძე, თენგიზ მენაღარიშვილი და სხვ.

ლანჩხუთელი ტანმოვარჯიშეები წარმატებით ასპარეზობდნენ
1953 წელს, მიშა წილოსანი სპორტსკოლის დირექტორად დანიშნეს, ამასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
50-იანი წლების მიწურულსა და 60-იანი წლების დასაწყისში ოსტატობის პროგრამით გამოდიოდნენ: ვენერა დუნდუა, ლალი ებრალიძე, ზოია ურუშაძე, თამაზ გურგენიძე, გულიკო ურუშაძე, თამაზ კუკულაძე, ზურაბ წილოსანი, ელგუჯა ჩხაიძე.
მომდევნო პერიოდში თავი გამოიჩინეს: ჯემალ წილოსანმა, გურამ ფირცხალაიშვილმა, გიორგი ბაუმმა, ციალა გაბედავამ, რამაზ ჟორდანიამ, მანანა ბარამიძემ.
60-70-იან წლებში ლანჩხუთის ღირსებას წარმატებით იცავდნენ: გიზო ურუშაძე, დარეჯან მაღლაკელიძე, დოდო თევზაძე, მარინა ცინცაძე, თამარ მათეოსიანი, რუსუდან ებრალიძე, ჭაბუკი თევზაძე. მარინა ბარამიძე, ნარგიზა იმნაიშვილი, ნინო ჯიჯიეშვილი, პავლე წერეთელი, სლავა ლუცენკო, ვალერიან ზენაიშვილი, თემურ ბოლქვაძე, ფაცია კოხოძე, ავთანილ დარჩია, მამული გოგუაძე, ნატო სარჯველაძე, გულიკო მექვაბიშვილი და სხვები.
1961 წელს, ლანჩხუთის №2 საშუალო სკოლის მეოთხე კლასის მოსწვალემ გიზო ურუშაძემ სპორტულ ტანვარჯიშში მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამ ფაქტს მაშინ გაზეთმა „ლელომ“ ვრცელი სტატია მიუძღვნა -„ყოჩაღ, გიზო“.
1969 წელს მოსწავლეთა რესპუბლიკურ სპარტაკიადაზე გოგონათა შორის პირველი თანრიგის ნორმატივი სულ ხუთმა შეასრულა. ამ ხუთიდან სამი ლანჩხუთელი იყო – დარეჯან მაღლაკელიძე, ნარგიზა იმნაიშვილი, თამარ მათეოსიანი.
1973 წლის ნოემბერში საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე ვაჟებმა მეორე ჯგუფის გუნდებს შორის დაიკავა მეორე, ხოლო გოგონებმა მესამე ადგილი. განსაკუთრებით ისახელა თავი პავლე წერეთელმა.
მოსწავლეთა რესპუბლიკის სპარტაკიადაზე მოზრდილთა შორის მეორე თანრიგში საქართველოს ჩემპიონი გახდა პროკობი წერეთელი. გოგონებს შორის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ნინო ჯიჯიეშვილმა.
ტანმოვარჯიშე გოგონებისა და ვაჟების დაოსტატებაში მიშა წილოსანს სხვადასხვა წლებში გვერდში ედგნენ მწვრთნელები: ლამარა ჩხაიძე, ვენერა დუნდუა, გულიკო ურუშაძე, ჯემალ წილოსანი, ზურაბ წილოსანი, თამაზ გურგენაძე, გიზო ურუშაძე, დარეჯან მაღლაკელიძე, რუსუდან ებრალიძე, ჭაბუკი თევზაძე, კანდიტ ჩხაიძე, თემურ ბოლქვაძე, ვალერიან ზენაიშვილი, ავთანდილ დარჩია, მარინა ცინცაძე…
ტანვარჯიშის სექციაში წლების განმავლობაში მუშაობდა აკომპანიატორი თალიკო ბერაია. სპორტსკოლის საქმის წარმოებას 30 წლის განმავლობაში უნარიანად წარმართავდა საქმეთა მმართველი თამარ ასათიანი. ქალბატონ თამარის გზას წარმატებით აგრძელებს ნანა ლურსმანაშვილი…
მთავარ ფოტოზე, მარცხნიდან: მიშა წილოსანი, გიზო ურუშაძე, ალეკო ხინთიბიძე, რამაზი (ხაპულია) ურუშაძე, მარინა (დოდო) თევზაძე, რუსუდან გვარჯალაძე და მარინე ბარამიძე [გადაღებულია თბილისში, სპორტული ტანვარჯიშის დარბაზში]


