1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარ სასაკლაოს ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის სიცოცხლე შეეწირა. „გურია თუდესთან“ ექსკლუზიურ საუბარში ნატოს და მაია გიორგაძე იხსენებს ოჯახის ტრაგედიას და ათწლეულების შემდეგ პირველად ყვება იმ გამოცხადებაზე, რომელიც მის გარდაცვლილ დას 9 აპრილს ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა:
_ ნატო იყო 29 წლის, რომ გარდაიცვალა, ყველგან წერია, თითქოს 23 წლის იყო, რაც შეცდომაა. დაუოჯახებელი იყო.
_ თქვენზე უფროსი?
_ კი, ჩემი გამზრდელი იყო პრაქტიკულად. ნატოც და ჩემი ძმა, რომელიც ასევე გარდაცვლილია, ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ. ნატო 14, ხოლო ჩემი ძმა გოდერძი კი – 15 წლით. 9 აპრილი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის განსაკუთრებულია. დღეს, როცა დედა და მამაც გარდაცვლილები არიან, ეს დღე უფრო დიდი დატვითვით არის.
_ ამ ტრაგედიას მოესწრნენ მშობლები?
_ კი, რა თქმა უნდა. უფრო მეტიც, ჩემი ძმის გარდაცვალებასაც მოესწრნენ. ჩემი ძმა დაიღუპა 2007 წელს. აფხაზეთის ომიდან ჩამოვიდა დაჭრილი, 13 წელი ვუმკურნალეთ ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში მას ფეხი არ დაუდგამს მიწაზე. 2012 წელს დაიღუპა მამაჩემი და 2015 წელს დედაჩემი. ფაქტობრივად, ოჯახიდან ვარ დარჩენილი მე და ჩემი შვილები. ერთ-ერთს ჩემი დის სახელი ჰქვია.
_ რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?
_ 9 აპრილამდე ჩამოსული იყო სოფელში. აპრილის პირველი რიცხვები იყო. დედაჩემმა უთხრა, შვილო, დამშვიდდით, რუსები არიან, არ იცი, რას იზამენ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც დაგხოცონo. მშობელი უხსნიდა, ვინ იყვნენ რუსები და რა შეეძლოთ გაეკეთებინათ. ნატომ დოინჯი გაიკეთა, შემობრუნდა და უთხრა: „რა, დედაა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება“; დედას ცრემლები წამოუვიდა. „ერთადერთი რაზეც შეიძლება გული დამწყდეს, შენ მეცოდები, თორემ მე ბედნიერი ვიქნები, თუკი სამშობლოსთვის დავიღუპები“ – მიუგო ნატომ. მანამდე ერთი წლით ადრე ნახა გამოცხადება, არ ეძინა, იწვა: გამოეცხადა თეთრებში ჩაცმული მამაკაცი, რომელმაც ზუსტად უთხრა, წელი, რიცხვი, თუ როდის წავიდოდა ამქვეყნიდან. ეს არ იყო პირველი გამოცხადება, ადრეც გამოეცხადა. შემდეგ გამოეცხადა და უთხრა: ჯერ არ არის ამის დრო, შენ ამ და ამ დროს წამოხვალ ჩემთანო. ჩვენ არ გვითხრა თარიღი, დაგვიმალა.
_ რა არის თქვენთვის 9 აპრილი?
_ ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის გაორმაგებული გრძნობის დასაწყისია. იმიტომ, რომ ეს იყო სულისშემძვრელი ტკივილი, გამწარების და ამავე დროს დიდი სიამაყის. ეს იყო ორივე ერთდროულად. ახალგაზრდა ადამიანი რომ გარდაიცვლება, ოჯახს რჩება მწუხარება, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერმა დაგვიტოვა სიამაყეც. ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს. პირველი მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო დამოუკიდებლობისთვის ჩვენს ეპოქაში, თორემ მანამდე ბევრი ასეთი იყო, ეს იყო სწორედ 9 აპრილს.
_ თქვენი და თბილისში რას აკეთებდა?
_ ის მუშაობდა, სტუდენტი არ იყო. რადიოქარხანაში მთავარი ინჟინერი გახლდათ. გეპეი ჰქონდა დამთავრებული. მანამდე სხვაგან მუშაობდა, კვლევით ინსტიტუტში. იქ იმიტომ გადავიდა, რომ ბინას აძლევდნენ.
_ აქციაზე შემთხვევით მოხვდა?
_ არა. ნატო მთელი მისი სტუდენტობის პერიოდიდან დაწყებული თუკი რაიმე ეროვნული აქცია იყო, ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. ის იყო ამ აქციის მონაწილე. ძალიან დიდ პატივს სცემდა მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ირაკლი ბათიაშვილს, გია ჭანტურიას. ოჯახმაც ვიცოდით, რომ ნატო ამ აქციებზე დადიოდა. ცოტა გადახვევას გავაკეთებ: სამივე ამ სიტუაციაში ვიყავით ჩართულები. ნატო დაიღუპა 9 აპრილს, ჩემი ძმა აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ და მე თვითონ 1990 წლიდან ყველა ეროვნული მოძრაობის აქციის თანამონაწილე ვარ. არასდროს მისარგებლია, რომ ვარ ნატო გიორგაძის და.
_ 9 აპრილს დაღუპული გმირების გვიან დაფასება ხომ არ მომხდარა?
_ ვიტყვი ერთ რაღაცას, ნამდვილად არ არიან იმ დონეზე დაფასებული, როგორც უნდა იყვნენ. ამასაც ავხსნი. არის თაობა, რომლებმაც იციან, თუ ვინ არის ეს ხალხი. მე შვილიშვილები მყავს, მათ არ იციან, რა მოხდა. კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან გმირები, თავი შეწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არსად არ ჩანს, არსად არ წერია. ამას არ შველის მხოლოდ და მხოლოდ 9 აპრილს გახსენება. 1989 წლის შემდეგ ამდენი ხელისუფლება შეიცვალა და ერთადერთი, 25 წლისთავი რომ იყო, მაშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიჭა ამ 21 გარდაცვლილს წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი და გადასცა მათ ოჯახებს. ერთადერთი აღიარება 30 წლის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ესაა. არ მიყვარს ზოგადად ამ თემაზე ლაპარაკი, უფრო თავისუფლად ვიტყოდი, ჩემი ოჯახის წევრს რომ არ ეხებოდეს. რატომ არ უნდა ისწავლებოდეს, რატომ არ უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ, ვის სიცოცხლის ფასად მოვიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა. გაგვახსენდება 9 აპრილს და გავალთ საფლავზე, ეს არ კმარა. ამ ყველაფერს აქვს ერთჯერადი აქტის სახე. მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები საფლავზე, ჩემთვის არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, რომ მე თვითონ ხელისუფლებაში ვარ (ქალბატონი მაია გახლავთ ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე), შეიძლება, ჩემს ადგილზე, ვიღაცამ არ თქვას საერთოდ, ამ პოზიციიდან არ ვამბობ – არა, არ შვენის ამ ყველაფერს ეთჯერადი თუნდაც საფლავზე მისვლა, თუნდაც გახსენება. რომ არა ეს ადამიანები, შეიძლება დღეს არ ყოფილიყო ის მდგომარება, რაც გვაქვს ქვეყანაში.
