„მადლობა იმ 1330 ადამიანს, რომლებიც ვერ დაგაშინეს, ვერც მოგისყიდეს, ნდობა გამომიცხადეთ მერის არჩევნებში, გჯეროდეთ არასოდეს მიგატოვებთ!“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ დავით ჩხაიძე.
იგი ასევე აზიარებს თავისი შვილის, აცანაში მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯუნა ჩხაიძის (პარტია „გახარია საქართველოსთვის“) მადლობის წერილს, რომელიც კრიტიკასაც არ იშურებს იმ თანასოფლელთა მიმართ, ვისაც მისთვის „გამარჯობის თქმაც გაუჭირდა“, თუმცა მადლიერია მათი, ვინც მის კონკურენტს გამოუცხადა ნდობა, მაგრამ „ადამიანობა არ დაკარგა“.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ყოველგვარი ქრთამის, ძალდატანების და იძულების გარეშე გამომიცხადეთ ნდობა და გჯეროდათ ჩემი. გულწრფელად მინდა თითოეული ჩემი თანასოსფლელი იმაზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე ამჟამად იმყოფება. მადლობა გულწრფელობისთვის სიყვარულისთვის, ნდობისთვის“ _ წერს ჯუნა ჩხაიძე.
იგი ასევე წერს: „მადლობა მათ, ვინც ჩემს ოპონენტს გამოუცხადეთ ღიად და დაუფარავად ნდობა, მაგრამ გულწრფელად გაგიხარდათ ჩემთან შეხვედრა და სიყვარულით მოვიკითხეთ ერთმანეთი, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა. ყველას ვერ და არ გვექნება ერთნაირი შეხედულებები და სტანდარტები, ეს ძალიან კარგად მესმის და ეს ასეც უნდა იყოს“.
ლანჩხუთის მერობის კანდიდატის შვილი პასუხობს გავრცელებულ ჭორს, თითქოსდა არჩევნებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ დასაქმებას დაჰპირდნენ და აკრიტიკებს ნაცნობებს, ვინც „შორიდან გამარჯობაც ვერ გაბედა“ და იმათაც, ვისი ბიულეტენიც არასწორად შევსების გამო გაბათილდა:
„ვინც თითქოს ვერ მიცანით და გამბედაობა არ გეყოთ, შორიდან მაინც გამარჯობა გეთქვათ, იმათ არ ვიცი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რაღაც თვითონაც უნდა გადაწყვიტოთ, დიდი-გოგო ბიჭები ხართ უკვე. იმ ხალხის ბედმა დამაფიქრა, ვისაც გეგონათ, რომ სამსახურს ვეძებ და 600 ლარიანი სამსახურისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება. რომელი ქართული სიტყვა მოგისადაგოთ? საერთოდ სად ხართ? ვინც მებოდიშებოდით და მარწმუნებთ, რომ მე ამირჩიეთ, მაგრამ თქვენი უცნაური საქციელით საპირისპიროს ამტკიცებდით, მინდა გითხრათ, რომ პირფერობა მაგრად ტეხავს. გულწრფელობა ღირსებაა და ვაფასებ. იმ ადამიანებთან მაქვს შეკითხვა, ვისაც ვერ გაეგო, სად რა გაეკეთებინა საარჩევნო უბანზე და ბიულეტენებში, ვერ გაერკვიეთ ქართულად დაწერილ ტექსტში, სისულელეები ჩაიდინეთ და თქვენი ხმები გაბათილდა. რატომ არ იცით წერა-კითხვა, აზრის გამოტანა ან ათამდე დათვლა მაინც? მეტი განათლება ერს!“ _ წერს აცანის მჟორიტარობის კანდიდატი.
დავით ჩხაიძე კი წერს: „გაყიდული საქართველო! 100 ლარი, იგივე „30 ვერცხლი“ _ მოყვასის ღალატის საფასური! ერთი ,,გაძღომის“ ფასად ნაყიდი ღირსება!“ და ასევე აღნიშნავს, რატომ არ ულოცავს კონკურენტს: „გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი თუ მას დამსახურებულად მოიპოვებ კონკურენტუნარიან გარემოში, მაშინ მილოცვა ღირსებაა გამარჯვებულისთვის!“ – წერს მერობის კანდიდატი.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, დავით ჩხაიძემ 1406 ლანჩხუთელის მხარდაჭერა მიიღო, რაც 11,51%-ია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი მესამედ გახდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ალექსანდრე სარიშვილი (10 805 ხმა, 88,49%). რაც შეეხება აცანის მაჟორიტარულ ოლქს _ ჯუნა ჩხაიძემ 89 ხმა (17,38%) მიიღო, ხოლო გამარჯვებულმა მაია ლომათაძემ („ქართული ოცნება“) – 423 (82,62%)


